ინტერვიუ „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილთან
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ქართუ ჯგუფსა" და "ქართუ ბანკში" ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს, აგრეთვე აქციების 21.7%-ს "პროგრეს ბანკში” ყადაღა დაადო. რამდენად ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო?
– ნამდვილად არ მაქვს იმის პროგნოზი, თუ სადამდე შეიძლება მივიდეთ, რადგან აბსოლუტურად გამოსულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხვალ ან ზეგ, არავინ იცის. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წილები „ქართუ ბანკში“ და „ქართუ ჯგუფში“ დაყადაღებულია. ამ დროს არაერთხელ განვაცხადე, რომ „ქართუ ბანკის“ 100% წილის მფლობელი არის „ქართუ ჯგუფი“ და ბიძინა ივანიშვილს არც ერთი პროცენტი არ აქვს. არც ქართუ ჯგუფში ფლობს ივანიშვილი აქციებს და ვის რას უყადაღებენ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
– ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ქართუ ბანკის პირველი კვარტლის მონაცემებია გამოქვეყნებული, სადაც მეწილეებში წერია – „ბენეფიციარი ბიძინა ივანიშვილი – 100%“. ეს რას ნიშნავს?
– ბენეფიციარი მფლობელი აქციების უშუალო ფლობასთან არავითარ კავშირში არ არის. მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს ბენეფიციარობას, როგორც პირს, რომელსაც აქვს უფლება ამ კონკრეტული იურიდიული პირიდან მიიღოს შემოსავალი, ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი. ანუ ოფიციალური განცხადებით, ბატონი ბიძინა იყო ბენეფიციარი მფლობელი. არსად არ წერია არც აქცია და არც წილი. რაც მთავარია, აქციების მფლობელები რეგისტრირებულია და მათი ვინაობა ცნობილია.
– ანუ დღეს „ქართუ ბანკის“ აქციების მფლობელი არის „ქართუ ჯგუფი“ და „ქართუ ჯგუფის“ მეწილეები არიან სხვადასხვა კომპანიები და პირები, რომელთა ვინაობაც ცნობილია? როგორია სქემა?
– ქართუ ბანკის 100% წილის მფლობელი არის „ქართუ ჯგუფი“. ბიძინას როგორ უნდა დაუყადაღონ ის, რაც არის „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში, ნამდვილად არ მესმის. რაც შეეხება „ქართუ ჯგუფის“ მფლობელებს, ადრე ექვსი კომპანია იყო. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არაფერს აღარ ფლობს, ჩვენ მივმართეთ საჭირო სტრუქტურებს და იმედი გვაქვს, რომ დღე–დღეზე მივიღებთ ოფიციალურ დამადასტურებელ დოკუმენტებს, ვინ რას ფლობს და რა წილით.
ამ ინფორმაციას მივაწვდით ეროვნულ ბანკსაც და აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც. ვფიქრობ, რომ ისინიც ასე უნდა მოქცეულიყვნენ.
– ბრალდება, რომ ეროვნული ბანკისთვის თქვენ უნდა გეცნობებინათ ამ ბენეფიციარების და მეწილეების ვინაობა, უსაფუძვლოა?
– შეიძლება საფუძვლიანია, შეიძლება უსაფუძვლო. თუ შეძენა 10%–მდეა, მაშინ არავინ არ არის ვალდებული ვინმეს შეატყობინოს, მათ შორის ეროვნულ ბანკს. თუ 10%–ზე მეტი აღმოჩნდება, მაშინ ეს ვალდებულება დარღვეული იქნება და ალბათ, სასამართლო ამ გარიგებას ბათილად ცნობს. ამასთან, ეს ინფორმაცია ბენეფიციარმა მესაკუთრემ უნდა მიაწოდოს ოპერაციის განხორციელებამდე ეროვნულ ბანკს და არა მე. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა შეძენა მოხდა.
– რა პერიოდში შეიძლება ეს ინფორმაცია მიიღოთ?
– არ ვიცი, შეიძლება დღესაც მივიღოთ. ზემოქმედების შესაძლებლობა არ გვაქვს. თებერვალში საჯარო რეესტრს გავუგზავნე შეკითხვა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურას და დღემდე პასუხი არ მიმიღია. ისევე როგორც ეროვნულ ბანკისგან 6 თუ 7 წერილი მაქვს უპასუხოდ დარჩენილი. ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ თვლის საქართველოს ხელისუფლება ან რომელიმე ჟურნალისტი, რომ ერთ საათში უნდა მქონდეს პასუხი. დღემდე რაც გვქონდა, გადავუგზავნეთ, რაც იმ განცხადების შემდეგ მოგვივა, იმასაც მივაწოდებთ.