იგეგმება თუ არა ივანიშვილის დაჭერა

იგეგმება თუ არა ივანიშვილის დაჭერა


სხვისი არ ვიცი, მე კი, ვთვლი, რომ ჟურნალისტს საჯარო მოხელისა თუ პოლიტიკოსის სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვა არ ევალება და უხერხული შეკითხვები მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის წარმომადგენელსაც უნდა დაუსვას. სხვათა შორის, “ვარდების რევოლუციამდე” და რევოლუციის შემდეგაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქართული მედია ე.წ. თვითცენზურის რეჟიმში მუშაობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კრიტიკა ცუდ ტონად ითვლებოდა. შეიძლება, ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ თვითცენზურის ნიშნები დღესაც სახეზეა, ანუ თუკი, მაგალითად, “ქართული ოცნების” რაღაც ქმედება არ მოგეწონება და ამას ხმამაღლა იტყვი, აუცილებლად “სააკაშვილის ჟურნალისტად” მოინათლები ან, პირიქით, თუკი ხელისუფლებას გააკრიტიკებ, “ივანიშვილის ჟურნალისტის” იარლიყი გარანტირებული გაქვს. ამ “საშიშროების” მიუხედავად, არსებობს თემები, რომლებზეც მედიამ, ვფიქრობ, ღიად და დაუაფრავად უნდა ილაპარაკოს, მით უმეტეს, რომ ჟურნალისტებიც საქართველოს მოქალაქეები ვართ და ქვეყანასა თუ მომავალზე გული სხვა პროფესიის ადამიანებზე არანაკლებ შეგვტკივა! მოკლედ, ამ “დიდაქტიკური პროლოგის” შემდეგ, ქართული პოლიტიკის ჭეშმარიტად ახალ სახეს, “ქართუ-ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელსა და ბიძინა ივანიშვილის “მარჯვენა ხელს”, ირაკლი ღარიბაშვილს წარმოგიდგენთ...

მართალია, “ზემლიაკები” ვართ - ორივე მადლიან ქიზიყში, კერძოდ, დედოფლისწყაროს რაიონში დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ ჩემზე უმცროსია და დღემდე არ ვიცნობდი. არადა, სულ მაინტერესებდა, თუ როგორ გახდა ქიზიყელი ბიჭი მსოფლიოში ცნობილი მილიარდერის ნდობით აღჭურვილი პირი. ირაკლი ღარიბაშვილს, ცხადია, ამის შესახებაც ვკითხე... ისე, ცოდვა გამხელილი სჯობია და, ამთავითვე ვიტყვი: ირაკლი ენერგეტიკულ სასმელ “რედ ბულით” გამიმასპინძლდა. არ ვიცი, ეს “ამომრჩევლის პოლიტიკური მოსყიდვაა” თუ არა, მაგრამ რადგან კედლებსაც კი ყურები აქვთ, ნათია მოგელაძე “რედ ბულის” ამბავს მაინც გაიგებს. ჰოდა, იცოდეთ, ბატონებო: “ქართულ ოცნებაში” “რედ ბული” მივირთვი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, საპარლამენტო არჩევნებში ხმას რომელ პოლიტიკურ ძალას მივცემ! მოკლედ, ბევრი ლაი-ლაით თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ჩემი და ირაკლი ღარიბაშვილის სუაბრის სტენოგრაფიულ ჩანაწერს გთავაზობთ... 

- ირაკლი, “ზემლიაკებივართ და ძალიან მიხარია, რომ ქართულ პოლიტიკაში ქიზიყელებიც მოდიან! ისე, დედოფლისწყაროში დაბადებულ-გაზრდილი ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან როგორ მოხვდი?
- ივანე ჯავახაიშვილის სახელობის თბილსისი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში გავაგრძელე. საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლის გაზაფხულზე დავბრუნდი.

- პარიზიდანვარდების რევოლუციასგულშემატკივრობდი?P
- კი, რადგან ის სისტემა უკვე მიუღებელი იყო და უნდა დანგრეულიყო.

- ანუ, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, მოგწონდა?
- ვთვლიდი, რომ დემოკრატიულად მოაზროვნე ახალგაზრდული ძალა მოდიოდა და ვაღიარებ: მაშინ ხმა მიხეილ სააკაშვილს მივეცი!.. საქართველოში რომ დავბრუნდი, სამსახურის ძებნა დავიწყე და ორი არჩევანი მქონდა - მუშაობა ან ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა დამეწყო...

- როგორც ქიზიყში იტყვიან, ბეწვზე გადარჩენილხარ, თორემ დღეს ზომიერად აგრესიულინაციონალიიქნებოდი!..
- დიახ, ზომბირებული ვიქნებოდი!.. მეორე არჩევანი კი, “ქართუ-ჯგუფი” იყო. ჩემი მეუღლის რჩევა გავითვალისწინე და მალე მივხვდი, რომ “ქართუ-ჯგუფში” მუშაობის დაწყება ჩემს ცხოვრებაში გაკეთებილი პირველი სწორი არჩევანი იყო! თავდაპირველად “ქართუ-ჯგუფის” ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტად ვმუშაობდი...

- ირაკლი, როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილისმარჯვენა ხელიხართ...
- დიახ, ძალიან ახლოს ვართ...

- ჰოდა, ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტმა მსოფლიოში ცნობილი მილიარდერის ყურადღება როგორ მიიქციე?
- განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ამ ადამიანში ნდობა ჩემი საქმიანობით მოვიპოვე.

- ამბობენ, საქართველოში, ადრეც და ახლაც, ივანიშვილის ფინანსებს ირაკლი ღარიბაშვილი განაგებსო...
- “ქართუ-ფონდის” ხელმძღვანელი ვიყავი და, ბუნებრივია, ყველა პროექტის დაფინანსებაში ვმონაწილეობდი...

–მენეჯერის ასისტენტობიდან პირდაპირქართუ-ფონდისდირექტორად დაგნიშნეს?
- არა, ჯერ განყოფილების ხელმძღვანელი გავხდი... სხვათა შორის, ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ხუთჯერ თუ ექვსჯერ ვესაუბრე... 2005 წლის 17 ოქტომბერს, ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს, დილით, ბატონმა ბიძინამ დამირეკა და მკითხა, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ჩემი თანამშემწე გახდები თუ არაო. ეს შემოთავაზება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო...

- დაიბენი?
- რა თქმა უნდა...

- მაშინ რამდენი წლის იყავი?
- 23-ის... იმ დღიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

- შენც ხომ არ შეიცვალე? - ბოლოს და ბოლოს, 23 წლის ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ქველმოქმედისა და მილიარდერის თანაშემწე გახდი.
- შინაგანად არ შევცვლილვარ, თუმცა თავიდანვე გავიაზრე ის პასუხისმგებლობა, რასაც ბატონი ბიძინას თანაშემწეობა ერქვა და, პრაქტიკულად, ახალი ცხოვრება დავიწყე. ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობით ძალიან გავიზარდე, რისთვისაც მისი უზომოდ მადლობელი ვარ! ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ: ერთხელ, ბატონ ბიძინასთან მისი ფრანგი მეგობარი, მილიარდერი ფრანსუა პინო იყო ჩამოსული და ძალიან საინტერესო რამ მითხრა: “მსოფლიოს ვერც ერთ უმაღლეს ბიზნეს-სკოლაში, ვერც ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ვერ ისწავლი იმას, რასაც ბატონ ბიძინასთან ისწავლიო” და მივხვდი, რომ ეს აბსოლუტურად ასეა - უაღრესად დიდი გამოცდილება შევიძინე და ძალიან ბევრი რამ მასწავლა ბატონმა ბიძინამ!

- გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მაგრამ უსიტყვოდ ემორჩილებით, ანუ მას პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ირაკლი, ანტისახელისუფლებო განწყობას მაინც გამოხატავდი, ან პოლიტიკაში მოსვლაზე თუ იფიქრებდი?
- კარგი შეკითხვაა... 2007 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ აგრესიული მოქმედებები დაიწყო...

- ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ აგრესიული მოქმედებები 2007 წელს კი არა, გაცილებით ადრე დაიწყო და ამის დასტურად, სხვა თუ არაფერი, .. გლდანის ეკლესიის დანგრევა დარუსთაველზესპორტსმენების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციაც გამოდგება...
- მართალია, მაგრამ 2007 წელს ეს აგრესია სხვა ფაზაში გადავიდა. მოკლედ, პროტესტი გამიჩნდა და მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მეგონა და აღმოვაჩინე, რომ ეს არაა ხელისუფლება, რომლის იმედიც გვქონდა. იმაშიც დავრწმუნდი, რომ ეს ეროვნული ხელისუფლება არ არის.

- მერე, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს არ უთხარით?
- იცი, რა, ვანო?! მაშინ ჩვენ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობდით...

- ირაკლი, რასაც ახლა შეგეკითხები, შეიძლება, არ მოგეწონოს, მაგრამ 2007 წლამდე, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუნდაც გარემოვაჭრეებზე განხორციელებული აგრესია იქნებ, იმიტომ არ გაწუხებდა, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი იყავი?
- არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა... პროტესტის გრძნობა, როგორც მოქალაქეს ადრევე გამიჩნდა, მაგრამ მე, როგორც “ქართუ-ჯგუფის” წარმომადგენელი საჯარო პროტესტს იმიტომ არ გამოვხატავდი, რომ ჩემი ხელმძღვანელი პოლიტიკაში არ ერეოდა. მოკლედ, ვიდრე ჩემი ხელმძღვანელი პოლიტიკაში არ წავიდოდა, ჩემი, როგორც “ქართუ-ფონდის” ხელმძღვანელის საჯარო პროტესტი კორექტული არ იქნებოდა, რადგან ამით, პირველ რიგში, ბატონ ბიძინას, რომელიც ამბობდა, რომ პოლიტიკა მისი ინტერესის სფერი არ იყო, უხერხულობას შევუქმნიდი.

- როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, იძულებული გახდი, პოლიტიკაში გამოყოლოდი?
- არა. სიმართლე გითხრა, ბოლო რამდენიმე წელია, ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, რის გამოც პოლიტიკაში ჩავერთვებოდი. საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრება ყოველთვის მაინტერესებდა და საერთაშორისო ურთიერთობებზე სწორედ ამიტომაც ჩავაბარე, თუმცა აქამდე პროფესიით მუშაობის საშუალება არ მქონდა და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ქვეყნის მშენებლობის საქმეში ჩემს წვლილს შევიტან. მოკლედ, იმ უსამართლობის ყურება, რაც ქვეყანაში ხდებოდა, აუტანელი იყო და ხშირად მიფიქრია, რომ პოლიტიკაში ჩავრთულიყავი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ვიდრე ბატონი ბიძინა აპოლიტიკური პიროვნება იყო, ამის გაკეთება არ შემეძლო. სხვათა შორის, ამ თემებზე ბერასთან ვსაუბრობდი - ბოლო სამი წელია, ბერასთან მხოლოდ კი არ ვმუშაობ, არამედ, ვმეგობრობ კიდეც და აზრებს ერთმანეთს ხშირად ვუზიარებთ. ბერას ისეთი სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად შეშურდება!
რაც შეეხება იმას, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში იძულებით გამოვყევი თუ არა, ჩემში პროტესტი დაგროვებული იყო და როცა ბატონმა ბიძინა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან გამიხარდა!

- ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ პრობლემები შეგიქმნა - შენი სიმამრი დაიჭირეს...
- მერე, რა?! ზომბი არ ვარ და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ბრმად არ გამოვყევი, თუმცა მისი ნაბიჯების სისწორეში ეჭვი არასოდეს შემპარვია და ისიც ვიცი, რომ ბატონი ბიძინა ყველაფერს თავისი თავისთვის კი არა, ხალხისა და ქვეყნისთვის აკეთებს. შემეძლო, პოლიტიკის მიღმა დავრჩენილიყავი...

- რა ამის პასუხია და, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, .. ნაციონალური არხები მოსახლეობას ტვინს ურეცხავენო. ესტვინის გამორეცხვა” “ვარდების რევოლუციისდღიდან მიმდინარეობს და, ცხადია, მიჩნდება შეკითხვა, ამას ახლა მიხვდა?
- ცხადია, ახლა არ მიხვედრილა...

- მერე, არ ჯობდა, ორი-სამი წლით ადრე გააქტიურებულიყო?
- რა თქმა უნდა...

- ირაკლი, ახლა ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას დაგისვამ: ადამიანებს ახალი სახეები უნდათ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გუნდში, მაგალითად, იმ ადამიანებს ვხედავთ, რომლებიც თავის დროზემხედრიონთანმეგობრობდნენ...
- ვის გულისხმობ?

- ვთქვათ, დათო მაღრაძეს... საზოგადოებას არც, მაგალითად, გუგული მაღრაძე და თინა ხიდაშელი უნდა. არადა, “ქართულ ოცნებაში”, მართლაც, ახალი სახეები არიან. ვთქვათ, შენ ან, სულაც, თეა წულუკიანი - თქვენზე ვერავინ იტყვის, რომ კორუმპირებულები ხართ და ქვეყანა დაანგრიეთ, მაგრამ წინა პლანზე არ ხართ წამოწეული. ირაკლი, არ გეგონოს, რომ ჩსაფარებულის პოზიციიდან გელაპარაკები, მაგრამ რეგიონებში ხალხი კითხულობს, ივანიშვილი გასაგებია, მაგრამ კიდევ ვინ ჩამოდისო და როცა ზემოხსენებულ გვარებს იგებს, როგორც იტყვიან, ხასიათი უფუჭდება... მოკლედ, რატომ არ ხართქართული ოცნებისწინა პლანზე ახალი სახეები და ნათელ მომავალზე ისინი რატომ გველაპარაკებიან, რომლებსაც არცთუ დიდი ხნის წინ თავი სააკაშვილის მეგობრებად მოჰქონდათ?
- ასეთი უკმაყოფილება მეც სმენია, ანუ კოალიციაში არიან პოლიტიკოსები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას შეკითხვები აქვს, მაგრამ ისიც არ შეიძლება, რომ ადამიანს წარსული ყოველთვის გაუხსენო...

- მაპატიე, ირაკლი, მაგრამ ეს წარსულის გახსენება არაა - ზოგიერთი ადამიანი პოლიტიკურ შეხედულებას იმის მიხედვით იცვლის, თუ როგორ ფინანსურ-მატერიალურ სარგებელს ნახავს... თავდაპირველად არსებობდა მოლოდინი, რომ კოალიცია ახალი სახეებით დაკომპლექტდებოდა, მაგრამ ისევ ძველები აქტიურობენ, შენ და სხვა ახალი სახეები კი, ჩრდილში ხართ. რატომ?
- სწორი შეკითხვაა... ბატონმა ბიძინა პოლიტიკოსების მთვარიდან ჩამოყვანას ვერ შეძლებდა...

- ირაკლი, შენ ხომ ხარ ახალი სახე?
- კი ბატონო, მაგრამ დატვირთული გრაფიკი მაქვს და საზოგადოების წინაშე ხშირად, ალბათ, ამიტომ ვერ ვჩნდები, თუმცა ამას აუცილებლად გამოვასწორებ!

- ძველი სახეების წინა პლანზე წამოწევა არის თუ არა კოალიციის ერთგვარი შეცდომა?
- ამას შეცდომას ვერ დავარქმევ. საერთოდ, ბატონმა ბიძინამ თავიდანვე ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა. პირველი სწორი ნაბიჯი ის იყო, რომ ოპოზიციას შორის წყალგამყოფი გაავლო და ერთ მხარეს ის ოპოზიციური ძალები აღმოჩნდნენ, რომლებიც ხელისუფლების დანამატები არიან. საერთოდ, ყველაზე დამანგრეველი ფსევდოოპოზიციაა. მეორე მხარეს კი, ნამდვილი ოპოზიციური პარტიები დარჩნენ, სადაც, ბუნებრივია, ძველი სახეებიც არიან, რომელთა შესახებაც ბევრი შეკითხვა არსებობს. ახალი სახეების წამოწევა კი, ეტაპობრივად მოხდება. ბატონი ბიძინა მოკლე ვადაში ახალი პოლიტიკოსების შექმნას ვერ შეძლებდა.

- შესაძლოა, არც უამისობაა... კოალიცია პედალირებს, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია, მაგრამ თუნდაცგლობალ ტვ”-ის ანტენების გარშემო ატეხილი ისტერია საწინააღმდეგოზე მიანიშნებს... მეტიც, სააკაშვილი ამბობს, ჩემი პროფესია ოცნებების შესრულებააო და ესაა უკან დახევა?
- თუკი ხელისუფლების ბოლოდროიინდელ ქმედებებს შევისწავლით, დავინახავთ, რომ ეიფორიაშია და სიტუაცია კულმინაციამდე მიჰყავს, ანუ არ იცის, როგორ მოიქცეს და აგრესიასაც ამიტომ გამოხატავს. ბატონი ბიძინას გააქტიურების შემდეგ, ხელისუფლებამ პირველი მარცხი 27 მაისს განიცადა, როცა ქუჩაში, დაახლოებით, 250 ათასი ადამიანი გამოვიდა. ეს უპრეცედენტო აქცია იყო, სადაც ახალგაზრდების აქტივობა იყო თვალშისაცემი. ამასთან, ქუჩაში გამოსული ადამიანების თვალებში მხოლოდ სიყვარული იგრძნობოდა და ისინი აქციაზე იმიტომ მოვიდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მხარი დაეჭირათ. საერთოდ, დღეს ყველა აღიარებს, რომ მოსახლეობა მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერს! ბატონო ბიძინა ხალხს და ქვეყანას აერთიანებს!

- ეს მესმის, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ბოლო 20 წელია, პოლიტიკაში ტრიალებენ და მათგან სიკეთე არ გვინახავს, ირაკლი, მგონი, დროა, შინ წავიდნენ და ასპარეზი შენ და სხვა ახალგაზრდებს დაგითმონ!
- სწორია, მაგრამ კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობა ჩვენი საქმიანობისა და გამარჯვებისთვის სასარგებლო იქნება! ასე რომ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ!

- ისე, მას შემდეგ, რაც განაცხადა, ჩემი პროფესია ოცნებების ახდენაოო, სოციალ ქსელებში ხუმრობენ, მიხეილ სააკაშვილიც ბიძინა ივანიშვილის მხარეს გადავიდაო...
- (იცინის) შემიძლია, სააკაშვილზე ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ მოდი, ისევ “ოცნების” აქციებზე ვისაუბროთ. არსებობდა მოსაზრება, რომ თბილისი ოპოზიციური ქალაქია, მაგრამ ქუთაისში აქციაზე 55-დან 60-ათასამდე ადამიანი გამოვიდა, ოზურგეთმა კი, ყველაფერი დააგვირგვინა და თუკი მანამდე რაღაც შეკითხვები მაინც არსებობდა, ოზურგეთის შემდეგ, ხელისუფლება საბოლოოდ დარწმუნდა, საქმე ძალიან ცუდად აქვს. რეგიონებში დავდივართ და მსოახლეობის განწყობა კარგად ვიცით - ხალხს სააკაშვილის წასვლა, ცვლილება და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა უნდა! ამიტომ, ეს პროცესი შეუქცევადია და სწორედ ამით აიხსნება “გლობალ.ტვ”-ზე განხორციელებული აგრესიული ქმედება, რაც თავისუფალ მედიაზე კიდევ ერთი დარტყმაა. ისე, ეს მხოლოდ დასაწყისია და ხელისუფლება, ჩემი აზრით, კიდევ ბევრ აგრესიულ და გაუაზრებელ ქმედებას განახორციელებს.

- გამორიცხულია, რომ კრიმინალური პოლიცია, კუდ-, ან სოდ- ივანიშვილის შუშის სასახლეშიც შევიდეს?
- გამორიცხული არაფერია. ჩვენ კიდევ მეტ დაპატიმრებასა და დაყადაღებას ველოდებით. შეიძლება, მთელი საქართველო დააყადაღონ!

- ამ ფონზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაჭერაც მოინდომონ?
- თუ მონდომებასა და სურვილზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მოინდომებენ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან, მისი არათუ დაპატიმრება, არამედ, ქვეყნიდან გაძევებაც უნდათ, თუმცა ვფიქრობ, იმდენი ინტელექტი და ჭკუა მაინც აქვთ, რომ ეს არ გააკეთონ. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ანალიზს აკეთებენ...

- გიგა ბოკერიას ხომ არ გულისხმობ?
- ალბათ... ბოკერია, მერაბიშვილი...
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი ყველაფრისთვის მზად არის - პოლიტიკაში შემოსვლით რისკის ქვეშ მხოლოდ საკუთარი კაპიტალი კი არა, სიცოცხლეც დააყენა, თუმცა მსხვერპლისა და დანაკარგის გარეშე, დიდი გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ საქმე ქვეყნის გადარჩენას ეხება!

- ირაკლი, გითვალთვალებენ?
- ყურადღებას აღარ ვაქცევ...

- იქნები დედოფლისწყაროს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი?
- ვფიქრობ, ვერ შევძლებ - მართალია, იქ ხალხი კარგად მიცნობს, მაგრამ კოალიციის შტაბში ბევრი საქმე მაქვს.

- ბიძინა ივანიშვილი კახეთში როდის ჩავა?
- ალბათ, სექტემბერში...

- ირაკლი, გულწრფელად მითხარი: ივანიშვილის გუნდის ყველაზე სუსტრი რგოლი რა არის?
- ჩვენს სუსტ რგოლად შენ რას თვლი?
- რას და, - “ძველ სახეებს”. ამასთან, როცა კოალიციას რაღაც ბრალდებას უყუენებენ, ამ ბრალდებაზე კომენტარი არ კეთდება. მაგალითად, ითქვა, რომ ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი “მაესტროდან” ივანიშვილის მითითებით გაუშვეს, თუმცა ეს თემა “ოცნებამ” “გაატარა”. საერთოდ, კოალიციის ლიდერებთან ჟურნალისტების ნაწილს სატელეფონო დაკავშირებაც უჭირს...
- სწორია... გეთანხმები...

- მოკლედ, კოალიციის მეორე “სუსტი რგოლი”, ვფიქრობ, კომუნიკაცია და პიარია. ორშაბათის ტრადიციულმა ბრიფინგებმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მართავს, არ მგონია, სასურველი შედეგი მოიტანოს...
- გეთანხმები, ვანო... იდეალური, რა თქმა უნდა, არაფერია და გარკვეული ხარვეზები, ბუნებრივია, კოალიციასაც აქვს და ვცდილობთ, რომ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ, თუმცა არც იმას დავმალავ, რომ ამ რეჟიმის პირობებში ეფექტური მუშაობა ადვილი არაა, თუმცა შესაძლებელია.

- ირაკლი, ქართველებს ზოგჯერ პირფერობა გვახასიათებს და გარემოცვის ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილის მოტყუებას ხომ არ ცდილობს?
- არაა გამორიცხული, რომ ზოგი ამას ცდილობდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი არაა, რომ ასე მარტივად და ადვილად მოატყუონ! 8 წელია, ბატონ ბიძინას ვიცნობ და ვიცი, ვინც მის მოტყუაებას შეეცდება, მოტყუებული თავად დარჩება! არ მინდა, ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ბატონი ბიძინა უჭკვიანესი, გონიერი ადამიანია - ინფორმაციას ერთი კი არა, რამდენიმე მხრიდან იღებს, აანალიზებს და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. ასე რომ, მისი მოტყუება და შეცდომაში შეყვანა ადვილი არაა!

- მოარული ინფორმაციით, ზოგიერთი ადამინი , რომელსაც ივანიშვილის ახლადშექმნილ პარტიაში მაღალი თანამდებობა უკავია, ნეპოტიზმით დაავადდა და მხოლოდ თავისი ოჯახის წევრები კი არა, მთელი სანათესაოქართუსადა ივანიშვილთან ასოცირებულ სხვა საწარმოებში დაასაქმა...
- არ მგონია, ასე იყოს...

- ირაკლი, ჩემი წყაროს უტყუარობაში ეჭვი არ მეპარება და გირჩევ, ეს ინფორმაცია გადაამოწმო!.. ირაკლი ალასანიას გუნდსა დარესპუბლიკელებსშორის არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ხმაც არარერალურია?
- რასაც ვუყურებ, დაპირისპირება არ არსებობს. ჩვენ კოალიციის რეჟიმში ვმუშაობთ...

- რატომ არ იქნება ირაკლი ალასანია კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი?
- არ ვიცი... იმას, თუ ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, ბატონო ბიძინა გადაწყვეტს და საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება.

- ხომ არ არსებობს შანსი, რომ პირველ ნომრად რომელიმე ოდიოზური სახე ვიხილოთ?
- ვანო, გარწმუნებ, ასე არ იქნება...

- ირაკლი, ახლა შენს ოჯახზე მიამბე...
- მყავს მეუღლე და ორი არაჩვეულებრივი შვილი - ნიკოლოზი და ანდრია...

- რამდენი წლის დაქორწინდი?
- 21-ის.

- იმხანად შენი სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი კახეთის პოლიციის უფროსი იყო?
- აღარ იყო... მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი ბავშვობიდან გვიყვარს... პირდაპირ მივედი მამამისთან და ვუთხარი, ოჯახიას შემქნა გვინდა-მეთქი.

- ტრადიციული ქართველი ხარ?
- კი, ასი პროცენტით...

- დალევა გიყვარს?
- ბევრ ღვინოს ვერ ვსვამ, მაგრამ სუფრის ტრადიციებს პატივს ვცემ.

- ირაკლი, კარგი ადამიანი ხარ?
- ჩემს ნაკლოვანებებს ვხედავ და ვცდილობ, რომ გამოვასწორო. ჩემი ერთ-ერთი მიზანი სრულყოფილებისკენ სვლაა.

- საბედისწერო შეცდომა დაგიშვია?
- არა...

- ირაკლი, აშკარად იღბლიანი ადამიანი ხარ - ბედმა ივანიშვილს შეგახვედრა...
- კი, ასეა... ჩემს ცხოვრებაში სირთულეებიც იყო... სხვათა შორის, პარიზში ათასი დოლარით წავედი, სადაც სწავლის პარალელურად, რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი და მხოლოდ საკუთარ თავს კი არ ვინახავდი, არამედ, ოჯახსაც ვეხმარებოდი. ჩემი წარსულით ვამაყობ და არასოდეს მიფიქრია, ნეტავ, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო-მეთქი.

- უხერხულმა შეკითხვებმა ხომ არ გაგაბრაზა?
- არა, ადამიანმა კრიტიკული აზრი ყოველთვის უნდა მოისმინოს, მით უმეტეს, თუკი რაღაცის მართვის პრეტენზია აქვს...

- შინგლობალ ტვ”-ის ანტენა გაქვს?
- რა თქმა უნდა... სხვათა შორის, თავის დროზე თეფშების დემონტაჟი ირანშიც მოახდინეს.

- ამით რისი თქმა გინდა?
- იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს დღევანდელი რეჟიმი ირანის რეჟიმის იდენტურია.

- და ირანში როგორი რეჟიმია?
- იქ დიქტატურაა!

- ირაკლი, .. ნაციონალურ ტელევიზიებს თუ უყურებ?
- კი...

- მერე, რომდაზომბირდე”, არ გეშინია?
- არა...

- მოკლედ, ირაკლი, შეასრულებს თუ არა კოალიცია ჩემი და ჩემს მსგავსად მოაზროვნე ადამიანების შეკვეთას, რომ აღარ გვინდა ძველი სახეები და ახალ სახეებს ვითხოვთ?
- ვანო, გარწმუნებ, ბატონი ბიძინა ამ შეკვეთას აუცილებალდ გაითვალისწინებს