"უფასო საბანკო მომსახურება" 75 თეთრად

რამდენიმე წლის წინ გადასახადების გადახდისას საბანკო მომსახურებისთვის საკომისიო დანარიცხი - 50 თეთრი დაწესდა, თუმცა თბილისის ყველა რაიონში იყო "ლიბერთი ბანკის" თითო ფილიალი, სადაც მოქალაქეებს საკომისიოს გარეშე შეეძლოთ გადახდა. 26 ივნისს ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკში" მისულ ადამიანებს ფილიალი რემონტის გამო დაკეტილი დახვდათ, თუმცა მოქალაქეებს იქვე მდგარი "ლიბერთი-ექსპრესის" მანქანებში ემსახურებოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ იქ მისულებს უსიამოვნო სიურპრიზიც ელოდათ - მომსახურებისთვის საკომისიო გადასახადს - 75 თეთრს სთხოვდნენ.

ამ "სიახლის" გასარკვევად "ყველა სიახლე" "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურს დაუკავშირდა ერთი კითხვით:

- რატომ ახდევინებთ მოქალაქეებს საკომისიოს - 75 თეთრს იმ ფილიალებში, სადაც მომსახურების საფასური დაწესებული არ იყო?
"ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურის თანამშრომელმა თიკა გვასალიამ თავდაპირველად გვითხრა, რომ მომსახურების საფასური - 75 თეთრი - "ლიბერთი ბანკში", საზოგადოდ, 2012 წლის იანვრიდან დაწესდა, უფასო მომსახურების ფილიალებში კი, რაკი ადამიანებს მანქანებიდან ემსახურებიან, თანხას ამიტომ ახდევინებენ.

როცა ბანკის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაზუსტება მოვთხოვეთ - რატომ უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ მანქანის გადაადგილებისა და სხვა ხარჯები, გვასალიამ ტელეფონი გათიშა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თვითონვე დაგვიკავშირდა და ელექტრონულ მისამართზე ასეთი პასუხი გამოგვიგზავნა:

"ისევე როგორც სხვა სერვისცენტრებში, "ლიბერთი ექსპრესშიც" არის საკომისიო. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სერვისცენტრში (ბუდაპეშტის ქუჩაზე. - ნ.ე.) მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ამ სერვისცენტრის კლიენტებს მომსახურებას გაუწევს "ლიბერთი ექსპრესი", მიმდინარეობს ცვლილება საბანკო პროგრამულ უზრუნველყოფაში და 27 ივნისიდან კლიენტები შეძლებენ შეუფერხებლად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები საკომისიოს გარეშე".