ჩვენ უკვე ვწერდით, როგორ გატყდა იაპონიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვანო მაჭავარიანის პირადი ელფოსტა და როგორ აღმოჩნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ბლანკზე ინტერნეტით გაგზავნილი წერილი. კარგი დღე არც მეორე ელჩს დაადგა, რადგან მის სახელზე ყალბი ელექტრონული მისამართი გაიხსნა და “შულერი” ყოფილი ელჩის სახელით წერდა წერილებს საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს ფაქტები კარგი მაგალითია იმის, რამდენად დაუცველია ნახევრადგასაიდუმლოებული უწყება.
პრესა.გე-ს ჟურნალისტურმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემას სერიოზული რეფორმირება სჭირდება, რადგან გარე თავდასხმების გარდა პრობლემები ამ უწყებაში სხვა ბევრი გაუგებარი ქმედებებისა, თუ შიდა წესების გამოც იქმნება. სამინისტროს ქაოტური საქმიანობის “თვალსაჩინო” მაგალითია ისიც, თუ როგორ იხსნება ახალი საელჩოები უცხო ქვეყანებში და როგორ არიან ჩართულები ელჩები ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.
სასაცილო თუ სატირალი?
2011 წელს სამინისტრო კანადაში გეგმავს ახალი საელჩოს გახსნას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით, სახელმწიფო 56 ქვეყნის დაფარვას აპირებს საელჩოებითა და წარმომადგენლობებით. ჩვენთვის უცნობია, კანადაში ვინ მოძებნის საელჩოს შენობას და ვინ დაიქირავებს მას, მაგრამ ჰოლანდიაში მაკლერებთან ურთიერთობა სამინისტრომ მომავალ ელჩს დაავალა...
ისტორიები, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ნათლად ასახავს ამ სისტემის მოუქნელობას, არადა, წესით, ნახევრადგასაიდუმლოებული სამსახურში, როგორც იტყვიან, საქმე საათივით უნდა იყოს აწყობილი.
როგორ შექმენით საელჩო ჰოლანდიაში?
ნიდერლანდებში საქართველოს ყოფილი ელჩი მაია ფანჯიკიძე: “სხვათაშორის, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ჰოლანდიაში მე ჩავედი 2007 წლის აპრილში. ჩასვლიდან ორ კვირაში მქონდა რწმუნებათა სიგელების გადაცემა დედოფალთან, მაგრამ ჩასულს აბსოლუტურად არაფერი მქონდა: არც შენობა, არც ანგარიში ბანკში, არც მანქანა. ჩავედი დავალებით - გახსენი საელჩო.
ორი კვირის განმავლობაში ტრამვაით მოვიარე მთელი ჰააგა. ანდა მაკლერებს დავყავდი მანქანით, რომ მენახა შენობა. არ მქონდა პირადობის მოწმობა და შესაბამისად, არ მქონდა ბანკის ანგარიში. ვიდრე არ მქონდა ერთიც და მეორეც, ვერ ვქირაობდი ბინას და იყო ასეთი მოჯადოებული წრე. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს პერიოდი საკმაოდ სახალისოდ მახსენდება. ძალიან ბევრი კურიოზი შეგვემთხვა.
მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ წავსულვარ ბინის სანახავად, ავცდენილვართ მაკლერს, ჩამოვმჯდარვართ კიბეზე და გვიფიქრია, გუშინ დედოფალთან ვიყავით რწმუნებათა სიგელის გადაცემაზე, ახლა რომ აქ ვინმემ გამოიაროს და დაგვინახოს კიბეებზე ჩამომჯდარი, რას იფიქრებს, ვინ არისო. დაახლოებით სამ კვირაზე მეტი გასტანა ამ სიტუაციამ. შემდეგ გვქონდა საელჩო, იმას ტელეფონების დაყენება სჭირდებოდა. მობილური ტელეფონებიც არ გვქონდა, რადგან პირადობის მოწმობისა და ბანკის ანგარიშის გარეშე ნამდვილ ხელშეკრულებას არ გიდებენ.
იქაური პირადობის მოწმობა არ მქონდა, რადგან აკრედიტაციიის დამადასტურებელი მოწმობის (რომ შენ ნამდვილად ხარ აკრედიტებული იმ ქვეყანაში) გაცემას ორი კვირა მაინც სჭირდება. აკრედიტაციის ბარათი არის შენი პირადობის მოწმობა იმ ქვეყანაში. ეს თუ არ გაქვს, უცხოური პასპორტით არ გაგიხსნიან ანგარიშს ბანკში. როცა აკრედიტაცია გავლილი გაქვს, მერე გაქვს იქაური საგარეო საქმეთა სამინისტროს საბუთი, რომ ხარ აკრედიტირებული, რომ მართლა ხსნი საელჩოს და სახლის პატრონიც გენდობა.
მერე მანქანა გჭირდება. ამ მანქანის ფასები უნდა შეადარო ერთმანეთს, ყველაზე კარგი ვარიანტი უნდა ამოარჩიო. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, ვიდრე ელჩი ჩავა იმ ქვეყანაში, მანამდე, რაღაც ტექნიკური სამსახური გაემგზავროს და მოამზადოს ყველაფერი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ეს მომენტი უხერხულობასაც ქმნის. მე ვერ წარმომიდგენია, რომელიმე დიდი ქვეყნის ელჩი დადიოდეს კარდაკარ და სახლებს არჩევდეს. სამი დიპლომატი ვიყავით სულ და სამივე ერთად დავდიოდით საელჩოს შენობის მოსაძებნად.
გასაგებია, ჩვენ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, ზედმეტი ფუფუნების უფლებას თავს ვერ მივცემთ, მაგრამ სისტემის შიგნით არსებულ მოუქნელობასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
- ცოტა მოუქნელობასთან, ალბათ, გვაქვს საქმე. ეს ამბავი, როგორ გავატარე პირველი ერთი თვე ჰოლანდიაში, ძალიან ბევრისთვის მომიყოლია, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. არ ვიცი, დღეს რომ საელჩოები იხსნება, იქ რამე სხვანაირად არის, თუ არა. თუ ვინმემ ეს გაითვალისწინა, კარგია, მაგრამ ძალიან ხშირად ეს ასეა, რომ ცენტრალურ აპარატს ცოტა ვერ წარმოუდგენია – რა პრობლემა შეიძლება, შეგექმნას უცხო ქვეყანაში, როცა ასე მარტო მიდიხარ იქ”.
საელჩოს გახსნის პატივი ხვდა წილად ვანო მაჭავარიანსაც. თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო ის, რომ მანამდე დაახლოებით 5 თვით ადრე, იაპონიაში სამინისტროს ნდობით აღჭრვილი პირი, დავით ნოზაძე ჩავიდა. ნოზაძემ მაჭვარიანს იაპონიაში 8 წლის “მერსედესი” დაახვედრა. შემდეგ მანქანა გაფუჭდა. შესაკეთებლად „მერსედესის” ცენტრს მიაკითხეს, მაგრამ იქ უარი თქვეს მანქანის გარემონტებაზე, რადგან აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სახსრებით შეძენილი მანქანა ამ ცენტრში არ იყო ნაყიდი. ჩვენი ინფორმაციით, ნოზაძემ ის მეგობრისგან იყიდა -…რამდენიმე ათას დოლარად, მაგრამ თქვა, რომ “მერსედესის” ცენტრში შეიძინა..
ვანო მაჭავარიანი: “მე ვიყავი პირველი ელჩი იაპონიაში. მაშინ საელჩო არ არსებობდა. ერთი ნდობით აღჭურვილი პირი იყო იქ ჩასული, ვინმე დავით ნოზაძე, რომლის მუშაობითაც საკმაოდ უკმაყოფილო იყო სამინისტრო. როცა ჩავედი იქ, 2007 წლის ბოლოს, დავრწმუნდი, რომ ეს უკმაყოფილება უსაფუძვლო არ იყო. სიტუაცია იყო უკონტროლო. ფინანსური და საქმის წარმოების თვალსაზრისით ძალიან ბევრი დარღვევა არსებობდა. დოკუმენტაცია შეუსაბამობაში იყო ერთმანეთთან. როცა ეს პრობლემები გაირკვა, მათ შორის, ფინანსურიც და საქმის წარმოებისაც, სამინისტრომ ეს ადამიანი გაიწვია.
რა კადრებით დააკომპლექტეთ საელჩო?
-ნოზაძის გაწვევის შემდეგ, მომეცა საშუალება, პროფესიონალები ამეყვანა საელჩოში სამუშაოდ. ავიყვანე ადამიანი, რომელიც 12 წელი იაპონიაში ცხოვრობდა, მუშაობდა, სწავლობდა, დოქტორის ხარისხი ჰქონდა და იყო თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული. მეორე იყო ადამიანი, რომელზეც რეკომენდაცია სამინისტროში გამიწიეს და ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ძალიან ბევრი ჩემს არჩევანს დადებითად მოეკიდა. თუმცა, სიტუაცია ნამდვილად არის ისეთი, რომ ყველა ცდილობს, თავისი კადრი შემოგთავაზოს. მინდა, გითხრათ, საელჩოს სწორმა დაკომპლექტებამ თავისი კარგი შედეგი გამოიღო. ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა და ადგილიდან დაძვრა”.
როგორ ვიზიდავთ ინვესტიციებს..…
ელჩების ნომერ პირველი დავალება - უცხო ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვაა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს 2010 წელს ოფიციალურად და საჯაროდ დაავალა. თუმცა, უცხო ქვეყნებში აკრედიტებული ქართველი ელჩებისთვის ეს მიმართულება ყოველთვის პრიორიტეტული იყო, უბრალო მიზეზის გამო – მათ აქვთ ყველაზე მეტი საშუალება, ჰქონდეთ ურთიერთობა იმ ქვეყნის ბიზნესწრეებთან, სადაც არიან აკრედიტებულები. ინვესტიციების მოზიდვაა სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო სხვადასხვა ქვეყნებში დამატებითი საელჩოებისა, თუ წარმომადგენლობების გახსნას გეგმავს.
ნინო კალანდაძე: “რამდენიმე ახალი საელჩო უკვე გაიხსნა, რამდენიმეს გახსნა იგეგმება. ამ პოლიტიკის მიმდევრები ვართ იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, თუ ეკონომიკურ სფეროში ყველა ქვეყნის მახარდაჭერა გვჭირდებოდა. ეკონომიკური ინტერესი, ჩვენ ყველა ქვეყანასთან გვაქვს. რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე ძალიან ძნელია, ამ სახის ურთიერთობების გაღრმავება. შეიძლება, ხანდახან პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდეს, მაგრამ სულ სხვაა, როცა იქ მუდმივად გყავს წარმომადგენელი, მით უმეტეს - პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომ ჩვენი პოლიტიკაა ასეთი, რომ მიუხედავად მწირი რესურსებისა, უნდა გავზარდოთ იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, რომელიც გვინდა, სრულფასოვნად დავფაროთ”.
ერთია, როცა გინდა, მაგრამ მეორეა, რამდენად სისტემურად და პროფესიულ დონეზე ახორციელებ შენს სახელმწიფო სურვილებს. არადა, ამ სურვილების განხორციელება, სწორედაც რომ თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკით არის შესაძლებელი, თუ გვინდა, შედეგი მივიღოთ. თუ არა და - მაშინ ქვეყანა მუდმივად მხოლოდ იმის იმედზე უნდა იყოს, როდის შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპისნაირ მილიარდერს, ანდა როდის ჩავა ქვეყნის პრემიერი ჩინეთში –საერთაშორისო ბაზრობაზე ქართული ღვინის გასატანად და როდის დაითანხმებს ეკონომიკის მინისტრი ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელ მაგნატ კომპანიებს საქართველოში შემოვიდნენ, რათა სამუშაო ადგილები შექმნან...
ეს უკვე ერთიანი პოლიტიკური პროცესი კი არა, სხვადასხვა უწყებების ქაოტური ქმედებაა სტრატეგიული პროექტების განსახორციელებლად და შეიძლება, ქულების ჩასაწერადაც. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ერთიანი და კოორდინირებული სისტემა ჩამოყალიბდეს, ყველა ცალ-ცალკე “დარბის” ერთიდაიგივე საკითხების მოსაგვარებლად.
ამ სირბილის შედეგი კი ისაა, რომ მთავრობის სხდომაზე მუდმივად ეს ფრაზა ისმის – ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველოს რეიტინგული ადგილი უკავია, მაგრამ არ შემოდის ინვესტიცია. შედეგია, ისიც, რომ ყველა გამოკითხვებით საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ, მაგრამ არ ჩანს ინვესტიციები და შესაბამისად, არ ჩანს სამუშაო ადგილებიც.
ერთია საელჩოს სწორი დაკომპლექტება, მაგრამ მეორეა – რას აკეთებენ უცხო ქვეყანაში დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები.. რაიმე ინვესტიცია მოიზიდეთ, როცა ელჩი იყავით?
ვანო მაჭავარიანი: “ჩვენ დავიწყეთ იმ ურთიერთობების დამყარება, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის საერთოდ არ არსებობდა. დავამყარეთ ურთიერთობები პოლიტიკურ ელიტასთან, ბიზნესწრეებთან, ხელოვანებთან. მოხდა ჩვენი ინტერესების ლობირება, რამდენიმე დიდი ინვესტიციის მოზიდვა. ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ ეს ინვესტიციები არასაკმარისად საინტერესოდ მიიჩნია. იაპონიის მთავრობა და რიგი კორპორაციები დაინტერესებული იყვნენ აქ თანხების ჩადებით და ამ რეგიონში საქმიანობის გაფართოებით.
რომელ სერიოზულ ბიზნესკომპანიებთან დაამყარეთ ურთიერთობა, რაც სახელმწიფომ ვერ გამოიყენა, ხელისუფლება ხომ მუდმივად ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრობს?
-სერიოზული იაპონური კომპანიების ბიზნესინტერესები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მაშინ, მართლა არსებობდა. მაგალითად, MITSUBISHI –ისა და ITOCHU-ს დაინტერესება იყო ძალიან დიდი. ITOCHU-ს კორპორაციაში 500-მდე იაპონური კომპანია შედის და ამ კორპორაციას რამდენიმე მილიარდიანი წლიური ბრუნვა აქვს. ისინი დაინტერესებულები არიან ენერგეტიკით, ინფრასტრუქტურით, რკინიგზით და სხვა მიმართულებებით.
ამ კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ აქ და შედგა რამდენიმე შეხვედრა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული მხარე მათ მიაწვდიდა დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური საკითხებზე და ამის შემდეგ გაგრძელდებოდა ორმხრივი ურთიერთობები. თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ ეს დეტალური ინფორმაცია ვერ მიიღეს. შემდეგ პრობლემა იყო აგვისტოს ომი, რომელმაც, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი რამ შეცვალა მათ მიდგომებში საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ახლა ინტერესი კვლავ არის. პრობლემები კი ისევ იგივეა - უცხოელები დეტალურ ტექნიკურ ინფორმაციას ითხოვენ და ქართული მხარე არ აწვდის, მაგალითად - ენერგეტიკის სფეროში, მაღალი სიმძლავრეების მშენებლობასთან დაკავშირებით.
ზოგადად, რამდენად კორდინირებულად საქმიანობს საელჩო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი სამინისტრო, საიდანაც საჭირო ინფორმაცია უნდა მიიღოთ?
-ეს პრობლემა, როგორც ჩემთვის ცნობილია, დღესაც დგას. რეალურად, რა საკითხსაც საელჩო სვამს ინვესტორის მოთხოვნის შესაბამისად, მასზე პასუხი არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს კოორდინაცია სამინისტროებს შორის. შესაბამისად კი, საელჩოები ვეღარ აწვდიან სრული ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს მასპინძელ ქვეყნებში. არადა, ეს ინფორმაცია ამ კომპანიებს იმისთვის სჭირდებათ, რომ გადაწყვიტონ – დაიწყონ, თუ არ დაიწყონ ბიზნესი საქართველოში.
პრობლემა მუდმივად იქნება, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაკომპლექტდა კომეტენტური კადრებით და მეტი ფუნქცია არ მიეცა ამ უწყებას საგარეო ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთბების ფარგლებში. ეს ფუნქცია დღეს, ფაქტობრივად, ნომინალურ დონეზეა დაყვანილი. მეტსაც გეტყვით, არის რამოდენიმე ქვეყანა სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დასახელებაშივეა ჩადებული ეს მომენტი - საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო.
სინგაპურიზაციაზეა საუბარი ჩვენთან. სწორედ, აზიის გამოცდილებაა ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო ვაჭრობის ფუნქციას ითავსებს. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ სადაც საგარეო პოლიტიკაა, იქ ასევე არის საგარეო ვაჭრობაც. შესაბამისად, ამ საქმიანობას ისეთი ადამიანები ეწევიან, რომლებიც ერკვევიან, როგორც პოლიტიკაში, ასევე იურიდიულ საკითხებში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში. შესაბამისად, ძალიან დიდი შედეგები აქვთ მიღწეული როგორც გარე, ასევე შიდა ბაზრებზე.
ამ ბოლო დროს, ინვესტიციების მოსაზიდად ეკონომიკის მინისტრი დადის საზღვარგარეთ... ვერა ქობალია იაპონიაშიც იყო ჩასული, თუმცა, არ ჩანს რეალური ინვესტიცია სერიოზული კომპანიებისგან.. ფაქტობრივად, ყველა უწყება ცალ-ცალკე დარბის ინვესტიციების მოსაზიდად..
-იცით, რა, სიარულით ძალიან ბევრი დადის. რატომღაც ნორმა გახდა ჩვენთან, რომ მივლინებების რაოდენობით განისაზღვრება საქმიანობის წარმატება. თუმცა, მე ყოველთვის ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას, რა შედეგი გამოიღო კონკრეტულმა ვიზიტმა და რა ხელშესახები ჩამოიტანა თან ვიზიტად მყოფმა ეკონომიკის, საგარეო საქმეთა თუ სხვა სამინისტროს წარმომადგენელმა?
სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენელთა ცალ-ცალკე…სირბილი ერთიდაიგივე საკითხებზე, ფუჭი ძალისხმევაა და ამ სფეროს რეფორმირება უნდა მოხდეს, რათა საქმიანობა თანმიმდევრული იყოს. მითუმეტეს, რომ საელჩო არის სწორედ ის უწყება, რომელიც უზრუნველჰყოფს ნებისმიერი მინისტრის შეხვედრებს საზღვარგარეთ. უფლებების დელეგირების შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ერთი ინსტრუმენტი, რასაც ეფექტურად გამოიყენებს გარე რესურსების მოსაზიდად. ძალიან ხშირად, საგარეო ვაჭრობისა და ურთიერთობების ხაზით, ქართულ დელეგაციებში არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც, ელემენტარულად, უცხოელებთან საუბრის გამოცდილებაც კი არ აქვთ.
ასეთი დელეგაციები საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენტური წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. ხოლო ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს დამხმარე ფუნქცია უნდა ჰქონდეთ და კონკრეტულ დეტალებზე საუბრობდნენ. ეს პრინციპი, საბოლოო ჯამში, წაადგება ერთიან საქმიანობას, ხოლო ამ სამინისტროების წარმომადგენელთა ცალ-ცალკე სიარული საზღვაგარეთ ვიზიტებზე შედეგს ვერ მოგვიტანს”.