ირგვლივ ავტომობილების სიჭარბე და მყიდველის ნაკლებობაა. ასეთი მდგომარეობაა ყველგან, ევროპაში, აზიასა და საქართველოში. სავარაუდოდ, ვითარების გამოსწორება უახლოეს პერიოდში არ მოხდება.
ევროპაში ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობენ და რეალიზაციის ბოლო თვეების მაჩვენებელი საგანგაშოდ მიიჩნევა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილებზე მოთხოვნა ბოლო 8 თვეა განუხრელად ეცემა. ანალიტიკოსების გათვლებით, ბებერ კონტინენტზე ავტომობილების ბაზარი, შესაძლოა, კიდევ 8-10%-ით შემცირდეს.
იანვარ-მაისში საფრანგეთში ავტომობილებზე მოთხოვნა 17-ით დაეცა, იტალიაში - 19 %-ით, საბერძნეთში კი - 40%-ით. შედარებით სტაბილურია გერმანიის ბაზარი, სადაც მოთხოვნა მხოლოდ 5%-ითაა შემცირებული.
თუკი ევროპაში კრიზისია და ხალხს მანქანის შესაძენი თანხა ვერ გამოუმეტებია, საქართველოში რაღა იქნება? აქ ვითარება ამგვარია: რუსთავის ბაზრობაზე და ინტერნეტსივრცეში მანქანების რაოდენობა განუხრელად მატულობს, მყიდველი უფრო და უფრო იკლებს.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსთავის ბაზრობაზე მანქანების ფასები დაეცა. მიზეზად ასახელებენ გასაყიდი მანქანების რაოდენობის გაზრდას და თანაც დაახლოებით ორჯერ. არასდროს მდგარა 10 000 მანქანაზე მეტი მაშინ, როდესაც ბოლო დროს, დაახლოებით, 20 000 მანქანა დგას ბაზრობაზე. თუ ფასების დაცემის რეალური მიზეზი მანქანების რაოდენობის მომატებაა, რა არის მიზეზი მანქანების რაოდენობის მომატებისა“, - ასეთი ლოგიკური კითხვები უჩნდებათ ავტომოყვარულებს.
ამ კითხვაზე ჯერჯერობით გამოკვეთილი პასუხი არ არსებობს. სავარაუდოა, რომ ბაზარი უკვე გადაჯერდა მეორადი ავტომობილებით, ხოლო მოსახლეობაში კი მსყიდველუნარიანობა დაეცა. ასე რომ, ფასების ვარდნის მიზეზი ორი მიმართულებით უნდა ვეძებოთ.
რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, საქმე არც ამ მხრივ არის სახარბიელო. კომპანიების უმეტესობას ავტომობილების რეალიზაცია ამ ეტაპზეც უჭირს. მთავარი დაბრკოლება, რა თქმა უნდა, კვლავ მყიდველის დეფიციტია.
ბოლო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებლით უკმაყოფილო არიან „მერსედეს ბენცის“ საქართველოს წარმომადგენელ კომპანიაში.
„დიდი ხანია, რაც მოთხოვნა იკლებს. ამ მხრივ ცუდი მაჩვენებელი გვქონდა 2011 წელს, ეს იყო ომისა და კრიზისის შემდგომი ყველაზე უარესი წელი. 2012 წლიდან მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა, თუმცა სიტუაციის გაჯანსაღება მაინც არ იგრძნობა.
ავტოიმპორტისთვის ყველაზე კარგი წელი 2007-08 წელი იყო, მას შემდეგ სრული კრახია. ჩვენთან საწყისი ფასი 18 000 ევროა და ზემოთ. საფასო ცვლილებას ჯერ არ ვაპირებთ, ვფიქრობ, ღირებულება ისედაც მისაღებია და ფასდაკლებას ან სხვა წამახალსიებელი აქციის მოწყობას საზაფხულოდ არ ვგეგმავთ“, - ამბობს ლაშა ლომიძე, კომპანიის წარმომადგენელი.
ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა „ჰიუნდაი ავტოში“, თუმცა რეალიზაციით აქაც უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ აქტიურობამ ფიზიკური პირების მხრიდან იკლო.
„მოთხოვნა ჯერჯერობით შეინიშნება, თუმცა ფიზიკური პირები ცოტათი მოეშვნენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში გაყიდვის მაჩვენებელმა ცოტათი დაიწია, შეიძლება, ევროპულ კრიზისსაც ემოქმედა, არ გამოვრიცხავ“, - აცხადებენ კომპანიაში.
თუმცა ყველაზე სავალალო ავტოიმპორტიორებისთვის არის ის, რომ კრედიტით გაყიდული ავტომობილების წილი განახევრდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე ავტოდაკრედიტების სფეროში საბანკო ბაზრის ლიდერები „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ინერტულ პოზიციაში არიან. დავით გიორგობიანის ინფორმაციით, საავტომობილო სესხებზე ლიდერი ბანკების აქტიურობის პერიოდში კომპანიის გაყიდული ავტომობილების 60% სწორედ კრედიტით გაცემული მანქანები იყო, თუმცა ამჟამად ეს მაჩვენებელი 30%-მდე შემცირდა.