მიშა ფურცელაძე, რომელმაც შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანში, საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, კახეთის გუბერნატორის მოადგილეს ალეკო კახიძეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელს შალვა იმერლიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.
„მას შემდეგ, რაც დავუკავშირდი „ქართულ ოცნებას“ და გამოვუცხადე მათ თანადგომა, დაიწყეს მეზობლების, მეგობრების დაბარება. რომდენიმე პიროვნება იყო მოსული, სამსახური შემომთავაზეს, სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვდნენ. გუბერნატორის მოადგილე ალეკო კახიძე ემუქრება ხალხს. …„ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბში არიან ადამიანები, ყველაზე ვერ ვიტყვი, ორი ადამიანი, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობს.
– ვინ არიან ეს ადამიანები და რა გაძლევთ ამ ბრალდების საფუძველს?
– ბრალდების საფუძველს ის მაძლევს, რომ ჩემთან უამრავი ხალხი იყო მოსული როგორც კუდი, სოდი, არვიცი მე მათი სახელები. მიყენებენ ასეთ პირობას, რომ მე, „ქართული ოცნების“ გურჯაანის ოფისში არ შევიდე. არადა, იმ ადამიანებზე, ვინც იქ არიან, ზეწოლა არ ხორციელდება.
– კუდის თანამშრომლებიც იყვნენ თქვენთან? ვინ იყო კონკრეტულად, შალვა იმერლიშვილი?
– კი, ბენზინგასამართ სადგურზე, „კახეთის გული“ რომ არის, იქ შევხვდით.
– რაზე ისაუბრეთ?
– ეს მოხდა დაახლოებით 2 კვირის წინ. ამის შემდეგ შალვა იმერლიშვილმა ჩაიწერა ჩემი ტელეფონი. მითხრა, რომ ყველაფერს გაარკვევდა და დამიკავშირდებოდა. მე არ დამკავშირებია, დაუკავშირდა ჩემს მეგობარს ტარიელ იმერლიშვილს და დაემუქრა.
– როგორც ვიცი, გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილესაც შეხვდით, გოჩა სიბაშვილს.
– გოჩა სიბაშვილმა ჩემს მეგობარს მიაკითხა სოფელ მელაანში, ეს კაცი უმუშევარია და სამსახური შესთავაზა. სანაცვლოდ, აღარ უნდა ეაქტიურა და აღარც ჩემი მხარდაჭერისთვის უნდა შეეგროვებინა ხელმოწერები. ამ შეხვედრიდან ათი დღის შემდეგ ეს კაცი ჩემთან იყო სტუმრად. დილით დაურეკა სიბაშვილმა და უთხრა, რომ გუბერნატორი საქმის კურსშია და შეუძლია მანქანაში ჩასვას და წაიყვანოს, მისცეს სამსახური და ამით მოხდეს კარგი ურთიერთობის დამყარება ტარიელ იმერლიშვილსა და ნაციონალებს შორის.
– რა ინფორმაცია გაქვთ, თქვენზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე?
– როცა ეძახიან იმ ადამიანებს, რომლებთანაც არანაირი ურთიერთობა არ მქონია და აძალებენ რაღაც–რაღაცეების დაწერას, ვფიქრობ, რომ აღძრულია. კახიძეს აქვს ნათქვამი, რომ დააძრობს კბილებს, გადატეხავს ხერხემალში ვინც მხარს დაგვიჭერს.
– გუბერნატორის მოადგილე იმუქრება ასე?
– კი და ეუბნება, მე პოლკოვნიკი ვარ იცოდეთ და ა.შ. ეს პირველი არ არის მაგის მხრიდან. მე მინდა განვაცხადო, რომ არაფერი არ გამოუვა, ვერავის ვერც ხერხემალში გადატეხავს და ვერც ფეხებს მოამტვრევს და საერთოდ თუ კახიძე ფიქრობს მაგას, მე მას ვურჩევდი, რომ ასეთი რამეებისგან თავი შეიკავოს“.
მიშა ფურცელაძის მეგობარმა ტარიელ იმერლიშვილმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ მას სახლში კუდ–ის თაამშრომელი შალვა იმერლიშვილი ეწვია და უთხრა, რომ თუ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას გააგრძელებს, მის შვილებს სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად კახეთის გუბერნატორის მოადგილეს ალეკო კახიძეს ვერ დაუკავშირდა.