ამერიკული ორგანიზაციები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

ამერიკული ორგანიზაციები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებისა და თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სადამკვირვებლო ჯგუფების დახმარებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა გააკეთა. მისი თქმით, საარჩევნო მონიტორინგის მხარდაჭერის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკულ ორგანიზაციებს - საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს - დააფინანსებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში არ უჭერს მხარს ერთ რომელიმე კონკრეტულ პირს ან პარტიას, - ამ სიტყვებით დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა პრესკონფერენცია, რომელიც, წინასაარჩევნოდ და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიმდინარე გეგმებს შეეხებოდა. პრესკონფერენციაზევე ჯონ ბასი ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში წარიმართოს და მოქალაქეებამდე საკუთარი შეხედულებების მიტანა ყველა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს. რაც შეხება პრესკონფერენციის ძირითად თემას, ანუ საარჩევნო მონიტორინგს, ამ მიმართულებით ელჩმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ორ ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. ესენია გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელების ხელშეწყობა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-სა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ და არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალების მხარდაჭერა. ამ პროგრამას, ზემოხსენებულ NDI-ისა და IRI-სთან ერთად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES-იც განახორციელებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის თანახმად, კანდიდატი ქალების შესაძლებლობათა განვითარების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოყოფილი 750 000 დოლარი IRI-ის, NDI-ისა და IFES -ის კონსორციუმს გადაეცემა, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის გაღებული თანხა კი პროგრამის ამოქმედების შემდეგ 2 მილიონ დოლარს მიუახლოვდება. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ივლისიდან ოქტომბრამდე ვადით სამი გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან და 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას არჩევნებამდე სამი თვით ადრე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან. აქვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აზუსტებს, რომ მისი ქვეყნის მონაწილეობა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ამ ორი სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით არ შემოიფარგლება.

” NDI-ისა და IRI-ის სადამკვირვებლო მისიები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს, არის დამატება იმ კონტრიბუციაზე, რომელსაც შეერთებული შტატები ეუთოს მონიტორინგის პროცესში განახორციელებს. არჩევნების დაკვირვების პროცესში, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ნაწილი, ჩართული იქნებიან ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებიც”,
განმარტა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა.

უფრო დაწვრილებით კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გეგმებზე თავად IRI-ისა და NDI-ის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. საქართველოში ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეა ქერბსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია აპირებს საქართველოში მოავლინოს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები:


”გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში, ვიმედოვნებთ, რომ 18 ივლისს ჩამოვლენ. რამდენიმე დღე დაეთმობა სპეციალურ ინსტრუქტაჟს და 21 ივლისიდან ისინი რეგიონებში გადანაწილდებიან. გრძელვადიან დამკვირვებლებს მივავლენთ აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. მოკლევადიანი დამკვირვებლები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ და ქვეყნის მასშტაბით იმავე რეგიონებში იქნებიან წარმოდგენილნი. დამატებით ორი ჯგუფი გაიგზავნება გორში.”

ანდრეა ქერბსის თქმით, გრძელვადიანი დამკვირვებლების რაოდენობა 12 იქნება, მოკლევადიანების კი - 24-26.

თავის მხრივ, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა განაცხადა, რომ ორივე ორგანიზაციის დამკვირვებლები არჩევნების მონიტორინგის პროცესში გაეროს მიერ 2005 წელს მიღებული პრინციპებით იხელმძღვანელებენ:

”ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით და არჩევნებს ვაკვირდებით ადრეული 90-იანი წლებიდან. ყველა ჩვენგანი დაინტერესებულია ამ ქვეყნის განვითარებით, იმიტომ რომ ამ ქვეყნის განვითარება და ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ხალხისთვის, არამედ რეგიონისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის.”

NDI-ის დელეგაცია, კენეტ ვოლაკის ხელმძღვანელობით, საქართველოს 25 ივნისიდან სტუმრობს. 29 ივნისს ორგანიზაცია წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვების წინასწარ შედეგებს გამოაქვეყნებს, გრძელვადიან მონიტორებს კი უახლოეს მომავალში - ივლისში - მოავლენს.