ბოლო დღეების განსაკუთრებულ მოვლენად მიმაჩნია, ქართული მენტალიტეტისა და ქართველთა შესახებ, აშშ ელჩის ჯონ ბასის მიერ ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები, კეძოდ:
1) ელჩის აზრით, საქართველოს წინაშე მდგარ სირთულეებს შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმაა. მან გაიხსენა ქართველ ბიზნესმენებთან გამართული სადილი, სადაც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა განუცხადა, ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რაც, მისი თქმით, ბევრი პრობლემის სათავეა. ბასმა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად იზიარებს ამ მოსაზრებას.
2) ელჩის თქმით, ამის შედეგია მეორე პრობლემა, რაც თავის მხრივ, განსხვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში, ტოლერანტობის ნაკლებობაში გამოხატება.
3) "ამის ერთ-ერთი მიზეზი ის ოცწლიანი პროცესია, როდესაც ქართველები წყვეტენ, თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში. ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც ქართველობა ეს არის ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი იყო. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ", - განაცხადა ჯონ ბასმა.
4) ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევას ოპტიმისტრად უყურებს, ოპტიმიზმის საფუძველს კი აძლევს ის „მენტალური რევოლუცია“, რაც მოხდა ბოლო დროს საქართველოში და ეს პროცესი გრძელდება. მისი თქმით, "ეს ხალხთან ურთიერთობაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, ქართველები თანამედროვე სამყაროს და საქართველოს ადგილს ამ სამყაროში უკვე სხვაგვარად აღიქვამენ, რაც დიდწილად ახალი თაობის დამსახურებაა".
ცხადია, სხვა სახელმწიფოს ელჩი საჯაროდ ასეთ შეფასებებს მოერიდებოდა, მაგრამ აშშ-საქართველოს „განსაკუთრებული“ ურთიერთობების გამო ჯონ ბასმა საკუთარ თავს ამის უფლება მიცა, რაც ჩემი აზრით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ხელს არ შეუწყობს. პირიქით, თუ არ მოხდება, აღნიშნული გამონათქვამები დაზუსტება და არ განიმარტება მათი ცალკეული შინაარსი, შეუძლია ორმხრივ ურთიერთობებს ავნოს კიდეც. როგორც ცნობილია პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე ადამიანთა კერძო შეხედულებების ფორმირება, ხშირად გარემოს ზემოქმედებით ხდება. ჯონ ბასის მიერ აღნიშნული „მენტალური რევოლუცია“ პატივცემული ელჩის მიგნება არ არის. ამ მენტალურ რევოლუციაზე ბევრნი წერდნენ, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუკსმანისა და ფელიქს მარკოს ტექსტი გამოქვეყნდა 2010 წლის 11 ოქტომბერს ყოველდღიურ ფრანგულ „ფიგაროში“- " ატლანტიზმი "ახალი მსოფლიოს" გამოწვევების წინაშე", სადაც პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ სულ რაღაც შვიდი წლის წინ გაკოტრებული საქართველო, დღეს პლანეტის ყველაზე ინოვაციური პოლიტიკური და ეკონომიური რეფორმების ლაბორატორიაა. აქვე დასძენს, რომ ამ "ლაბორატორიას" დაახლოებით 30-მდე 40-50 წლის ასაკის ატლანტისტური პრინციპების ერთგული ენთუზიასტი ახალგაზრდა მართავს“. (ელექტროჟურნალი „კალმასობა“).
საქართველოში მიმდინარე მენტალური რევოლუციის შესახებ თვითონ მ.სააკაშვილიც ხშირად საუბრობს მაგალითისათვის ავიღოთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა აშშ- ის ერთ–ერთ კვლევით ცენტრში 2010 წლის დეკემბერში, სადაც იგი ამბობდა, რომ თითქოს „ 10.000 ინგლისური ენის მასწავლებლის ჩამოყვანა, მნიშვნელოვნად ცვლის ქართველთა მსოფლაღქმას“. როგორც ვხედავთ ორივე შემთხვევაში მთავარი სამიზნე, პატრიარქალური საზოგადოება და ძველი „დრომოჭმული“ მენტალიტეტია. მისი შეცვლის აუცილებლობა შემდგომი პროგრესის აუცილებელი პირობაა. საზოგადოების შეცვლას კი მასში არსებული ღირებულებები უშლის ხელს, ეს ღირებულებები ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ენასთან, ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიასთან. ჯონ ბასი, ქართველების დახასიათებისას გამოყენებული მახასიათებლებით ორიგინალური არ არის, მსგავსი პრობლემა ევროპის ბევრი ქვეყნის წინაშე დგას და ისინი, არა ჯონ ბასის დონეზე, არამედ სახელმწიფოთა უმაღლესი პირების მიერ გაკეტებული განცხადებების დონეზე განიხილებიან. ასე მაგალითად. ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა 05.02.11 მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ „მულტიკულტურების პოლიტიკა ჩავარდა“. მისი თქმით, ევროპის ქვეყნები იძულებულნი არიან „მოითმინონ სეგრეგირებული საზოგადოება, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ფასეულობებს“. უფრო ადრე 16.10.2010. ბავარიის პრემიერმინისტრმა და გერმანიის ქრისტიან სოციალური კავშირის თავმჯდომარემ ჰორსტ ზეეჰოფერმა, პოტსდამში ახალგაზრდა „ქრისტიან სოციალურ კავშირთან“ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მულტიკულტი მოკვდა (“Multikulti ist tot“) და ვისაც არ სურს ჩვენი ენის სწავლა მას არ ექნება მომავალი ჩვენს ქვეყანაში“.
ევროკავშირში მულტიკულტის შინაარსი, ძირითადად ხიზნების პრობლემასთანაა დაკავშირებული. ხიზნები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოედინებიან (ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან, წინა აზიიდან და აფრიკიდან), ეკონომიკურ ლტოლვილებს წარმოადგენენ და კულტურულად და ეთნიკური ფსიქოლოგიით, ძალიან განსხვავდებიან მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობისაგან.
„როდესაც თეთრი ფერის ადამიანი უშვებს გარკვეულ გამონათქვამებს სხვა ფერის ადამიანთან მიმართებაში, ჩვენ მას „რასისტს“ ვუწოდებთ“, – განაცხადა მიუნჰენში დევიდ კემერონმა და დანანებით აღნიშნა, რომ როცა არაბები, შავკანიანები, ან ზოგადად, აზიელები შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მოქალაქეებს, მისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მისი გაკიცხვის ყველას ეშინია“.
1999- 2003 წლებში ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების სწრაფი ტემპების ფონზე, მულტიკულტის არაერთი აპოლოგეტის გონებაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ევროპელ ერებს საკუთარი სახელმწიფოებრიობა დიდად არ ადარდებდათ და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საერთო ნიშანს წარმოადგენდა საერთო ვალუტა „ევრო“.
მსგავსი ილუზია გაუჩნდათ ასევე, ევროკავშირში მცხოვრებ მიგრანტებს. განსაკუთრებით ისეთ დიდ ჯგუფებს, როგორებიცაა, თურქული, არაბული და სხვადასხვა აფრიკული ქვეყნებიდან მიგრირებული ჯგუფები. აღნიშნულმა ჯგუფებმა მოისურვეს „პატარა სამშობლოების“ მოწყობა საკუთარი ტელევიზიებით, გაზეთებით, მაღაზიების ქსელით, მიზგითებითა და მინარეთებით. აღნიშნული ილუზიიდან „პატარა სამშობლოების“ მოსურნენი, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა, სწრაფად გამოაფხიზლეს, საკანონმდებლო ცვლილებებით. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო, უკვე მიგრირებული უცხოელების სწრაფ ინტეგრაციას და სოციალიზაციას ადგილობრივ საზოგადოებაში, რელიგიური დაჯგუფებების მკაცრ კონტროლს და ახალი მიგრანტების მიღების წესის შეზღუდვას.
კულტურათა შერევისა და გაერთიანებულ სამართლებრივ სივრცეში ერთად მოქცევის კონცეფცია, ევროკავშირის საერთო კონსტიტუციის უარყოფის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა, მაგრამ უკანასკნელ პერიოდამდის აღნიშნული პრობლემა ასე ცხადად არ ჩანდა ზედაპირზე.
კულტურათა თვითმყოფადობისა და საკუთარი სახის შენარჩუნების ინსტიქტმა აჯობა, ევროკავშირის საერთო სახელმწიფოდ გადაქცევის ტენდეციას. ევროკავშირი შეჩერდა, ინტეგრაციის იმ ფაზაზე, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში ცნობილია, როგორც ინტეგრაციის უმაღლესი სტადია - ერთიანი სავალუტო გაერთიანება.
შემდეგი ინტეგრაცია, უკვე არაბუნებრივი, ეროვნულ სახელმწიფოთა კომპეტენციების არასასურველ დელეგირებას მოასწავებდა, ამიტომ რეფერენდუმებზე უარი ეთქვა ერთიან კონსტიტუციას და ეროვნულმა სახელმწიფოებმა შეინარჩუნეს საკუთარი საზოგადოების სოციალური მანქანის ფუნქციები. ეროვნული სახელმწიფოების მიერ საკუთარი ფუნქციების შენარჩუნება პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა.
კონსერვატიულ მიმდინარეობებსა და ექსტრემალურ მემარცხენე პარტიებს შორის აღნიშნული თემა ოდენ დისკუსიის საგანი კი არა, არამედ პოლიტიკური წარმატების საფუძველიცაა, რადგან ამომრჩეველთა დიდი ნაწილი დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის მომავლით. ვიმეორებ, საკუთარი ქვეყნის და არა რაღაც ანონიმური საკრებულოს ბედით. მულტიკულტის პოზიციები ევროკავშირში საფუძვლიანად შეირყა, უცხო კულტურათა დაჟინებით მიმდევართ ზეეჰოფერის და კემერონის ზემოთმოყვანილი ციტატები ამცნობს შემდეგს- ჩვენ არ დავთმეთ ჩვენი ღირებულებები, ერთმანეთის წინაშე, ასევე არ დავთმობთ ამ ღირებულებებს თქვენი სურვილის მიხედვით, თუ გინდათ ჩვენს გვერდით ცხოვრება, აღიარეთ ჩვენი ღირებულებები და იცხოვრეთ მათში.
რა ღირებულებებზეა აქ საუბარი, რის დაცვას ითხოვენ მასპინძლები? ეს არის პირველ რიგში ენა, ენისადმი პატივისცემა და მისი ცოდნა. უნდა აღინიშნოს, რომ მეტნაკლები განსხვავებებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები უამრავ თანხებს ხარჯავენ მიგრანტთა ინტეგრაციის პროგრამებზე. დაწყებული პროფესიული გადამზადებებით დასრულებული მათი ფიზიკური ჯანმრთელობით.
ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სკოლებში მიგრანტთა ბავშვების ადაპტაციას, სრულ სოციალიზაციას და მათი სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობას. უფროსი თაობის კვალიფიკაციას და დასაქმებას. შემდეგი ღირებულება ესაა, ევროპული ისტორიის გამოცდილებით ჩამოყალიბებული სამოქალაქო ურთიერთობების მიღება. აღნიშნული სამოქალაქო ურთიერთობების ეთიკა შინაარსით ქრისტიანული წარსულის შედეგია, რაც ხშირ შემთხვევებში, ართულებს მასში უცხო მენტალიტეტის მიგრანტთა ინტეგრაციას.
დამეთანხმებით, რომ ახალი აღქმისეული მორალი „გიყვარდეს მტერი შენი“, ძნელად გასაგები და მისაღები მხოლოდ ანატოლიის ზეგანიდან ჩამოსული მიგრანტისთვის არ არის. ევროპული სამოქალაქო ურთიერთობები კანონისა და მოქალაქეთა ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, რასაც ხშირ შემთხვევებში ახალი მოსახლე ფეხს ვერ უწყობს, ან უარეს შემთხვევაში კანონს ექცევა ისე, როგორც მისთვის მშობლიურ ქვეყანაში ექცეოდა.
ასეთ შეთხვევაში, მასპინძელი სახელმწიფოს რეაქციას მიგრანტი მტრულად აღიქვამს და შემდეგში მისი მტრული დამოკიდებულება მთელს საზოგადოებაზეც ვრცელდება. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც საერთოა ამ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენთან?
ბოლო წლებში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ადამიანთა მსოფლაღქმა თავისთავად შეცვალა. ეს ეხება როგორც დასავლეთ ევროპის მოქალაქეს ასევე მის მიმართ ყოველთვის შურით განწყობილი უცხოელს. ევროკავშირის აღმოსავლეთით მოიშალა იდეოლოგიური ჩარჩოები და იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კომუნიზმის იდეოლოგიურ ჩარჩოებში ცხოვრობდნენ, უჭირთ საკუთარი თავის ხელახალი შეცნობა. თვითიდენტიფიკაციის გარეშე კი საკუთარი გარემოს, საკუთარი სახელმწიფოს შექმნა, ძნელად წარმოსადგენია. თვითიდენტიფიკაციის პროცესს ხელს უშლის არა მარტო ახალი გარემოს გაურკვევლობა,ახალი და არასტაბილური ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ ადამიანებზე ძალისმიერი ზემოქმედებით მათი იძულება რათა ახალი მენტალიტეტი ჩააბეტონონ მათში. ახალი მენტალიტეტი, რომლის შემადგენელი ნაწილი აღარ იქნება ჯონ ბასის მიერ გაცხადებული პრობლემა „როდესაც ქართველები წყვეტენ, თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში. ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც ქართველობა ეს არის ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი იყო. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ".
მე მეეჭვება, რომ ასეთი წესით მსოფლაღქმა იცვლებოდეს. ეჭვი მაქვს, რომ ჯონ ბასის მიერ აუცილებლობად მიჩნეული მენტალური ცვლილება, სწორედ იმ ტენდეციის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში შეინიშნება და რომლის შესახებაც წერილის დასაწყისში ვწერდი. საკუთარი ენის დაცვის და საქართველოს იმ მოქალაქეთა ადაპტაციისა ნაცვლად, რომლებიც ქართულ ენას სწორად ვერ ფლობენ (და ამის გამო სასწავლებლებსა და სამსახურს ვერ შოულობენ), ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხაზინის ხარჯით ჩამოიყვანა პედაგოგები, რომლებმაც უცხო ენა უნდა შეასწავლონ საქართველოს მოქალაქეებს და ამას დაერქვა „მენტალური რევოლუცია“.
ქართული ენა დაცულობის თვალსაზრისითაც და განვითარების პერსპექტივითაც, დღეს უფრო უარეს მდგომარეობაშია ვიდრე ავადსახსენებელი სუსლოვის პერიოდში.ნაციონალური პროპაგანდის საშუალებით, ქართული ენა იქცა არა განათლებისა და პერსპექტივის საშუალებად, არამედ პროგრესის ხელშემშლელ ფაქტორად. ქართულმა ენამ დაკარგა შიდასახელმწიფოებრივი ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფუნქცია, იგი ჩაანაცვლა უცხო, 10.000 მასწავლებელმა. იგივე ითქმის სახელმწიფო ორგანოებისა და სამართლებრივი სივრცის შეგნებულად პარალიზების შემთხვევებზეც. აქ ცოტა ვრცლად შევჩერდები ენის ფუნქციაზე ვინაიდან ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ჯონ ბასის მიერ გამოთქმულ თეზისთან „როდესაც ქართველები წყვეტენ, თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში. ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც ქართველობა ეს არის ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი იყო. ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ"
როგორ ყალიბდება ეროვნული თვითიდენტიფიკაცია და რა თვისებებისაა? იცვლება თუ მუდმივია ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორები? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ალბათ თვით ეროვნული იდენტობის შესწავლისათვის დღეს არსებული მეთოდებს უნდა გავეცნოთ. დღეისათვის საკუთარი ეროვნული იდენტობის აღქმა ხდება, ეროვნული სახელმწიფოს მიერ, ნორმებისა და საკუთარი მოქალაქეებისათვის ღირებულებების დეფინირებით. აღნიშნული ნორმებისა და ღირებულებების დანიშნულება ისეთი სოციალური ძალის ჩამოყალიბებაა, რომელიც ერთი ქვეყნის ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. აღნიშნული შემაკავშირებელი ძალის უმთავრესი შემადგენელი ფაქტორი, ეროვნული კუთვნილების მიხედვით ურთიერთსოლიდარობაა. ურთიერთსოლიდარობა ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს ძალას, რომელსაც საზოგადოების ყველა წევრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს და უფრთხილდება. ეროვნული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ურთიერთდაკავშირების და სოციალიზაციის მრავალი მეთოდი გააჩნია (ისტორიკოსი ზიგფრიდ ვაიჰლაინი მათ შორის გამოყოფს სიმბოლოებს, რიტუალებს და სოციალიზაციის პროცესს სკოლაში, საერთო ენის მეშვეობით. Weichlein 1997: გვ.187), როგორც დასაწყისში ავღნიშნე, აუცილებელია პასუხი კითხვაზე თუ საიდან ჩნდება ეროვნული კუთვნილების გრძნობა და როგორ ხდება სხვადასხვა ინდივიდუალური ასპექტების ჰომოგენიზება ერთი ეთნოსის წიაღში. ბერძნული სიტყვა ეთნოსი, ამ შემთხვეაში არა მარტო ადამიანთა პოპულაციის, არამედ საზოგადად ჰომოგენური ერთობის აღმნიშვნელი ტერმინია
ისეთი მახასიათებლების გვერდით როგორებიცაა- ხალხი, ეროვნული კულტურა და სახელმწიფოს ტერიტორია, ეროვნული თვითიდენტიფიკაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საერთო წარმომავლობა (ius sanguinis) , იგი წარმოადგენს ე.წ. რესპუბლიკური (ius soli- დაბადების ადგილის ფაქტორი) საწინააღმდეგოს. თუ პირველ შემთხვევაში პოპულაცია, წარმოშობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თვითიდენტიფიკაციის და ჰომოგენურ ბაზისადაც შეგვიძლია განვიხილოთ, მეორე შემთხვევში მოქალაქეობა დაბადების ადგილის მიხედვით განისაზღვრება და მოქალაქეთა გაერთიანება უფრო პოლიტიკური საკრებულოს ხასიათისაა. აღნიშნული პრინციპები ეროვნული თვითიდენტიფიკაციის განსაზღვრისას და ჰომოგენურ საფუძვლად ერთნაირი წარმატებით ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან მხოლოდ დაბადების ადგილის ფაქტორის გათვალისწინებისას, იგნორირებულია საერთო კულტურული ღირებულებები რაც ისტორიულ ტრადიციებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ერისა და ინდივიდის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრისათვის. საერთო წარმომავლობა, ენა და კულტურა ეროვნული თვითიდენტიფიკაციის უმთავრეს საფუძვლებს წარმოადგენს. როგორც უკვე ავღნიშნე ეროვნული სახელმწიფოს მოქალაქეთა ურთიერთდაკავშირების და სოციალიზაციის მრავალი მეთოდი გააჩნია. მათ შორის სკოლა და სკოლისშემდგომი სწავლება ერთ ერთი უმთავრესია.
როგორც ვხედავთ ევროპის სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში, ყველა ის პრობლებლემა, რომელსაც ჯონ ბასი ნაცპარტიის მიერ წლების განმავლობაში დანერგილი ცრულიბერალური და ცრურეფორმატორული წყაროებით იცნობს სულ სხვანაირად აღიქმება. ნიშანდობლივი იყო ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ეკონომიკურმა კომისარმა შტეფან ფიულემ 2010 წელს საქართველოს „რეფორმატორებს“ მიუთითა მათ მიერ საკანონმდებლო დონეზე დანერგილი ეკონომიკური „ლიბერალიზმის“ ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებლობაზე. ასევე მიუთითებენ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სისხლის სამართლის კოდექსის არნახულ დარღვევებზე. მმართველი ელიტის წარმომადგენლები, აღნიშნულ „რეფორმებს“ წარმოადგენენ გაურკვეველი ლიბერალიზმის სახელით, არადა ლიბერალური კანონმდებლობისა და ეკონომიკის ქვეყნებში კარდინალურად განსხვავებული შეხედულებებია იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენი „ლიბერალები“ მათი სახელით თავს გვახვევენ. ევროკავშირის კომისრის შენიშვნამ ქართველ „ლიბერალ“ ექსტრემისტებში დიდი პროტესტი გამოიწვია. ეკონომიკის ანბანის უცოდინარ, კახა ბენდუქიძის ჯგუფიდან გამორჩეულად აქტიურობს ყოფილი ჟურნალისტი მიშა თავხელიძე. მისი დიალოგი ტელეეთერით წარმოადგენს საქართველოს როგორც აგრარული ქვეყნის და აგრარული სექტორის მიმართ პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების უარყოფას. ღირებულებათა სისტემის რღვევამ გამოიწვია საზოგადოების ინდეფერენტულობა, ყველა საზოგადო საქმისა და პრობლემისადმი. ჩვენ შევეჩვიეთ უაღრესად არაკომპეტენტური პიროვნებების მიერ, აჩემებული იდეების პროპაგანდას. ამ აჩემებულ იდეებს უმეტეს შემთხვევაში მათივე ავტორების ფინანსური ინტერესები წარმოადგენს და არა რაიმე მეცნიერული ან ეკონომიკური საფუძვლები. ამ კერძო შემთხვევაშიც ასეა. ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან 2011 წელს ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და დაცვისათვის გამოყოფილია საერთო ბიუჯეტის 41,3 % ანუ 58,7 მილიარდი ევრო. აღნიშნული თანხიდან პირდაპირი დახმარებების, სუბვენსიებისა და საბაზრო ურთიერთობების ინსტრუმენტებად გამიზნულია 42,9 მილიარდი ევრო (ევროკავშირის ბიუჯეტის 30,2 %. საერთო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილში 2011 წელს განსაზღვრულია 126,5 მილიარდი ევრო. იხ. ევროკავშირის „ევროკავშირის ბიუჯეტი დეტალებში“ 2011 ). მართალია წინა 2010 წელთან შედარებით თანხები შემცირებულია 2,1% ით, მაგრამ დამეთანხმებით სხვაობა არ ატარებს ისეთ ხასიათს როგორიც ჩვენს ”ნაცებს” ჩვევიათ (ერთ დღეში აკრძალვა, ან რაიმეს ძალით დანერგვა, ჯარიმების შიშით), აგრარპოლიტიკაში, როგორც სამეცნიერო დისციპლინაში პროტექციონისტული პოლიტიკა ახალი არაა, თუ გავიხსენებთ მე- 18 საუკუნეში იუსტუს მიოზელის „პატრიოტულ ფანტაზიებს“. (1787 წ.) და სხვა მიმდინარეობებს.
სამეცნიერო და პრაქტიკული გამოყენების მხრივ აგრარპოლიტიკაში დიდი გარდატეხის პერიოდი დადგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაშინ როდესაც მიწასთან გასწორებული ევროპა ე.წ. „მარშლის გეგმის“ განხორციელებას შეუდგა. გარდამავალი ეტაპის ქვეყნებისათვის სამაგალითო იყო 1950 წელს გერმანიის ბუნდესტაგში გამართული დებატები ნეოლიბერალებს (ჰაინრიხ ნიჰაუზი) და პროტექციონისტული პოლიტიკის მხარდამჭერთა (ჰაინც ჰაუზჰოფერი), შორის. ადგილობრივ მწარმოებელთა საბედნიეროდ გაიმარჯვა პროტექციონისტული პოლიტიკის კურსმა, რის შედეგადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა და გლეხებმა სახელმწიფოსაგან მიიღეს ძლიერი მხარდაჭერა.
ევროკავშირამდის მისმა წევრმა ქვეყნებმა განვითარების სხვადასხვა გზა განვლეს, ამიტომ ევროკავშირის ინსტიტუციები ცდილობენ ქვეყნების მოსახლეობას ურთიერთადაპტაციის უკეთესი პირობები შუქმნან. ეკონომიკური და ფისკალური ფაქტორების გარდა, ამ ინსტრუმენტად სწორედ აგრარული სექტორისადმი პროტექციონისტული პოლიტიკა გამოიყენება, აგრარულ სექტორში ხომ უამრავი ადამიანია დასაქმებული.
საერთო ჯამში პროტექციონისტული აგრარული პოლიტიკა, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, აყოვნებს აგრარული სექტორის განვითარებას, მაგრამ ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ, სახელმწიფო ინსტიტუციისა ან სუპრანაციონალური ორგანოს მიერ, ფასთწარმოქმნისათვის ხელშეწყობა კი არ ხდება, არამედ მიმდინარეობს ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების შემოსავლის ზრდაში გაწეული პირდაპირი ხარჯები. საქართველოს ექსპერიმენტატორი მმართველები იმის ნაცვლად რომ ახდენდნენ, მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ხელშეწყობას (მაგალითისათვის მევენახეობაში, გაშენებული ფართობის მიხედვით, ღვინის ექსპორტიორისათვის საექსპორტო კრედიტის მიცემაში), ახდენენ შიდა ბაზრის დახურვას, რომელიმე ჯიბის „ბიზნესმენის“ სასარგებლოდ. ასეთი „ბიზნესმენი“ კი, მათი პარტიისა დამფინანსებელი, მათი ლოკალური გართობების დამფინანსებელი ყულაბაა და არა საერთო სახალხო დოვლათის შემქმნელი. პროტექციონისტული პოლიტიკა გარდამავალი ეტაპის პოლიტიკაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი ბაზრების ათვისებას და ადამიანებისათვის სამუშაო ადგილის შექმნას.
ნაც. მოძრაობის დანაშაული, მხოლოდ აღვირახსნილი ძალადობა კი არაა, არამედ ფსევდოლიბერალიზმის სახელით, მიზანმიმართული ბრძოლა ქართული ეროვნული პროდუქტის მწარმოებელის წინააღმდეგ, მათი დამოკიდებულება ქართული ენისა და ისტორიული მემკვიდრეობისადმი, ქართული კულტურისადმი. ამ დამოკიდებულების გამოხატულებას ნაცპარტიის აქტივისტებისა და ფუნქციონერების მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ. ახლა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორული ხელშეკრულებით დაკავშირებული ქვეყნის ელჩის ჯონ ბასის მოხსენებაშიც აღინიშნა და იმ შემთხვევაში თუ ბატონი ბასის გამონათქვამები, მისი კერძო შეხედულება არ არის და საქართველოს მიმართ აშშ- ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის საერთო აზრია, ჩვენ ქართველები, სერიოზული დილემის წინაშე ვდგებით. გარდა იმისა, რომ ჩვენი მისამართით გამოითქვა „ტოლერანტულობის ნაკლებობის“ ბრალდება, ჩვენ სერიოზული არჩევანი დაგვიდგა წინ. არჩევანი რომელიც ჩვენს თვითიდენტიფიკაციას, ცხოვრების წესს, ჩვენს წარსულს და მომავალს დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს.
ხშირად ამბობენ, რომ გერმანელს გამოარჩევ თავისი პუნქტუალურობით და საქმისადმი დამოკიდებულებით, ხოლო ქართველს არ გააჩნია არაფერი განსაკუთრებით გამორჩეული თვისება, რომელსაც მოფრთხილება ჭირდება. ალბათ ამიტომაც ამბობენ რომ ყველაფერი, რაც ჩვენშია უნდა რევოლუციის ძალით გარდაიქმნას. მე კი მგონია, რომ პუნქტუალობა, საქმიანი ადამიანების საერთო თვისებაა და იგი რომელიმე ერის კუთვნილება არაა. ასევეა საქმის ერთგულება და შრომის სიყვარულიც. ჩვენი ეროვნული თვისება გონიერი სამეურნეო ცხოვრება და გონიერი სამეზობლო პოლიტიკა, უძლიერეს იმპერიებს შორის ცხოვრების ხელოვნება, საკუთარი კულტურის განვითარება და სხვათა კულტურის გაზიარება. ამ გზაზე კი, ქართველებმა ათეულობით საუკუნის გამოცდილება დავაგროვეთ და დღესაც ცოცხალია ეს გამოცდილება, სწორედ ამ გამოცდილებათა გათვალისწინებით უნდა მოვახდინოთ ქართული სახელმწიფო ინსტიტუციების ადაპტაცია, ეროვნული ფასეულობების განვითარებისათვის.