პრეცენდენტზე დამყარებული ,,ტრასტის'' ინსტიტუტი _ ლაზიკაში
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი _ ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ'' და პარლამენტის შესაბამისი დადგენილება _ ,,საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე''. კანონპროექტის თანახმად, კონსტიტუციას ემატება ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ამ კანონის მიღებას პარლამენტის წევრთა გაცილებით მეტი რაოდენობის მხარდაჭერა დასჭირდება, უფრო მარტივად კი ლაზიკას სამართლებრივ სტატუსს ახლადარჩეული პარლამენტი განსაზღვრავს. სავარადუდოდ, რა ტიპის სამართლებრივ-ეკონომიკური სტატუსი ექნება ან უმჯობესია, რომ ჰქონდეს ლაზიკას? როგორ უნდა განვავითაროთ მომავლის ქალაქი, რათა ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი იყოს და ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობისთვისაც? რას ნიშნავს ბრიტანული სამართალი? ,,ვერსია'' ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადა.
ლაზიკა _ სახელმწიფოს შეთავაზება ფულიანი ინვესტორებისთვის
თავდაპირველად, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, გია ხუროშვილს დავუკავშირდით: _ დღეს, როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებსაც კი, ეს ქვეყნები ცდილობენ, მოიფიქრონ ახალი მოდელები, ძირითადად, ფულიანი ინვესტორებისთვის, რომლებსაც ფული კი აქვთ, მაგრამ არ იციან, სად დააბანდონ. ამაზე ზრუნავს ნებისმიერი სახელმწიფო, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი, საბერძნეთი, ევროკავშირის ქვეყნები. ლაზიკას იდეა, რომელიც გაჟღერდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ერთგვარი შეთავაზებაა ფულიანი ინვესტორებისთვის, რომ მობრძანდით, თქვენი ფული ჩადეთ ამ საინტერესო ქვეყანაში, საინტერესო მხარეში, რომელსაც გააჩნია მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობა, განსაკუთრებით, ზღვისპირა ტერიტორიაზე ახალი სიმძლავრის პორტების მშენებლობისათვის, რომელიც ერთგვარი დერეფანი გახდება და ჩაანაცვლებს რუსეთის დერეფანს. ძალიან ბევრი კითხვა მოვისმინე ჩვენი ოპონენტებისგან, მაგალითად, რა დაჯდება ლაზიკას მშენებლობა? ეს არაკვალიფიციურად დასმული კითხვაა, რადგან დღეს არავინ იცის, რა დაუჯდება სახელმწიფოს რა დაუჯდება ლაზიკას მშენებლობა. ლაზიკას იდეა შეთავაზებაა კერძო ინვესტორებისთვის, რათა ეს ადამიანები ჩამოვიდნენ თავისი ფულით, მაგრამ შემდეგ უკვე რამდენი იქნება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა ამ პროექტში, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების _ გაზის, დენის თუ წყლის გაყვანის, ასევე გზების დაგების მიმართულებებით, დამოკიდებული იქნება კონკრეტულ შეთანხმებებზე. პირობითად ვამბობ, სავარაუდოდ, თუ კერძო სექტორი თანხის 80%-ს ჩადებს, 20% სახელმწიფომ უნდა გაიღოს. არ მინდა, მკაცრი ვიყო, არ მინდა, ოპონენტებს იგივე ტონალობასა და იმავე მეთოდებით დავუპირისპირდე. ლაზიკა მომავლის პროექტია, რომელსაც ქართული სახელმწიფოსა და ზოგადად, მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება. მხოლოდ ეს ერთი ჩანაწერი კანონში, რომ ლაზიკას შესახებ უნდა მივიღოთ ორგანული კანონი, ამ ეტაპზე, არანაირად არ ნიშნავს ამ იდეის განხორციელებას.
_ ბატონო გია, რა ტიპის სამართლებრივი ფორმა ექნება ლაზიკას? ცხადია, თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქნება, მაგრამ რა ტიპის ეკონომიკური წახალისებები ამოქმედდება?
_ მოდით, ასე დავსვათ კითხვა: რატომ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი ფულიანი ინვესტორებისთვის? რამდენიმე მიზეზია, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობა დაიწყო და იმედი მაქვს, მალე მოეწერება ხელი. ეს ინვესტორებისთვის სიგნალია, რადგან მათ მიერ წარმოებული პროდუქტი: დამზადებულია საქართველოში, ადვილად შევა ევროპის ბაზრებზე. საქართველო აქტიურად მუშაობს პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი უპრობლემოდ შევა ამერიკის ბაზრებზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები: ბიზნესის დაწყების გამარტივებული წესები, გამარტივებული ზედამხედველობა და რაც მთავარია, გამარტივებული პროცედურები, რომელიც უკვე აღარაა დაკავშირებული 90 ლიცენზიისა და ამდენივე ნებართვის მიღებასთან,Aასევე შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რაც რეალურად უკვე მოქმედებს საქართველოში _ აი, ესაა ჩვენ მიერ შეთავაზებული პირობების ჩამონათვალი და ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ ლაზიკას იდეა აუცილებლად განხორციელდება.
_ მსოფლიოში, დაახლოებით, 2 000 სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ზონა მოქმედებს, აქედან დაახლოებით, 300-მდეა რეალურად დატვირთული და მათ შორისაა დუბაის ეკონომიკური ზონა. რას ვაკეთებთ, ან გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქუთაისის, ფოთისა და მომავალში, ლაზიკას ეკონომიკური ზონები უსახურ ზონებად არ იქცნენ?
_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ეტაპზე, ის ძირითადი განაცხადი, რაც უკვე გითხარით, პრინციპების დონეზეა. თუ როგორ მოხდება ამ პრინციპების გაშლა, ეს უკვე მომავალი პარლამენტის მსჯელობის საგანია. იმას, რასაც მეკითხებით, ეს პატარა ჩანაწერი არ ეყოფა, ამას აქტიური საკანონმდებლო მუშაობა და ინტენსიური მოლაპრაკებების წარმოება დასჭირდება, რათა ეს იდეა განხორციელდეს. ამ ეტაპზე, უფრო მეტი კონკრეტიკა ჩემი მხრიდან, სერიოზული არ იქნება, რადგან ვიმეორებ, იდეის შესახებ მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება, აქ მნიშვნელოვანია ყველა კვალიფიციური ექსპერტისა და ოპონენტის ჩართულობა, რომ ეს იდეა ბოლომდე მივიდეს.
ანგლო-ამერიკული სამართალი ეკონომიკურად
ჟურნალ ,,ტაბულას'' ინფორმაციით: ,,ზოგადი კონცეფციის მიხედვით, ლაზიკას უნდა ჰქონდეს კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი და ქალაქში დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა. ამისთვის მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემა _ ლაზიკას მცხოვრებს უნდა შეეძლოს თავად აირჩიოს დავის გადაწყვეტის მეთოდიცა და ადგილიც. ამ მხრივ, ყველაზე შესაფერისი ბრიტანული სამართალია''. ბრიტანული, უფრო კონკრეტულად კი ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემა მკვეთრად განსხვავდება კონტინენტური ევროპის სამართლისგან, რადგან თუ კონტინენტური ევროპის სამართალი დაწერილი სამართალია, ანგლო-ამერიკული პრეცენდენტულ სამართალს ნიშნავს. უფრო დეტალურად, ,,ვერსიას'' იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი, იურისტი ქეთი ქვარცხავა ესაუბრება: _ ანგლო-ამერიკული სამართლის გადმოღება საქართველოს რომელიღაც ტერიტორიაზე გამორიცხულია, რადგან სამართლის სისტემას ერთი, კონკრეტული ზონისთვის ვერ შევცვლით. შესაბამისად, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საუბარია ანგლო-ამერიკული სამართლის ეკონომუკური მოდელის შემოღებაზე. ამ შემთხვევაში, საუბარია ,,ტრასტის'' ინსტიტუტზე. ტრასტი მინდობილ მფლობელობას ანუ მინდობილ მართვას ნიშნავს. თრუსტ _ ქართულად ნდობას ნიშნავს და შესაბამისად, ,,ტრასტის ინსტიტუტი'' ფიდუციალური (ნდობაზე დამყარებული) გარიგების ინსტიტუტია. აგიხსნით, რას ნიშნავს, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობთ და გსურთ დააფუძნოთ კომპანია, მაგრამ არ გინდათ გამოჩნდეთ, როგორც მფლობელი, აი, ამისთვის არსებობს ,,ტრასტის ინსტიტუტი'', ოღონდ ოფშორულ ზონებში. თქვენ წახვალთ ასეთ ზონაში, დააფუძნებთ კომპანიას მიხვალთ ,,ტრასტისთან'' (ადამიანი, რომელიც ტრასტს მართავს), დადებთ ხელშეკრულებას და ეტყვით, რომ ამ ,,ტრასტის'' ბენეფიციალური მფლობელი ხართ, ის კი, როგორც ,,ტრასტი'', გიდასტურებთ, რომ ბენეფიციალური მფლობელი ხართ. თქვენ, როგორც ბენეფიციალურ მფლობელს, იქაური კანონმდებლობა განიჭებთ უფლებას, მართოთ სიტუაცია, გასცეთ დავალებები, მაგრამ თუ ,,ტრასტი'' არ იმოქმედებს ბენეფიციალური მფლობელის დავალებების საფუძველზე, წახვალთ სასამართლოში და უმოკლეს დროში დააყადაღებთ კომპანიას, მთლიანად გაყინავთ ანგარიშებს.
_ ,,ტრასტი'' რომ თაღლითი აღმოჩნდეს, რა უნდა ქნას ბენეფიციალურმა მფლობელმა?
_ თაღლითობა ყველგან შეიძლება მოხდეს და ამისგან არავინ არის დაზღვეული არსად, მთელ მსოფლიოში. დავუშვათ, ,,ტრასტი'' გაჯიუტდა და თქვა, რომ ეს კომპანია მისია და არა ბენეფიციალური მფლობელის, მაგრამ ამისთვის არსებობს დოკუმენტი, რომელიც თავიდანვე იქმნება. თავდაპირვლად, იქმნება დოკუმენტი ,,ტრასტსა'' და ბენეფიციარს შორის, სადაც მხარეები თანხმდებიან, რომ ,,ტრასტი'' ხსნის კომპანიას ბენეფიციარისთვის და ,,ტრასტს'' არ აქვს უფლება, ისარგებლოს კომპანიით ბენეფიციარის გარეშე. ,,ტრასტი'' ვალდებულია, დაემორჩილოს ბენეფიციარის მითითებებს, მეტიც, ,,ტრასტი'' ვალდებულია, ერთ დღეში გადააფორმოს ეს კომპანია, თუ საწარმო ბენეფიციარის მიერ მითითებულ პირზე ანუ ყველაფერზე უფლებამოსილი ბენეფიციარია. ფიდუციალური ანუ ნდობაზე დაფუძნებული გარიგება გულისხმობს იმას, რომ ბენეფიციარს აბსოლუტური უფლება აქვს, მეტიც, ბენეფიციარი ,,ტრასტს'' დღეს კი ენდობა, მაგრამ თუ ხვალ ამ ნდობას დაკარგავს, უფლება აქვს ,,ტრასტზე'' გადაფორმებული ქონება უკან წაიღოს. ნებისმიერ შემთხვევაში, რისკისგან დაცვის საუკეთესო საშუალება განათლებაა. აუცილებელი არ არის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი იყო იმისათვის, რომ მარტივი რამ იცოდე: ჯერ ხელშეკრულება უნდა წაიკითხო წესიერად და რაც მთავარია, მხარესთან აუცილებლად უნდა გააფორმო.
_ რა ტიპის დაბეგვრის რეჟიმს ითვალისწინებს ანგლო-ამერიკული სამართალი, ანუ სავარაუდოდ, რას მივიღებთ ლაზიკაში?
_ საქართველოში ორი ინდუსტრიული ზონაა _ ფოთისა და ქუთაისის, სადაც კონკრეტული დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს, არ იბეგრებით მოგების გადასახადით და შესაბამისად, არც დივიდენდით. მსოფლიოში, თავისუფალი ზონების აბსოლუტურად განსხვავებული მოდელები არსებობს, არის მოდელები, სადაც მხოლოდ ფიქსირებული გადასახადია, გარკვეულ თანხას იხდი წელიწადში ერთხელ და აღარ იბეგრები. სხვათა შორის, ფოთისა და ქუთაისის ინდუსტრიულ ზონებს ეკონომიკური ბუმი იმიტომ არ მოჰყვა, რომ საკმაოდ სერიოზულ კონკურენციაში შევედით სხვადასხვა ქვეყნებთან. მარტო ჩვენ არ ვართ, ვისაც ასეთი მოიდელის შექმნის იდეა გაუჩნდა, მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ზონებით ცხოვრობს. მაგალითად, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, რომელიც რეალურად, მხოლოდ იმით ცხოვრობს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ინვესტორები იქ აფუძნებენ კომპანიებს. შესაძლოა, ვირჯინიის კუნძულებზე არავინ ჩადის და ადგილზე საწარმოს არ ხსნის, მაგრამ ჩადიან იმისთვის, რომ კომპანიები დაარეგისტრირონ და აი, ამ სერვისში იხდიან თანხას.
დუბაის თავისუფალი, ინდუსტრიული ზონა
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა გარკვევით ამიხსნა, რომ ლაზიკას შედარება ამა თუ იმ ქვეყნის კონკრეტულ, ეკონომიკურ ზონასთან არ შეიძლება, რადგან კონკრეტული მოდელი მხოლოდ არჩევნების შემდგომ, ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა მხოლოდ თეორიულად ვმსჯელობთ, ცხადია, საქართველოში არსებული სამართლებრივი და საგადასახადო კანონმდებლობის, ასევე ფოთისა და ქუთაისის ინდუსტრიული ზონების გათვალისწინებით. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ლაზიკაში, სავარაუდოდ, ანგლო-ამერიკული მოდელი ამოქმედდება, ან შესაძლოა, ამოქმედდეს. და კიდევ ერთი, მსოფლიოში არსებულ ინდუსტრიულ ზონებს შორის, ყველაზე მეტად გამორჩეული დუბაის ინდუსტრიული ზონაა, სწორედ ამიტომ მოვიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში არაბთა გაერთიანებული საემიროების ამ მართლაც, თვალსაჩინო მარგალიტზე: არაბეთის შვიდი საემიროდან, დუბაი ერთ-ერთია, რომლის განვითარებაც მხოლოდ ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე არ არის დამოკიდებული. დუბაის შემოსავლების დიდი ნაწილი უძრავი ქონების გაყიდვებიდან და ტურიზმიდან შემოდის. სინგაპურის შემდეგ, დუბაი ერთ-ერთი, უმსხვილესი ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ცენტრია აზიაში, რომელიც აზიიდან ევროპაში, ტვირთბრუნვის უდიდეს ნაწილს ემსახურება. მომსახურების სიიაფეს უზრუნველყოფს თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლითაც ცნობილია დუბაი. პირველი ეკონომიკური ზონა დუბაის პორტის _ ჯაბალ ალის ირგლივ, გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა. თავისუფალ ზონებში ბიზნესის დაწყების მსურველებს მხოლოდ კომპანიის დარეგისტრირების ხარჯების გადახდა უწევთ, რაც რამდენიმე ტექნიკური პროცედურის ჩათვლით, 9 000 აშშ დოლარიდან 15 000 აშშ დოლარამდე ჯდება, წელიწადში კი მხოლოდ ერთი გადასახადი მოქმედებს _ 5 000-დან 7 500 აშშ დოლარის ფარგლებში. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობითა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონით, დუბაი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის, ყველაზე მდიდარია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გაერთიანებული საემიროების მშპ 365 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, დუბაიზე კი დაახლოებით, 100 მილიარდი აშშ დოლარი მოდის. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 70 000 აშშ დოლარია, რის გამოც დუბაი მსოფლიო რეიტინგში, მე-6 ადგილზეა.