პრაიმერიზები დამთავრდა - წინ არჩევნებია

პრაიმერიზები დამთავრდა - წინ არჩევნებია

იუტას შტატში ჩატარებული პრაიმერიზით ოფიციალურად დასრულდა ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო პარტიული გამოკითხვა სპარეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად.

როგორც მოსალოდნელი იყო მასში მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, 65 წლის მილიონერმა, მიტ რომნიმ გაიმარჯვა.

ჩვენ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, არსებული სიტუაციისა და ძალთა თანაფარდობის ანალიზის საფუძველზე, გამოვთქვით ვარაუდი, რომ მიტ რომნი „პრაიმერების მართონის“ გამარჯვებული იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც აპრილის თვეში წინასაარჩევნო პროცესებს რომნის უმთავრესი კონკურენტი, პენსილვანიის შტატიდან ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი გამოეთიშა, დარჩენილმა პრაიმერებმა ფორმალური ხასიათი მიიღო, რადგან მარათონს შემორჩენილი კონგრესმენ რონ პოლის მოტივაცია, მხოლოდ თავისი „ლიბერტარიანული შეხედულებების“ პოპულარიზაცია იყო.

ოფიციალურად, რესპუბლიკელების შიდა წინასაარჩევნო მარათონი აგვისტოს თვეში ფლორიდის ქალაქ ტამპაში დაგეგმილ რესპუბლიკელთა ყრილობაზე დასრულდება. სწორედ ამ ყრილობაზე დასახელდება მიტ რომნი პარტიის ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება, დემოკრატი კანდიდატის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაქ ჰუსეინ ობამაა.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით დასტურდება, რომ მიუხედავად მუდმივად ცვალებადი დინამიკისა, დღევანდელი მონაცემებით ორივე კანდიდატის შანსი ფაქტიურად თანაბარია. საერთო–ეროვნული მასშტაბით ობამა უმნიშვნელოდ უსწრებს რომნის.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იზრდება პოლიტიკური დაპირისპირება კანდიდატებს შორის. ამერიკული ტელე-არხების ეთერში ბოლო დროს გამოჩნდა ახალი ვიდეო-რგოლები, რომელშიც მიტ რომნის, როგორც საინვესტიციო ფირმა „Bain Capital“-ის ხელმძღვანელის, პერსონა გამოყვანილია როგორც უსულგულო, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენი, რომელიც სარგებლის მიღების გამო მზადაა ყველაფერზე წავიდეს.

თავის მხრივ რომნი მკაცრად აკრიტიკებს ობამას და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ობამა უუნარო და „უხერხემლო“ პრეზიდენტია ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საკითხში.

თავისი საარჩევნო კამპანიის კოზირად რომნიმ კორპორაციებისათვის გადასახადების შემცირება, საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა და ქვეყნის ენერგეტიკული უსფრთხოების უზრუნველყოფა აქცია.

დიდი ინტრიგის მატარებელია საკითხი, თუ ვინ გახდება რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და, შესაბამისად, რომნის ოფიციალური თანამეწყვილე მომავალ არჩევნებზე. დიდი შანსია რომ ეს ადგილი სენატორმა კელი ეიოტმა ან მინესოტას ყოფილმა გუბერნატორმა, ტომ პოლენტიმ დაიკავოს. სწორედ ეს ორი უწევდა რომნის თანამეგზურობას ივნისში, მისი პირველი „საავტობუსო ტურნეს“ დროს.

თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის როლში მისი მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხა ამერიკის ექს-სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. კონდის განცხადებით - „მე ვადასტურებ, რომ ამას (ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა) არცერთ შემთხვევაში არ გავაკეთებ, რადგან ეს მართლაც არაა ჩემი საქმე. მე ვიცი ჩემი ძლიერი მხარეები და გუბერნატორმა რომნიმ უნდა მოძებნოს ისეთი ადამიანი, რომელსაც სურვილი ექნება მასთან ერთად რბოლაში მონაწილეობისა“.

რა არის ეს – დიდი გამოცდილებისა და ვტორიტეტის მქონე პოლიტკოსის გულწრფელი პოზიცია, თუ პოლიტიკური პოზიორობა, ამას მომავალი აჩვენებს.