ბოლო პერიოდში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი სულ უფრო მცირდება. თუკი ერთი წლის წინათ შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 163,2 ლარს შეადგენდა, ამჯერად 154,1 ლარია. სავარაუდოა, რომ
ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და გამოირცხული არ არის, მინიმუმი არჩევნების წინ პენსიების ოდენობას გაუტოლონ.
ბოლო 3 თვეა სტატისტიკის სამსახური სამომხმარებლო კალათას ახალი მეთოდოლოგიით ითვლის, რომლის მიხედვითაც სასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი 40.1-დან 30.3 პროცენტამდე შემცირდა. „საქსტატის“ დირექტორის მოადგილის, თენგიზ ცეკვავას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ინფლაციის საერთო მაჩვენებლის ფორმირებაზე სურსათის ჯგუფის გავლენას შეამცირებს. მისი თქმით, „განახლებულ სამომხმარებლო კალათაში 12 სასაქონლო ქვეჯგუფია, რომელიც სულ 288 პროდუქტისგან შედგება. მათ შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტი ეროვნულ ანგარიშთა სისტემაზე დაყრდნობით მიიღებს. ამ სისტემის მიხედვით ხდება მთლიანი შიგა პროდუქტის გამოანგარიშება. აღნიშნული ცვლილება საქართველოს სტატისტიკის სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას უკავშირდება“, - ეს არის ცეკვავას ოფიციალური პოზიცია.
საქსტატში აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო კალათა შედგენილია შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებული მოხმარების სტრუქტურის საფუძველზე. მოხმარების პროპორციულად, თითოეულ საქონელს და მომსახურებას მინიჭებული აქვს შესაბამისი ხვედრითი წონა. სამომხმარებლო კალათა შეიცავს იმ საქონელსა და მომსახურებას, რომელთა მოხმარება ყველაზე ხშირია საქართველოს მომხმარებლების მიერ. კალათის განახლება 3 წელიწადში ერთხელ ხდება. უკანასკნელად ის 2010 წლის იანვარში განახლდა. ამჟამად კალათა 288 სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას შეიცავს.
საარსებო მინიმუმის სემცირებას ექსპერტები კურიოზს უწოდებენ.
„საარსებო მინიმუმის კალათა ხელისუფლებამ ხელოვნურად გააიაფა იმით, რომ კალორიულობა შეამცირა. ასეთი ხრიკებით ცდილობენ უცხოელები დაარწმუნონ, რომ ჩვენთან ცხოვრება საამურია, მაგრამ მსოფლიოში იზრდება ფასები სურსათზე, იზრდება საქართველოშიც და როგორ შეიძლება საარსებო მინიმუმი მცირდებოდეს? იმის დასტურად, რომ საარსებო მინიმუმი ხელოვნურად არის შემცირებული, ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: რატომღაც, საქართველოში საარსებო მინიმუმის კალათაში მამაკაცისათვის სამჯერ ნაკლები ხორცია გათვალისწინებული, ვიდრე სომხეთში მცხოვრები მამაკაცისათვის. როდესაც ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ დღეს საქართველოში საარსებო მინიმუმი არის 220 ლარი და არა 154, მან, საკმაოდ რეალურად შეაფასა სიტუაცია, თუმცა, შესაძლოა ეს მაჩვენებელი 220 ლარზე მეტიც იყოს”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა.
სხვათა შორის, როდესაც ნიკა გილაურმა შეაფასა 2012 წელს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, თქვა რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოზიტიური ინფლაცია, ხოლო შემდეგ აღნიშნა, რომ თურმე ფასები იკლებს. ინფლაცია თავისთავად ნიშნავს ფასების მატებას, ანუ პოზიტიური ინფლაცია ნიშნავს ფასების მატებას, ხოლო ფასების კლებას ეკონომისტები ეძახიან ნეგატიურ ინფლაციას, ანუ დეფლაციას.
„არ ვიცი, ბატონ გილაურს ეს უცოდინარობის გამო მოუვიდა თუ სურდა, ორიგინალური ყოფილიყო, მაგრამ მისთვის ამგვარი „მარგალიტების“ ფრქვევა დამახასიათებელია. ჩემმა რომელიმე სტუდენტმა ფასების კლებაზე რომ მითხრას, პოზიტიური ინფლაციააო, ნამდვილად ვერ დავუწერ დადებით შეფასებას. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური განცხადებები და მათ მხარს უჭერს ჩვენი სტატისტიკაც, რომელიც ისე დააზარალა „ბენდუქიძის ეპოქამ“, რომ მის აღდგენას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება“, - აცხადებს ლადო პაპავა „ყველა სიახლესთან“ საუბრისას.
ინფლაციასთან და მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას გამოთქვამს სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, ცხოვერების დონე არ განისაზღვრება მხოლოდ ფასების ზრდის ან შემცირების დინამიკით.
„რა თქმა უნდა, ფასების ცვლილება გავლენას ახდენს შემოსავლების რეალურ მსყიდველუნარიანობაზე. იმისათვის, რომ ცხოვრების დონე გაიზარდოს, არ არის საკმარისი მხოლოდ ფასების სტაბილურობა. აქ საჭიროა, შემოსავლების ზოგადი ზრდა ან მისი დივერსიფიცირება. შეიძლება ინფლაციის მატებას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ პარარელულად იზრდებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობა.
ინფლაცია არის საბაზრო ეკონომიკის თანმდევი მოვლენა. ვერც ერთი ქვეყანა მას თავს ვერ დააღწევს, მაგრამ ქვეყნები წარმატებულად ითვლებიან იმ შემთხვევაში, თუ როგორ ახდენენ ისინი მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდას და ამის საფუძველზე კეთილდღეობის ამაღლებას. საქართველოს რეალობაში ამ კუთხით აცდენა გვაქვს. მართალიამ ქვეყნის მშპ იზრდება, თუმცა თითოეული შინამეურნეობის კეთილდღეობაზე ეს არ აისახება“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.