აშშ-ის მომავალი ელჩი რიჩარდ ნორლადნი კარგად იცნობს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მდგომარეობას ზუსტად აფასებს

აშშ-ის მომავალი ელჩი რიჩარდ ნორლადნი კარგად იცნობს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მდგომარეობას ზუსტად აფასებს

საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე ამერიკული პოლიტიკური წრეების ინფორმირებულობასა და შეხედულობებზე, ასევე, თავად როგორ აფასებს ქვეყანაში წინასაარჩევნო სიტუაციას, "ინტერპრესნიუსი" "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრს, საქართველოს უშიშროების საბჭოს ექსმდივანსა და საგარეო საქმეთა ექსმინისტრს, თედო ჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო თედო, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ამერიკულ ხედვებზე თქვენი მოსაზრებები არ მოგვისმენია. გაგვიზიარეთ თქვენი ამერიკული შთაბეჭდილებები. აქვთ თუ არა საქართველოს ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე და დიპლომატიური წრეებიდან თუ გაქვთ ინფორმაცია, კულუარებში რაზე ესაუბრა ბათუმში ვიზიტისას ქალბატონი კლინტონი პრეზიდენტ სააკაშვილსა და სახელისუფლო გუნდს?
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს თემატიკა არ გახლავთ დღეს ვაშინგტონში თუ მთლიანად დასავლეთში პრიორიტეტული. დღეს ამერიკა და ევროპა სულ სხვა პრობლემებით არიან დაკავებული - საკუთარი საარჩევნო კამპანია, შიდაპოლიკური თუ სოციალური საკითხები, ირანი, ახლო აღმოსავლეთი, "გადატვირთვის პოლიტიკის" ახალი ეტაპი რუსეთთან პუტინის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ. მითუმეტეს, რომ, როგორც ჩანს, ამ დიალოგის ახალი ეტაპი საკმაოდ მძიმედ დაიწყო, მაგრამ მოდით, ჩვენ ამერიკაზე ვისაუბროთ.
ამერიკაში დღეს რთული საარჩევნო პერიოდია - დისტანცია პრეზიდენტ ობამასა და მითრომნის შორის დრამატულად შემცირდა. არჩევნების დროს ამერიკელები, ტრადიციულად, საშინაო პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებულები. ამიტომ ყველას ალბათ არა აქვს ადეკატური ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ხდება საქართველოში და, სიმართლე რომ გითხრათ, არც აინტერესებთ. Eეს არ ნიშნავს, რომ ჩვენდამი სიმპატია გაქრა, მაგრამ ეს არ აისახება გამოკვეთილად ამერიკის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებში, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ.
სამწუხაროდ, ზოგადად ამერიკელებს, თუნდაც ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ზოგჯერ უჭირთ, სათანადოდ გაერკვნენ იმაში, თუ რა ხდება საქართველოში არსებული ფასადური თუ მანიპულირებული დემოკრატიის მიღმა, თუმცა ამერიკის სახელისუფლო წრეებში, განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სრული ინფორმაცია აქვთ ჩვენთან არსებული ვითარების თაობაზე. ისინი კვლავ საუბრობენ დღევანდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რიგ რეფორმებზე და, ამავე დროს, მუდმივად მიუთითებენ იმ ნაკლოვანებებსა თუ მიუღებელ ქმედებებზე, რაც ამ ხელისუფლების მოღვაწეობას ახლავს, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამერიკელებისთვის, თავიანთი ტრადიციებიდან გამომდინარე, უცხოა დიდი ხნის მანძილზე ერთი და იგივე ხელისუფლების ყოფნა სახელმწიფოს სათავეში. ისინი ბუნებრივად ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოში "პუტინიზაციის" პროცესს.

ქალბატონი კლინტონის ბათუმში ვიზიტის დროს საჯარო და პრივატული მესიჯი ცალსახა იყო: 2013 წლის შემდეგ სააკაშვილი და მისი გუნდი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. უნდა მოხდეს ხელისუფლების არჩევნების გზით ჩანაცვლება, რასაც საფუძველი სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა უნდა ჩაუყაროს. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით. რასაკვირველია, ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეების მიერ არის გადასაწყვეტი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ აპირებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. მაგრამ, აშშ და მთლიანად დასავლეთი უდიდესი ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს და ამას გააკეთებს არ მხოლოდ არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე. ეს კომპლექსური პროცესი უკვე კარგა ხანია, რაც დაწყებულია და ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამაც და ოპოზიციურმა პარტიებმაც. მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ვაშინგტონსა თუ ევეროპის დედაქალაქებში ძალიან მარტივი და ხისტია: საქართველოში უნდა ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და მათ ხარისხზე იქნება დამოკიდებული შემდგომ დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივა.

ჩვენი ვაშინგტონში ყოფნისას კონგრესში რამდენჯერმე და ძალიან მწვავედ გაიჟღერა მომავალი არჩევნების თემამ. სხვათა შორის, ვაშინგტონში ხშირად გვესმოდა ასეთი შეფასებებიც: "ჩვენ გვაშფოთებს არა ის, რომ საქართველოში არჩევნები შეიძლება გაყალბდეს, არამედ ის გარემოება, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად, ეს არჩევნები უკვე ყალბდება. ჩვენ ამას ყველაფერს ვამოწმებთ და ამას უაღრესად მძიმე შედეგები მოყვება".

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: ქალბატონმა კლინტონმაც და მანამდე კი პრეზიდენტმა ობამამ ძალიან მკაფიოდ და გასაგებად უთხრეს პრეზიდენტ სააკშვილს, რომ ამერიკისთვის მიუღებელი იქნება მისი ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობა და, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ხელისუფლების ფორმალური გადაცემა. გაიგო ეს პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მთლიანად ხელისუფლებამ? სხვათა შორის, ამერიკული გზავნილების ადეკვატურად აღქმის თაობაზეც ქონდათ შეკითხვები ჩვენ უცხოელ, კონკრეტულად ამერიკელ კოლეგებს. რამდენად ადეკვატურად ესმით ეს თბილისში თუ იქ ისმენენ მხოლოდ იმას, რაც მათ ინტერესებს შესატყვისება?

ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ და კეთილი ინებოს, ჩაატაროს საქართველოში პირველად მის ისტორიაში რეალურად თავისუფალი არჩევნები. ერთმა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა მითხრა, "ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობა, რისთვისაც ამერიკა ასეთი მადლობელია, ვერ გადაძლევს დემოკრატიული ფასეულობების და პრინციპების მიმართ ჩვენ ერთგულებას. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თქვენმა მთავრობამ და არც კი გაიფიქროს, რომ ჩვენ რამეზე თვალს დავხუჭავთ".

- ხომ არ გქონდათ შეხვედრა საქართველოში აშშ-ს მომავალ ელჩ რიჩარდ ნორლანდთან? და კიდევ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ვაშინგტონი ივანიშვილსა და მის გუნდს უკვე კარგად იცნობს და ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად განიხილავს, თუ ვაშინგტონი ივანიშვილს, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, კრემლის პროექტად მიიჩნევს?
- ვაშინგტონში ვიზიტის დროს ბევრ ძველ თუ ახალ კოლეგას შევხვდი, მქონდა საუბრები ამერიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი ეშელონების ბევრ წარმომადგენელთან, ყოფილ თუ დღევანდელ აქტიურ პოლიტიკოსებთან. შევხვდი აშშ-ის ახლად არჩეულ ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდსაც, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოდის. აშშ-ის მომავალი ელჩი, როგორც მისი ყველა წინამორბედი, ძალზედ გამოცდილი და დიდი ავტორიტეტის მქონე დიპლომატია. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ და ბევრ საინტერესო თემასაც შევეხეთ. მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ს მომავალი ელჩი საქართველოში ძალზედ კარგად იცნობს ჩვენთან არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას და შექმნილ მდგომარეობას ზუსტად აფასებს. დეტალების დონეზეა გარკვეული საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პერიპეტიების თაობებზე და თანაც კონკრეტული რეგიონების და ქალაქების დონეებზე. მართლაც რომ უაღრესად კარგად ინფორმირებულია. რაც შეეხება "კრემლის პროექტობას", "რუსეთის აგენტობას" და კიდევ სხვა მრავალ "ეპითეტს", ამ კუთხით ივანიშვილის გუნდს მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლება განიხილავს. ფიქრობენ, რომ ამით ვიღაცას მაინც მოატყუებენ. თუმცა, ცილისწამებებს ხელისუფლებისთვის უკვე სრულიად საპირისპირო შედეგი მოაქვს. სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობამ მშვენივრად იცის, ვინ ვინ არის და არა მხოლოდ აქ, საქართველოში.

ვაშინგტონშიც ბევრჯერ მომისმენია შემხვედრი კითხვა - "იქნებ კრემლის პროექტი თავად სააკაშვილია, ვინაიდან სწორედ ის აპირებს "პუტინიზაციის" გზის გამოყენებით ხელისუფლებაში დარჩენას?". რასაკვირველია ჩვენ, "ქართული ოცნება" და იმედია, სხვა ოპოზიციური პარტიებიც, სააკაშვილს ამის საშუალებას არ მივცემთ და ხალხის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში და ჩვენს ხმებსაც სათანადოდ დავიცავთ.

- ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საქართველოს ხელისუფლება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით აშშ-ის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- დიახ, ასეთი ხმები არსებობს და არა მხოლოდ ხმები. ამაზე ზემოთაც ვისაუბრე. ის რეპრესიები და ტერორი, რაც ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ უკვე ხორციელდება იმის დასტურია, რომ ხელისუფლება უკვე აყალბებს არჩევნებს. ზუსტად ასე უყურებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ამერიკელებიც. როდესაც ვამბობთ საქართელოს ხელისუფლება და პირველ რიგში უპირველესი ხელისუფალი არაადექვატურია, სწორედ ამგვარ დეტალებს ვგულისხმობთ.
რასაკვირველია, სხვა ქვეყნის და თუნდაც შენი მეგობარი ქვეყნის რეკომენდაცია შესაძლებელია, არც გაითვალისწინო და ამაში არც არაფერია მიუღებელი, მაგრამ როდესაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და აქედან გამომდინარე, შენი მომავალი კეთილდღეობა მთლიანად ამ რეკომენდაციებზეა დამოკიდებული, კეთილი უნდა ინებო, კეთილგონიერებას მოუხმო და განახორციელო ეს რეკომენდაციები.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების რეკომენდაციები ცალსახაა - საქართველოში არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. ზუსტად ქალბატონ კლინტონის ვიზიტის მეორე დღესვე ხელისუფლებამ წამოიწყო არნახული მასშტაბის რეპრესიები და ტერორი "ქართული ოცნების" მხარდამჭერების და პირადად ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ - დაჭერები, ქონების დაყადაღება, საინფორმაციო აგრესია და ამან საზოგადოებაში გააჩინა შიში იმის თაობაზე, რომ თვით ამერიკის ადმინისტრაციამ ხომ არ აუნთო "მწვანე შუქი" ხელისუფლებას ამგვარი ქმედებების ჩასადენად, ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ სააკაშვილს აქვს ერთგვარი "კარტ ბლანში" გააგრძელოს თავისი საქმიანობა ისე, როგორც ამას აკეთებდა დღემდე. ამ ხმების გავრცელებას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს სახელისუფლები პროპოგანდაც.
გარწმუნოთ, რომ არავითარი "მწვანე შუქი" ამერიკის მთავრობას სააკაშვილისთვის არ აუნთია, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის უნდა წავიდეს ხელუფლებიდან - ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების ვერდიქტი.

- არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი და ხელშესახები შედეგები არც საარჩევნო კანონმდებლობაშია, რომელზეც მუშაობა დასავლური სტანდარტებით არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უნდა დასრულებულიყო, არც ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში, ანუ "მასთქერის" პროგრამის ამოქმედებაში, აღარაფერს ვამბობ საარჩევნო სიების მდგომარეობასა და საარჩევნო კამპანიის ფინანსებთან დაკავშირებით კონტროლის პალატის აქტიურობასა და რეგიონებში "ქართული ოცნების" აქტივისტების დევნის მასშტაბებზე. აშკარაა, რომ საარჩევნო გარემო არც კონკურენტულობით და არც სამართლიანობით არ გამოირჩევა...
- გეთანხმებით. საარჩევნო კანონმდებლობაში საფუძვლიანი ცვლილებებია გასატარებელი და არა - ფასადური. საზოგადოება დაიღალა ამდენი საკონსტიტუციო თუ საკანონმდებლო ჭრა-კერვით. თითქმის ყოვედღე იცვლება კონსტიტუცია, იწერება ახალი კანონენები, მერე ხდება თავიდან მათი გადაწერა. კარგია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად შემოიტანენ ისეთ კანონს, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში ყველა სატელევიზიო არხის საკაბელო ტელევიზიებით გადაცემას, მაგრამ ეს მხოლოდ გასატარებელი ღონისძიებების მცირე ნაწილია. რატომ მარტო საარჩევნო პერიოდში და რატომ მარტო საკაბელო ტელეარხებით? ან რატომ უნდა ხდებოდეს ეს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში და რატომ უნდა იყვნენ დატერორებულები ზოგიერთი საკაბელო ტელევიზიები და მათი მესაკუთრეები? რატომ დააყადაღეს "გლობალ ტვ"-ს ანტენები? ეს აბსოლუტურად კანონის ყველა ჩარჩოდან გასული ქმედებაა. როგორ შეიძლება მოქალაქეს აუკრძალო განსხვავებული ინფორმაციის მიღება? გამოდის, რომ ხელისუფლებას ეშინია ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელების და სხვადასხვა საბაბით ცდილობს ხელი შეუშალოს ამას. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საქართველოს მოსახლეობის განწყობა ისეთია, რომ ჩვენ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ. საქმე უფრო მარტივადაა, ბრძოლა სიმართლესა და სიცრუეს შორის მიმდინარეობს და ამ ბრძოლის საბოლოო შედეგი უალტერნატივოა.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ურთულესი და აშკარად არაკონკურენტული საარჩევნო ვითარებაა, ოზურგეთში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა -"არევნების გზით გავისტუმრებთ თავგასულ ხელისუფლებას". რისი იმედი აქვს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს?
- ხომ დაინახეთ, რა ხდებოდა იმ დღეს ოზურგეთში, მანამდე - თბილისსა და ქუთაისში? მე თვითონაც გახლდით ოზურგეთში და ჩემი თვალით ვხედავდი გურიის მოსახლეობის განწყობას. ცვლილებებისადმი, სიახლისადმი მოთხოვნილება ძალზედ დიდია. რაოდენობრივი მოცემულობა ყოველთვის ხარისხობრივ მოცემულობაში გადადის ხოლმე დროის გარკვეულ კრიტიკულ მომენტში. ეს ფილოსოფიური კანონზომიერებაა. ამას გრძნობს ბიძინა ივანიშვილი - ხალხის განწყობა, ენერგეტიკის იმ მუხტს, რომელსაც ის ყოველდღიურად იღებს ხალხისაგან. მოსახლებასაც ჯერა მისი, ელოდება ცვილებებს. ეს ორმხრივი პროცესია და ამის შეჩერება შეუძლებელია. ხალხის განწყობების უგულვებელყოფა, მათი რეპრესიებით ანდა ტერორით ჩახშობის მცდელობა ცუდად მთავრდება. ამის უამრავი მაგალითი არსებობს თუნდაც თანამედროვე ისტორიაში. ხელისუფლებას შუძლია, დაატეროროს, დაიჭიროს ერთი, ორი, უამრავი ოპოზიციონერი თუ მათი მხარდამჭერი, მაგრამ ყველას ციხეში ხომ არ ჩასვამ?!

- როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების სახალხო-სატელევიზიო აქტიურობას და რას შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ "ნაცმოძრაობის" საარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად მარტო პრეზიდენტი სააკაშვილი აწარმოებს?
- ეს სწორედ ის დეტალია, რაზეც უკვე ვისაუბრე და რაც პრეზიდენტის პირადი ხასიათიდან მომდინარეობს. სააკაშვილს სურს, ტოტალური და აქტიური ტყუილის გამოყენებით, შეუქმნას ხალხს ვირტუალური სამყარო და ამგვარად შეეცადოს დარჩეს ხელისუფლებაში. საქმე კი ისაა, რომ ხალხს უკვე აღარ ჯერა დაპირებების, ის ბრძენია და თავს არავის მოატყუებინებს.

- რუსულ გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის ექს-მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა - "ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის ეკონომიკას ავნებს... სახელმწიფოს ვალი აუცილებლად გაიზრდება... ვფიქრობ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა ფანტასტიკის ჟანრის სცენარია". როგორ აფასებთ და რას შეიძლება ნიშნავდეს რუსული გამოცემისათვის ექს-მინისტრ ბენდუქიძის მიერ მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები?
- ბატონ ბენდუქიძეს არ ვიცნობ. რამოდენიჯერმე მომისმენია მისი სატელევიზიო გამოსვლებისთვის. ეტყობა, ჭკვიანი და პრაგმატიკოსი ადამიანია. ძალიან კარგად ერკვევა ეკონომიკაში და საერთოდ ბიზნესში. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად იცის თვლა და ანგარიში, არა? ამიტომ დათვალოს მან ახლა, დღეს, რა მოცულობისაა საქართველოს სახელმწიფო ან საგარეო ვალი? როგორ განიკარგა "ევრობონდები", რომელთა შესახებ ამდენს ლაპარაკობდნენ ამ რამოდენიმე წლის წინ, საერთოდ, ომიშემდგომი საერთაშორისო ფინასური დახმარება და კიდევ ბევრი რამ, განსაკუთრებით საბიჯეტო თანხები გრიფით "სხვადასხვა" ან საერთოდ რა იმალები ამ გრიფის უკან? ეს არის გასარკვევი და განსასჯაროებელი და არა - ეს უაზრო "ფანტასტიკის ჟანრის სცენარები". გასაგებია არა მხოლოდ მისი პოზიცია, არამედ მისი დღევანდელი მდგომარეობაც - ის ხომ "გუნდის" წევრია და მან ეს გუნდი უნდა დაიცვას. მაგრამ ბატონი ბენდუქიძე ხომ ჭკვიანი და გამოცდილი, რეალისტი და პრაგმატიკოსი ადამიანია? არა მგონია, რომ ბატონ ბენდუქიძეს, მაგალითად, მოსწონდეს ლაზიკის ფანტასმაგორული პროექტის რეალიზების ასეთი ზღვარგადასული სიხელე და მე არ მგონია, რომ ის რომელიმე თავის სტუდენტს გააჩერებდა თუნდაც ერთი დღით იმ ცნობილ სატელევიზიო პროექტში, რომ ამ ახალგაზრდას ამგვარი უაზრობა მოსვლოდა თავში.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუხშირა საუბარს, რომ ივანიშვილი საქართველოს ყიდვა კრემლის ფინანსებით აპირებს. რას შეიძლება უკავშირდებოდეს კლინტონის ვიზიტის შემდეგ ივანიშვილზე პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირ შეტევაზე გადასვლა? და კიდევ, ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ ხელისუფლება უკანონო ქმედებებში დადანაშაულების ბრალდებით ივანიშვილის დეპორტაციისთვის ემზადება. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი და სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნება ამაზე აშშ-სა და იგივე დასავლეთს?
- ზემოთ მოგახსენეთ, რომ ამერიკაში ამ ინსინუაციების არავის არ სჯერა, საქართველოში კი ამის თაობაზე ყველას უბრალოდ ეღიმება. მაგრამ, თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, ამერიკაში მაგალითად, ძალიან დაინტერესდნენ ბატონ ივანიშვილის იმ სტრატეგიული გზავნილით, რომლებიც მე და ბატონმა ალასანიამ გავაცანით:
პირველი გზავნილი: გახდეს საქართველო რეალური, მრავალფეროვანი დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც პირველ პლანზე იქნებიან დემოკრატიული ინსტიტუტები და არა - პიროვნებები, რომლებიც მანიპულირებენ ამ ინსტიტუტებით და კანონებით; ქვეყნა, სადაც არჩევნების ჩატარება არ იქნება დაკავშირებული პოლიტიკურ დრამებთან და თუნდაც კატაკლიზმებთან; რომ საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც არჩევნებში მონაწილე სახელისუფლო პარტიამ შეიძლება წააგოს არჩევნები და არა ისე, როგორც ეს ჩვენთან ხდება - ყველა გზის და მეთოდების გამოყენებით ჩაებღაუჭო ძალაუფლებას და საკუთრი სკამის შენარჩუნების ფასად, ხრამში გადაჩეხო საკუთარი ქვეყანა და ის მიღწევებიც, რომლებიც მას აქვს; რომ საქართველო გახდეს ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც საზოგადოების ხერხემალი იქნება დემოკრატია, კანონიერება და არა - ნებისმიერე პიროვნება, თუნდაც წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი.

მე-2 გზავნილი: საქართველოს ეკონომიკური აღორძინება, პირველ რიგში სოფლის მეურნეობის აღორძინება, ჯანდაცვის და განათლების სფეროების რეალურ პრიორიტეტებად გადაქცევა. საერთოდ, ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს, პირველ რიგში, საკუთარ მოსახლეობას და არ უნდა კეკლუცობდეს ამ უაზრო რეიტინგომანიით და ამ ვირტუალური "მიღწევების" ყოველდღიური დემონსტრირებით. ეს რეფორმები და რეიტინგები უნდა იყოს რეალური და არა ქაღალდზე მიღწეული და მათი შედეგები საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ ყოველ დღე. ეს რეფორმები ხომ ამერიკისთვის, ევროკავშირისთვინ ან კიდევ მსოფლიო ბანკისთვის ხომ არ კეთდება? ხომ დაუშვებელია, თუ ეს ტრაგიკული არ არის, რომ ქვეყანა შედიოდეს "რეფორმატორული სახელმწიფოების" სიაში და ამ დროს მისი მოქალაქეები სანაგვე ბუნკერებში ეძებდნენ ყოველდღიურ საზრდოს?

მე-3 გზავნილი: საქართველომ უნდა აღიდგინოს რეგიონული განზომილება და ფუნქცია. გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ის ვერასოდეს ვერ იქნება გლობალური პროცესების თანამომაწილე, საქართველომ უნდა დაიკავოს თავისი რეგიონლი ნიშა და შეასრულოს ის უნიკალური ფუნქცია, თუ მისია, რომელიც მას გეოგრაფიამ არგუნა: იყოს ხიდი, სატრანზიტო სივრცე, შეასრულოს მომრიგებლის როლი, გახდეს ადგილი, სადაც დიდი გეოპლიტიკური და გეო-ეკონომიკური ინტერესები დაბალანსდება და არ შეეჯახება ერთმანეთს, გახდეს დემოკრატიული აღმშენებლობის მაგალითი რეგიონში. საბოლოოდ, გახდეს ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო. სწორედ ეს იქნება საქართველოს წვლილი იმ დიდ გლობალურ პროცესებში და დიდ სტრატეგიულ გადანაწილებებში, რომლებსაც ადგილი აქვს დღეს მსოფლიო პოლიტიკაში.

უნდა გითხრათ, რომ ივანიშვილის ამ გზავნილებმა ვაშინგტონში დიდი ყურადღება დაიმსახურა. საერთოდ, ჩვენი რეგიონი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრით, უნდა გახდეს თანამშრომლობის და არა კონფრონტაციის არენა, სადაც, მოხდება სხვადასხვა სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთა, შეჯერება და დაბალანსება და ამ მხრივ საქართველოს როლი დიდი და უნიკალური იქნება და, ალბთ, სწორედ ეს არის მისი "გლობალური" დანიშნულება.

- არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, შემოდგომაზე მოვლენათა განვითარების ერთმანეთისგან განსხვავებულ ორ სცენარზე უკვე გაიგონებთ პროგნოზებს. თქვენი ვარაუდით, როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში შემოდგომაზე?
- ინტერესით ველონობი ნებიმიერ პროგნოზს, მაგრამ მე თვითონ ამის გაკეთება მიძნელდება. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია გესაუბროთ. ივანიშვილმა, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" თავიდანვე განაცხადა, რომ ის ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს მხოლოდ პოლიტიკური და კონსტიტუციური გზით - ანუ არჩევნებთ, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ - ეს ჩვენი პოლიტიკური კრედოა. მგარამ, ამ საკითხს აქვს მეორე მხარე: არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ არ დავუშვებთ ერთი ხმის დაკარგვასაც. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ ძალიან ხისტად და სწორედ ამ მხრივ გვინდა ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება. ეს ვაშინგტონში კარგად ესმით.

ჩვენ ხომ მათ არჩევნებში მხარდაჭერას არ ვითხოვთ - ამას საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ. ჩვენი თხოვნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ კი ასეთია: ჩავატაროთ სამრთლიანი, გამჭვირვალე არჩევნები, საარჩევნო სივრცე იყოს გახსნილი ყველასთვის, არ ხდებოდეს არჩევნების წინასწარ გაყალბება, რაც უკვე, სამწუხაროდ, დაწყებულია. ხელისუფლება ზეწოლის გარეშე არაფერს არ შეცვლის, ეს ხომ აპრიორია. მმართველ ძალას კიდევ გაყალბების უამრავი გამოუყენებელი ინსტრუმენტები აქვს და მას უკვე ძალზე ეფექტურად იყენებენ. ამიტომ, ადეკვატურად უნდა აღვიქვათ შექმნილი სიტუაცია, ნუ წავალთ ხალხის ნების წინააღმდეგ, ნუ შევეცდებით მათი ოცნებით მანიპულირებას, მივცეთ კიდევ ერთი შანსი საქართველოს, გახდეს რეალური დემოკრატიის შუქურა რეგიონში. ეს ყველას ინტერესბში უნდა იყოს - ივანიშვილის, სააკაშვილის, "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის", "ქრისტიან-დემოკრატების", "ახალი მემარჯვენეების" თუ "ლეიბორისტების" - ეს საქართველო ხომ ყველა ჩვენგანს ეკუთვნის.