"ქუთაისში 3000 ჩინელის ჩასახლება იგეგმება"

ქუთაისში 3000 ჩინელის ჩასახლება იგეგმება და მათთვის ავტოქარხნის ტერიტორიაზე სპეციალური საცხოვრებელი ფართი შენდება. ამის შესახებ "რეზონანსს" პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონალური განვითარების უფროსმა გოგი წულაიამ უამბო.

ასევე, ამავე ტერიტორიაზე შენდება ჩინური სავაჭრო ცენტრი. როგორც წულაია ამბობს, რაც ხდება, ძალიან სახიფათოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და თუ გავითვალისწინებთ ქართველებისა და ჩინელების გამრავლების კოეფიციენტს, ქუთაისი რამდენიმე წელიწადში შეიძლება ჩინეთს დაემსგავსოს.

გოგი წულაია:

"მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ქუთაისში 3000 ჩინელის ჩასახლებას აპირებენ. კერძოდ, ავტოქარხნის ტერიტორიაზე შენდება საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 3000 ადამიანზეა გათვლილი.

ასევე ვიცი, რომ ამავე ტერიტორიაზე აშენებენ უზარმაზარ ჩინურ სამრეწველო ბაზარს. ის სიდიდით ქუთაისის ყველა სამრეწველო დაწესებულებაზე დიდი იქნება, რაც, ბუნებრივია, უდიდეს დარტყმას მიაყენებს სამრეწველო ინდუსტრიაში დასაქმებულ ადგილობრივებს.

იქ მუშაობენ ჩემი ახლობლები და მათგან მაქვს ინფორმაცია, რომ ამ მშენებლობას ჩინელები აფინანსებენ და ბუნებრივია, ჩინელები სხვისთვის არაფერს გააკეთებენ. საცხოვრებელი კომპლექსი გათვლილია 3000 კაცზე, რაც ძალიან დიდი ციფრია.
ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისში ქურთების რაოდენობა 1000-მდე გაიზარდა. ისინი თურქეთიდან გამოაძევეს და ახლა დიდ პრობლემებს უქმნიან ადგილობრივ, ქუთაისელ მოსახლეობას - ყველა მათგანი მათხოვრობით არის დაკავებული, თუმცა იმას, რასაც ისინი აკეთებენ, უფრო ყაჩაღობა ჰქვია.

მოსახლეობაში ძალიან ცუდი განწყობაა - თუ გავითვალისწინებთ ქართველების და ჩინელების გამრავლების კოეფიციენტს, ქუთაისი რამდენიმე წელიწადში შეიძლება ჩინეთს დაემსგავსოს. ეს არ შეიძლება ვინმეს მოეწონოს.

მაქვს ინფორმაცია, რომ ხარაგაულში ჩინელებმა ქართული გვარები მიიღეს. ისინი მთელ დასავლეთ საქართველოში ხე-ტყის პატრონები არიან. დაუნდობლად ანადგურებენ ასწლოვან ხეებს და ამაზე სახელწმიფო თვალს ხუჭავს. მათ არანაირი ჯარიმა და სანქცია არ ეკისრებათ ამის გამო. ანალოგიური საქმიანობისთვის ქართველს ძალიან დიდი თანხით აჯარიმებენ. ჩინელები კი ჩეხავენ ჩვენს ხე-ტყეს და ამას არავინ აკონტროლებს".

"რეზონანსი" კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის პრესსამსახურის უფროსს, გია ქობალიანსაც ესაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით.

გია ქობალიანი:

"არ ვიცით, კონკრეტულად რა იგეგმება, მაგრამ ფაქტია, რომ ავტოქარხნის ტერიტორია ჩინელებითაა სავსე. აქ შემოსაზღვრულია გარკვეული ადგილი, გაკეთებულია ჩინური წარწერები და, სავარაუდოდ, იქ ჩინელები ცხოვრობენ".

კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელმა ზაზა მეთაფლიშვილმა კი შემდეგი გვითხრა: "აქ უამრავი ჩინელია, ყოველდღიურად იზრდება მათი რაოდენობა. საღამოს შეიძლება ოთხი შევიდეს და დილით რვა გამოვიდეს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და, სამწუხაროდ, არავინ არაფერს ამბობს".

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლაც მიმდინარეობს მშენებლობა და ამას ჩინური და ეგვიპტური კომპანიები ახორციელებენ, თუმცა მისი თქმით, მერია არ ფლობს ინფორმაციას იქ ჩინელების ჩასახლების შესახებ.

ქეთი დეისაძე:

"ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ჩინელების ჩამოსახლების შესახებ. რაც შეეხება ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, ეს არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სამუშაოებს ჩინური და ეგვიპტური კომპანიები ახორციელებენ".

დემოგრაფი ანზორ თოთაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ თუ 3000 ჩინელი ქუთაისში მართლა ჩაასახლეს, ეს უბედურების გარდა ქართველებს არაფერს მოუტანს.

ანზორ თოთაძე:

"ამის შესახებ ჯერ არ გამიგია და არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ თუ ქუთაისში 3000 ჩინელი ჩაასახლეს, ეს უბედურების გარდა ქართველებს არაფერს მოუტანს. ყოველივე ძალიან ცუდად მენიშნა, რადგანაც შარშან პრეზიდენტმა აღნიშნა-ქუთაისში 500 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროსო. ამჟამად ამ ქალაქში 194 000 კაცი ცხოვრობს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაზიკასაც ვაშენებთ. ასევე რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა თქვა, რომ ბათუმში 450 000-მა ადამიანმა უნდა იცხოვროს. ჩვენ არ გვაქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ეს ქალაქები ასე გაიზარდოს მოსახლეობით. სოფლის მოსახლეობა რომ ავყაროთ და ამ ქალაქებში ჩავასახლოთ, მაინც არ იქნება საკმარისი.

ვიცით, თუ როგორი გამრავლების უნარის მქონენი არიან ჩინელები. თუ ეს ინფორმაცია სინამდვილეა, ქართველებმა უნდა გავიღვიძოთ და გამოვიდეთ საღათას ძილიდან".