"ფეხით რომ ვიაროთ, მაინც გავაგრძელებთ საქმიანობას"

"ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების და ბანკებში წილების დაყადაღების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ამან კოალიციის საქმიანობას ხელი შეუშალოს. თუმცა, როგორც იქ ამბობენ, დაჯარიმება მათ საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის და "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. როგორც "რეზონანსს" "ქართუ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა უთხრა, ბანკის დაყადაღებით კოალიციას პრობლემა არ შეექმნება.

"ბანკების დაყადაღება კოალიციის პარალიზებას არ გამოიწვევს. ფაქტია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ბანკი ხელში ჩაიგდოს, ეს აქვს განზრახული. მისივე თქმით, პრობლემა, დაყადაღების მიუხედავად, არც ბანკს შექმნია.

"ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ანაბრების და თანხის გატანის პროცედურებიც კი არ გახშირებულა.

მუშაობის პროცესშიც არაფერია შეცვლილი. ყველანაირი პროცედურა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. სანამ ჩვენ ვართ ბანკის სათავეში, მომხმარებლებს არაფერი ემუქრებათ," - ამბობს ჯავახიშვილი.

როგორც ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძემ "რეზონანსს" უთხრა, თუ ხელისუფლება პარტიების ანგარიშებს დააყადაღებს, კოალიციას საქმიანობაში ნაწილობრივ ხელი შეეშლება, თუმცა გაჩერებას არ აპირებენ.

"კოალიციის აქტივობას და ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას ნებისმიერ შემთხვევაში განვახორციელებთ. ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები, ორი ლარიდან დაწყებული, თანხებს გვირიცხავენ და ცდილობენ, თავიანთი მინიმალური წვლილი შეიტანონ კოალიციის საქმიანობაში. მაგრამ ხელისუფლება უკვე ამასაც გვიშლის და ეს საფრთხეებიც თანდათან მატულობს," - ამბობს კობახიძე.

პარტიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ კონტროლის პალატამ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების ანგარიშებიც დააყადაღოს.

"ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი და გადასულები არიან ყველანაირ ძალადობრივ ქმედებაზე. არანაირ კანონს ამათთვის ძალა არ აქვს. წესების გარეშე ბრძოლას გვიცხადებენ. ოფისების და ფურცლის გარეშე რომ დავრჩეთ, მაინც გავაგრძელებთ საქმიანობას, არის იმის რესურსი, რომ ადამიანებმა საკუთარი ინიციატივით, ენთუზიაზმით და ძალისხმევით გააკეთონ ის საქმე, რომელიც ამ ქვეყნისთვის ერთადერთი გადარჩენაა.

"ნამდვილად ვერ გაგვაჩერებენ იმის გამო, რომ ბანკში ჩვენი ანგარიშია დაყადაღებული, ან კოალიციაში შემავალი პარტიები დააჯარიმეს. ფეხით რომ ვიაროთ, მაინც გავაგრძელებთ საქმიანობას. იმ ადამიანებისგან, რომლებიც კიდევ ორჭოფობენ, ჩვენ გვერდით დადგნენ თუ არა, უფრო მეტი მხარდაჭერა წამოვა."

მისივე თქმით, პარტიას აქამდე თავიანთი წევრებისთვის ხელფასები არ გადაუხდია, მაგრამ ხალხი მაინც აგრძელებს მუშაობას.

"არანაირ ხელფასებს არ ვიხდით და შესაბამისად, არც ვიღებთ პარტიის თანამშრომლები. პარტიის ეგიდით თანხები არც მომავალში დარიგდება. ამის მიუხედავად, მაინც ვმუშაობთ და ბოლომდე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არჩევნებამდე მივიდეთ."

რაც შეეხება ოფისის იჯარის თანხებს, კობახიძე ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევა ამაზეც შეიძლება. "შესაძლოა, ეს ოფისები უსასყიდლოდაც დაგვითმონ მეპატრონეებმა და ეს პარტიისთვის მათი მხრიდან შემოწირულობა იყოს.

"მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელს თავის საკუთარ სახლში აქვს ოფისი გახსნილი და ამაზე ვერავინ ვერაფერს ეტყვის - რატომ მოქმედებს ოზურგეთის შტაბი მის ბინაში. იდეისთვის ბრძოლა ღირს იმად, რომ ჩვენ მსხვერპლი გავიღოთ, ბინა იქნება ეს თუ ჩვენი პირადი სახსარი, ამ საქმეში ბოლომდე ჩავდოთ."

ამას გარდა, "ოცნება" საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აპირებს.

"მეგობარი ქვეყნები, აშშ-ს საელჩო, ევროკავშირის ქვეყნები აუცილებლად იქნებიან ინფორმირებულები იმის შესახებ, რა ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველას ჩავაყენებთ საქმის კურსში, რა დიქტატორულ რეჟიმს ქმნის ეს ხელისუფლება. რა არჩევანზე უნდა იყოს საუბარი, თუ მარტო "ნაციონალური მოძრაობა" დარჩა ამ ქვეყანაზე? როცა ოპოზიციას სამართლებრივ, თანასწორ გარემოში ბრძოლის შესაძლებლობას ართმევს, რა არჩევანი უნდა გააკეთოს ხალხმა? შესაძლოა, ძალიან უნდათ და ეს ბრძოლაც აქეთკენ აქვთ მიმართული, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასე არ იქნება."

"პარტიების ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში არ ვიცი, კოალიცია საქმიანობას როგორ გააგრძელებს, ეს თავად ამ პარტიების გადასაწყვეტია, მაგრამ რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ სრულიად უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებით ცდილობს, კოალიციის საქმიანობის ბლოკირება და პარალიზება მოახდინოს," - ამბობს ადვოკატი სანდრო ბარამიძე.

რაც შეეხება პარტიების დაჯარიმების გასაჩივრებას, ბარამიძე ამბობს, რომ ამ დრომდე განაცხადი არ ჩაბარებიათ.