"ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დაამტკიცოს, ის შეუცვლელია. ასევე დაამტკიცოს. რომ შეუძლებელია ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება მოხდეს, რომ ამ გუნდმა უნდა მართოს და მართოს ეს ქვეყანა. მათთვის ამის დამტკიცება ამ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია. მმართველი გუნდი არც კი უშვებს იმის შესაძლებობას, რომ ძალაუფლებისნაწილი სხვას დაუთმოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო. მათთვის კონსტიტუციური უმრავლესობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ამის გამო ყველაფერზე მიდიან. მიდიან იმაზე, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ქონება დაუყადაღონ, კონტროლის პალატა გადააქციონ სადამსჯელო ორგანოდ", - აცხადებს პოლიტოლოგი გიორგი ხუციშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გოგი ხუციშვილი: "ამერიკა სააკაშვილს არ წაიყვანს".
"ამ ყველაფერზე ვაშინგტონში, ბრიუსელში ძალიან სერიოზული რეაქციაა, მაგრამ ეს რეაქცია ღია არ არის. დახურულ კარს მიღმა, დახურულ მიმოწერაში გაფრთხილება ხდება ამ ყველაფერზე, მაგრამ საჯაროდ არ ხდება ისეთი დოკუმენტების გამოქვეყნება, სადაც ამ ყველაფრის ადეკვატური შეფასება იყოს, საქმე აქამდე არ მიდის. ხელისუფლება ძალიან არის დახელოვნებული, რომ ნებისმიერი ჩამოსული სტუმრის შეფასება, მით უფრო იმ სფეროში, სადაც მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თავიანთ მხარდაჭერად გადააქციონ და გამოაცხადონ, რომ ჰილარი კლინტონს მწვანე შუქი აქვთ ანთებული მათთვის, მაგრამ რეალურად ასე არ არის. თუმცა ესენი მაინც აღწევენ იმას, რომ კრიტიკა, წუხილი, რომელიც იქ ნამდვილად არსებობს, საჯარო არ გახდეს. ამის დაბრკოლების მექანიზმებს ქმნიან ლობირების საშუალებით, რომელშიც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.
"მოგახსენებთ, თუ რა გზავნილია არაერთგზის გაკეთებული გაკეთებული განცხადება, რომ "სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არა კონკრეტულ ხელისუფლებას" - თუ მოჩვენებითი დემოკრატიაა, დასავლეთისთვის ფასადური და ქვეყნის შიგნით არის რეპრესიები, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს ხალხმა. შიში შეიძლება იყოს, საზოგადოების დაქსაქსულობა იყოს ან გარკვეული დამოკიდებულება კონკრეტული პოლიტიკოსებისადმი - მიუხედავად ამისა, თუ ხალხი ამაზე რეაგირებას არ აკეთებს, მაშინ ვერც ამერიკა მოახდენს ამაზე რეაგირებას. ამერიკელებს ამის ხაზგასმა უნდათ ყოველთვის, რომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ ხალხს ურჩევნია, რომ ამერიკამ პირდაპირ მიუთითოს ჩვენს ხელისუფლებას სად აშავებს, რომ რა უნდა გააკეთოს და ა.შ., მაგრამ ასე არ ხდება!" - განმარტავს პოლიტოლოგი.
"თუ ხალხი გაჩუმებულია, მას არა აქვს პროტესტი, მაშინ ამერიკის პირდაპირი ჩარევა უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. ამერიკამ ამ შემთხვევაში მსოფლიოში სხვა პოზიცია უნდა დაიკავოს. ასეთია დიპლომატიის ელემენტები, ამერიკა სუვერებული ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევას არ ახდენს - ეს ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ხალხი გამოხატავს მასობრივად თავის დამოკიდებულებას, ამ შემთვევაში მათ ხელი ეხსნებათ და უკვე შეუძლიათ თქვან, რომ ეს არ არის შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ ეს არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის პროტესტის გათვალისწინება - აბსოლუტურად არასწორია მოლოდინი, რომელიც ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვაქვს - "ვინც მოიყვანა, იმან წაიყვანოს" - ასეთია ხალხის დამოკიდებულება. არადა, ასე არ არის. ეს არც არასდროს მომხდარა და არც მოხდება. ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. ვერავინ ვერ აირებს იმ საქმეს საკუთარ თავზე, რაც შენ უნდა გააკეთო", - ამბობს გოგი ხუციშვილი.
"ის, რომ სხვა ძალები "რეტროგრადები, ბნელები, ჩრდილოეთისკენ ორიენტირებულები" არიან იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, იმდენად ხელოვნურია, რომ არ ვიცი, ვინ უნდა იყოს მსოფლიოში, რომელიც ამას სერიოზულად მიიღებს. მაგრამ როდესაც ასე უსასრულოდ უნდათ გაახანგრძლივონ თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება, მაშინ ნებისმიერი ანგარიშგასაწევი კონკურენტი მტერი ხდება. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ შენი მტერი ქვეყნის მტრად გამოაცხადო. ასეთი პრიმიტიული მსჯელობების საფუძველზე რაღაცნაირად ხერხდება, რომ თავიანთი პოლიტიკა შეინარჩუნონ, მაგრამ რეალურად ამის უკან დგას დიდი სურვილი ძალაუფლების არდათმობის, მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი ხელისუფლებაში ორი სრული ციკლი უკვე იყო. უკვე დროა იფიქრონ იმაზე, რომ ძალაუფლება სხვას გადასცენ. იმ ქვეყნებში, სადაც ჩამოყალიბებული არ არის ოპოზიცია, იქ თვითონ ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, რომელსაც გადასცემს ხელისუფლებას - არჩევნების ამისთვის არსებობს", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ასევე ამისთვის არსებობსკონსტიტუციით გათვალისწინებული ვადები - ამ ხელისუფლება ეს ვერ წარმოუდგენია. ამიტომ ერთადერთი, რაც დარჩენიათ ის რის, რომ ანგარიშგასაწევი ძალა - ამ შემთხვევაში ივანიშვილის კოალიცია, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებელი ჯგუფი ისე წარმოადგინონ, თუმცა ამას ვერანაირად ვერ ასაბუთებენ. ქონების დაღადაღება, სამსახურიდან გათავისუფლება, რეპრესიები, ადამიანების დაპატიმრება და დაშინება იმის გამო, რომ ისინი აქციებზე გამოჩნდნენ მხარდასაჭერად - ამის გამართლება უნდათ. ამიტომ ატრიალებენ, რომ თითქოს უცხო ქვეყნის აგეტნია ივანიშვილი, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ უძლებს ლოგიკურ კრიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა არ ხდება დასავლეთის მხრიდან, ყველაფერი ნათელია. თუმცა ხელისუფლებას დასავლეთის დამოკიდებულება გადაჰყავს იმ პოზიციაში, თითქოს დასავლეთი სწორედ მათ უჭერს მხარს", - დასძენს გოგი ხუციშვილი.
"თავის დროზე სააკაშვილმა ძალიან კარგად უპასუხა, როდესაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა პრემიერმინისტრობას ანუ ხელისუფლების სათავეში დარჩენას. სააკაშვილმა თქვა: მთავარია არა ჩემი დარჩენა, არამედ გუნდისო. გუნდი თუ დარჩა, იგივე პოლიტიკა გაგრძელდება და სწორედ ეს გვინდაო. ამაში თითქოს რეფორმატორული კურსის გაგრძელებას გულისხმობდა, მაგრამ რეალურად რა უდევს საფუძველში ამ განცხადებას ყველამ ვიცით. ვიცით რა ინტერესები ამოძრავებს იმ ჯგუფს, რომელსაც არასდროს უნდა, რომ ხელისუფლებიდან წავიდეს. ამ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს - ბოკერია, უგულავა თუ მერაბიშვილი, ეს არის იგივე ჯგუფი. მათთვის მთავარი, რომ ამ გუნდის დარჩენა ჰქონდეთ გარანტირებული, მაგრამ ეს რისკს შეიცავს მათთვის"- აცხადებს პოლიტოლოგი და შეკითხვას - "რას გულისხმობთ?" - პასუხობს:
"ეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც მათ ააშენეს ერთპოლუსიანია, რომლის სათავეშია პრეზიდენტი. პრეზიდენტი ყოველთვის არ არის ინიციატორი და გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ ისეთი სისტემა ააგეს, რომ ყველაფერი რაც ხდება, ასოცირდება ერთი კაცის სახელთან - ეს არის მიხეილ სააკაშვილი. სწორედ ეს სახელი და გვარი არის ამ სისტემის სიმყარის პირობა და არა სისტემა - თუ რომელიმე სხვა გახდა ლიდერი ამ გუნდიდან, ეს სისტემა სიმყარეს ვერ შეინარჩუნებს, რადგან სახელი და გვარი არ იქნება. საბოლოო გადაწყვეტილების მიმღების როლში, ხალხის თვალში არც ბოკერია, არც უგულავა და არც მერაბიშვილი არ არის გაგებული. ესენი მაინც შემსრულებლები იქნებიან და არა პოლიტიკის შემქმნელები"