დღეს, 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში ” შემავალი პოლიტიკური პარტიები, მთლიანობაში, 2 400 000-მდე ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი გახდა შპს ”მენეჯმენტ სერვისის” მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კოალიცია ”ქართული ოცნების” საოფისე ფართების დაქირავებისა და 480 000 ლარამდე ოდენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი. კოალიციამ ”ქართული ოცნება” თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების გადაწყვეტილება მიიღო. გასაჩივრების უფლებით ისარგებლებს ”ქართუ ჯგუფიც”, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აქციების დაყადაღებას აპროტესტებს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 26 ივნისს ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100 პროცენტს სააქციო საზოგადოება ”ქართუ ჯგუფში”, აქციების 100 პროცენტს ”ქართუ ბანკში” და აქციების 21, 7 პროცენტს ”პროგრეს ბანკში.” როგორც ცნობილია, სააღსრულებლო წარმოებას წინ უძღოდა თბილისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომლებშიც ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი თავისი პოლიტიკური მიზნების კანონის დარღვევით განხორციელებაში დადანაშაულდა. შესაბამისად, მას 74 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ჯარიმის გადაუხდელობის შედეგი იყო მისი საქართველოში არსებული აქტივების ნაწილის დაყადაღება. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს პოლიტიკური გადაწყვეტილების შესრულებაში ადანაშაულებენ და შენიშნავენ, რომ დაყადაღებული ქონებიდან ბიძინა ივანიშვილს აქციები მხოლოდ ”პროგრეს ბანკში ” ჰქონდა. რაც შეეხება ”ქართუ ბანკს”, ადვოკატ შალვა თადუმაძის განცხადებით, რადგან ბიძინა ივანიშვილი ”ქართუ ბანკის“ წილის მფლობელი არ ყოფილა, ეროვნულმა ბანკმა აღსრულების ბიურო შეცდომაში შეიყვანა:
”ანუ ბიძინა ივანიშვილი გამოდიოდა ბენეფიციარი მესაკუთრე ბანკის, მაგრამ არა წილების მესაკუთრე. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიების მიერ იყო დაფუძნებული ბანკი. ცოტა რთულია, მაგრამ ეგრეა. ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის წილის მესაკუთრე და, შესაბამისად, წილის დაყადაღება არის უკანონო ქმედება.”
შალვა თადუმაძე აზუსტებს, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩაერთო, „ქართუ ბანკის” მესაკუთრეობის უფლება გადააბარა თავის შვილს, უტა ივანიშვილს. უტა ივანიშვილი ბენეფიციარ მესაკუთრედ 2012 წლის 2 მაისიდან ითვლება. აღსრულების ეროვნული ბიუროს არგუმენტის თანახმად კი, ”კომერციული ბანკების შესახებ” კანონის მიხედვით, საქართველოს ეროვნულ ბანკში დეკლარაცია სს ”ბანკი ქართუს” ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების შესახებ წარდგენილი არ ყოფილა და ამიტომ წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია. ანუ სს ”ბანკი ქართუს” აქციების ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავ ბიძინა ივანიშვილი რჩება. ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი, თავის მხრივ, განმარტავს, რომ „ქართუ ბანკის“ აქციების 100 პროცენტის მფლობელი ”ქართუ ჯგუფია,” თავისთავად კი არც ”ქართუ ჯგუფის” დაყადაღება იყო მართებული:
”ჩვენი დამფუძნებელი იყო ”ქართუ ჯგუფი“, 2 მაისის მდგომარეობით, გასული წლის 2 მაისის მდგომარეობითაც, წინა წლისაც და ასე შემდეგ. დღესაც ჩვენი დამფუძნებელია „ქართუ ჯგუფი“, 100 პროცენტი აქციების მფლობელი. ჩვენ უკვე მზად გვაქვს სარჩელი დაყადაღების გადაწყვეტილების თაობაზე, მაგრამ აქ ლაპარაკია ბანკზე კი არა, „ქართუ ჯგუფზე“. როგორც ბანკის მფლობელი ასაჩივრებს, მე ვარ, ბატონო, ამის მფლობელი და რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი, როგორც მევალე, მე რატომ მიყადაღებ ამასო?! არ შეიძლება მესამე პირზე მიქცევა ყადაღისა.”
”ქართუ ბანკის”, ”ქართუ ჯგუფისა” და ”პროგრეს ბანკის” აქციების დაყადაღებული წილების საექსპერტო შეფასება და აუქციონზე გატანა კი, კანონის თანახმად, 30 დღის ვადაში მოხდება. დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანის გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ”ქართუ ჯგუფის” სარჩელის საფუძველზე სასამართლო აღსრულების პროცესს შეაჩერებს. ადვოკატები ხაზგასმით ამბობენ იმასაც, რომ დაყადაღებული ქონების რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ჯარიმის ოდენობას.
სასამართლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჯერად უკვე ”მენეჯმენტ სერვისის” საქმეზე დაზარალებული კოალიცია „ქართული ოცნების” პოლიტიკური სუბიექტებიც მიმართავენ. რესპუბლიკური პარტია, „ეროვნული ფორუმი“, „ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და კონსერვატიული პარტია სასამართლომ, მთლიანობაში, 2 400 000-მდე ლარის ოდენობით დააჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მათ ანგარიშებს დაყადაღება ემუქრება. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიებს პრაქტიკულად საარჩევნო კამპანიის წარმოება აეკრძალათ:
”პარტიების დაყადაღება, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვერთმევა ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა - მანქანაში ბენზინის ჩასხმით დაწყებული, თანამშრომლების ხელფასების გადახდით დამთავრებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, წესით, ვეღარ უნდა მივიღოთ. მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს. ახლა ის მომენტია, რომ თუ ვინმეს რამე შეუძლია, კონკრეტული რეაგირება აჩვენონ ქართულ საზოგადოებას.”
თინა ხიდაშელი შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებულ აქცენტს საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობაზე აკეთებს. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში კი, თავის მხრივ, მითითებულია, რომ „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს მიერ უკანონო შემოწირულებად იქნა მიჩნეული. კონტროლის პალატა, შესაბამისად, თხოვნით მიმართავს პოლიტიკურ სუბიექტებს თავიანთი საქმიანობა კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვით წარმართონ.