ოჯალეშის გასაჭირი და „გლეხის დაკოჟრილი მუშტი“

ოჯალეშის გასაჭირი და „გლეხის დაკოჟრილი მუშტი“

რთველი როგორ დასრულდა, ამის შესახებ ხელისუფლებას დიდი ტრაბახი და თავის მოწონება ჯერ არ დაუწყია. როგორც ჩანს, ქვეყანაში ამ მხრივ პრობლემები საკმაოდ ბევრია. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კარლო კოპალიანი ერთ-ერთ პრობლემად ოჯალეშის სუბსიდირების საკითხს ასახელებს.

 

პრობლემა ის არის, რომ ცაგერის რაიონში თოვლი უკვე მოსულა და გლეხები, დაუფინანსებლობის გამო, ოჯალეშის ჯიშის ყურძნის დაკრეფას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ. როგორც კოპალიანი აღნიშნავს, მოსახლეობამ ყურძენი რომც დაკრიფოს, მის მოხმარებას ვერ შეძლებს, რადგან ამ ყურძენს არავინ იბარებს, მიუხედავად იმისა,რომ ამ ყურძნისგან საკმაოდ ძვირფასი ღვინო მზადდება.

 

ეს განცხადება კოპალიანმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ უკვე სამი წელია, უშედეგოდ ითხოვს ხელისუფლებისგან უნიკალური ჯიშის ოჯალეშის სუბსიდირებაც ისევე მოხდეს, როგორც რქაწითელის, საფერავის და ხვანჭკარას შემთხვევაში ხდება.

 

როგორც იგი განმარტავს, „ოჯალეში“ ცაგერის რაიონის მხოლოდ ორ სოფელში მოდის, გაშენებულია ფერდობზე და მისი მოვლა საკმაოდ რთულია. დეპუტატი იმასაც იხსენებს, რომ 2003 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინაასაარჩევნო კამპანია სწორედ ოჯალეშის სამშობლოდან, სოფელ ორბელიდან დაიწყო, თუმცა მას შემდეგ ეს სოფელი აღარავის გახსენებია.

 

კარლო კოპალიანს ადგილობრივმა მოსახლეობამ ისიც აცნობა, რომ თუ ხელისუფლება მათ იგნორირებას გააგრძელებს, აქციებს გამართავენ და მაგისტრალსაც გადაკეტავენ.

 

„არავის ვურჩევ, მოხვდეს გლეხის დაკოჟრილი მუშტი,“ -განაცხადა კოპალიანმა და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ჭაობების დაშრობის უტოპიური მიზნებით კი არა, არამედ ქვეყანაში უნიკალური ჯიშების გადარჩენით უნდა იყოს დაკავებული.

 

სწორედ ამიტომ კოპალიანი ოჯალეშის ჯიშის ყურძნის განადგურების საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს.

გასაკვირი არ არის, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არც მთავრობას სურს და არც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში დაინტერესებულა ვინმე.

 

შესაბამისად, უცნობია, ეს საკითხი როგორ შეიძლება გადაწყდეს. თუკი იმ ფაქტორს გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ხელისუფლება გარკვეული სუბსიდიებით ცდილობს, ლოგიკური იქნება, რომ ამ ორი სოფლის პრობლემაც ამ მეთოდით გადაიჭრას.

 

აღსანიშნავია, რომ სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. ნაწილი მიიჩნევს, რომ სუბსიდირება ეკონომიკის განვითარებას აფერხებს, ნაწილი კი თვლის, რომ გარკვეული დარგების განვითარებისთვის მთავრობის დახმარება აუცილებელია.

 

საქართველოში კი სუბსიდირებას უფრო მეტი მომხრე ჰყავს. როგორც „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, „იმისთვის, რომ ეს ჯიში განადგურებისგან გადარჩეს და მოსახლეობა საერთოდ უსახსროდ არ დარჩეს, სუბსიდირება აუცილებელია“. ამასთან, ტყემალაძის თქმით, ის საკითხიც მნიშვნელოვანია, სხვა ჯიშების პრობლემა სუბსიდირებით მოგვარდა თუ – არა. მაგრამ ხელისუფლებას ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ უნდა.

 

სხვათაშორის, 2007 წელს რაჭაში ყურძნის მოსავლის სუბსიდირების საკითხი „ახლებმა“ დააყენეს. მაშინ დავით საგანელიძის ამ მოთხოვნას საკმაოდ კატეგორიული უარი მოჰყვა. მაგრამ ამ განცხადებიდან სულ ცოტა ხანში, 7 ნოემბრის აქციების შემდეგ, რაჭაში ყურძნის სუბსიდირების საკითხი თავად ხელისუფლებამ წამოჭრა და ამისთვის თანხებიც უპრობლემოდ გამოიძებნა.