"ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა - თინა ხიდაშელმა, არჩილ კბილაშვილმა და ამერიკელმა ადვოკატმა მეთიუ ორსმანმა 20 ივნისს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გაერო-ს ადამიანი უფლებათა კომისიაში საჩივარი შეიტანეს. საჩივარი ეყრდნობა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატურ ოქმს და შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევისა და მისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობაზე უარის თქმას, რომ მოქალაქეობის თვითნებურად ჩამორთმევა ცალსახად არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით თინათინ ხიდაშელი: "მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ სიკვდილში ეჭვი არ მეპარება"
"ასევე 20 მაისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ჟენევის პრესკლუბში პრესკონფერენციაც ჩაატარეს და გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიის წარმომადგენლების, ჟენევაში აკრედიტებული მედიისა და პოლიტიკური უფლებების დამცველი ორგანიზაციების წინაშე ისაუბრეს საქართველოში არსებული პრობლემებისა და უმძიმესი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა თინა ხიდაშელმა, რომლის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების არაადეკვატურობის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების დევნის, ზეწოლისა და პოლიტიკური რეპრესიების გახშირების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ინსტიტუტებმა სწრაფი მოქმედება დაიწყოს, რათა უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა. სააკაშვილის ხელისუფლების მოსალოდნელი და აუცილებელი ცვლილებების თაობაზე ამერიკელმა ადვოკატმაც ისაუბრა, რომელმაც გაიხსენა ჰილარი კლინტონის მოწოდება ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით და აღწერა ყველა ის საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემა და დარღვევა, რომელიც იკვეთება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებში", - აღნიშნავს გამოცემა.
"გაერო-ს კომისია არ იღებს სავალდებულო ძალის გადაწყვეტილებას - ეს არ არის სასამართლო. თუმცა, როგორც წესი, ყველა ქვეყანა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იზიარებს ხოლმე. მე ველოდები, შეიძლება გაჩნდეს შანსი, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაკეთდეს განცხადება და გამოვიდეს დოკუმენტი, რომელიც დაავალდებულებს საქართველოს მთავრობას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას და შესაბამისად აღდგენას პოლიტიკურ უფლებებში. გამორიცხულია, გაერო-სთვის საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები დამაჯერებელი იყოს. ჩვენ ამაზე უკვე შეგვიძლია დაზუსტებით ვილაპარაკოთ იქიდან გამომდინარე, რა განცხადებაც გაკეთდა და რა დასკვნაც გამოაქვეყნა გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა. იქ წერია, გაერო-ს სტანდარტი რა არის. ამიტომ ამ შემთხვევაში ვარაუდებით კი არ ვლაპარაკობთ, არამედ ფაქტით, დოკუმენტით, რომელიც 20 ივნისს წარედგინა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილზე პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა მოხდა მოქალაქეობის ჩამორთმევით! ამიტომ ზუსტად ვიცით, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს. აქ საქმე ისაა, რა ვადაში მოხდება ეს ყველაფერი, თორემ შედეგი რა იქნება, ეს სრულიად ნათელია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
"საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ყველამ ყველაფერი იცის. ყველასთვის ყველაფერი ძალიან კარგადაა ცნობილი. არანაირი კითხვები და აზრები არ აქვთ - ყველა ელოდება არჩევნებს იმიტომ, რომ არავინ დედამიწის ზურგზე, არც ერთი კეთილი ნების ადამიანი (პირველ რიგში ეს "ქართული ოცნების" ლიდერებს ეხებათ) არ არის მოტივირებული იმისთვის, რომ საქართველოში რამე დესტაბილიზაცია მოხდეს ხელისუფლების ცვლილებით. ამიტომ ჩვენ გვინდა არჩევნები. ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას და ყველას - მოითმინონ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელსაც ხელისუფლება ქმნის. 8 წელი ითმენდა მოსახლეობის დიდი ნაწილი და კიდევ 4 თვე როგორმე უნდა მოვითმინოთ, რომ ოქტომბერში ქვეყანას საფრთხე არ დამუქროს - მხოლოდ ამაზე ვსაუბრობ, თორემ მიშა სააკაშვილი ნაკლებად მანაღვლებს", - განაგრძობს თინა ხიდაშელი.
"სააკაშვილის წასვლა რომ გადაწყვეტილია, მე მგონი, ჰილარი კლინტონმა ამაზე ძალიან ცალსახად ისაუბრა - აქ რამე კითხვა არ არსებობს. ისევე, როგორც ბარაქ ობამასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე იყო საუბარი ხელისუფლების გადაცემაზე, ჰილარი კლინტონმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ ისაუბრა იმის შესახებ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც მიშა სააკაშვილი ხელისუფლებაშია - ეს, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ შენი დრო წავიდა", დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "მაშ რისთვსირა იბრძვის სააკაშვილი ხმალარებული?" - პასუხობს:
"სააკაშვილის "სიმტკიცეც", მე მგონი, გასაგებია - მას ვერ წარმოუდგენია ძალაუფლების დაკარგვა. მისთვის ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა, პოლიტიკური სიკვდილია და შეგუება არ შეუძლია. სააკაშვილის პოლიტიკური სიკვდილი ქართველი ხალხის, ქართველის ამომრჩევლის გადასაწყვეტია, მაგრამ მე ამაში ეჭვი არ მეპარება".