პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ "ნულოვან ტოლერანტობას" ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. 2004 წლის 23 ნოემბერს სამართალდამცველის ნასროლმა ტყვიამ ბუტა რობაქიძის სიცოცხლე მოუსწრაფა; 2006 წლის 27 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 27 წლის სანდრო გირგვლიანი; 2006 წლის 2 მაისს, მტკვრის სანაპიროზე, კორტებთან, შსს-ს სპეცრაზმმა ავტომანქანაში ჩაცხრილა ორი ახალგაზრდა - ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი; 2008 წლის 8 მაისს თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე პატრულის ხელით დაიღუპა გიორგი გამცემლიძე... მოკლული ბიჭების სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ფაქტია, რომ მათი მკვლელები დღემდე ან არ დასჯილან, ან არასათანადოდ დაისაჯნენ. მეტიც, როგორც ირკვევა, ზოგიერთ მათგანს დღეს შსს-ში მაღალი თანამდებობა უკავია. მოკლული ახალგაზრდების მშობლები დღემდე ეძებენ სამართალს და გამოძიების არასწორად წარმოებასა და მკვლელების დაუსჯელობაზე ლაპარაკობენ.
"ზურას ერთ-ერთი მკვლელი მანდატურების უფროსად დანიშნეს"
იური ვაზაგაშვილი, მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა:
- ზურას ერთ-ერთი მკვლელი, რომლის ვინაობაც დამალული იყო და მისი მხოლოდ ფოტო არსებობდა, ახლახან დავადგინე - ეს არის დათო დვალიშვილი. იგი "წარმატებული სპეცოპერაციისთვის" სკოლის მანდატურების უფროსად, უფრო ზუსტად, მანდატურების გენინსპექციის უფროსად დაუნიშნავთ. ხომ წარმოგიდგენიათ, მკვლელი ამ სფეროში?! დვალიშვილი ჩემი მანქანის წართმევის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთი მკვლელი - გიორგი ცააძე დაპატიმრებულია - დიპკორპუსი შეესწრო ფაქტს, როდესაც მან რესტორანში ვიღაცას იარაღი დაადო შუბლზე. სხვა გზა არ ჰქონდათ და დააპატიმრეს. ცააძეს 2 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ სექტემბერში, ერთი წლის თავზე, ათავისუფლებენ. კიდევ ერთი დამნაშავე, ირაკლი ფირცხალავა აფხაზეთის უშიშროებაში მუშაობს. ოთარ მირზოევი ისევ შს სამინისტროში მუშაობს ყალბი დიპლომით - მისი ქვისლი ვანო მერაბიშვილის მოადგილედ დანიშნეს და თავისთან გაამწესა. შაკო ნიქაბაძე სამხედრო სამსახურში დააწინაურეს. ზურაბ ფერაძე ახლაც სამინისტროშია, გიორგი ხიზანიშვილი ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსია. სწორედ მისი მოადგილეა მირზოევი. ალეკო მგელაძე ისნის პროკურორია. ირაკლი ქადაგიძეც და მერაბ ბაღათურიაც კვლავ ძალოვან უწყებაში მსახურობენ. ზურას და საშა ხუბულოვის მკვლელობაში დაახლოებით 100 კაცი მონაწილეობდა სპეცრაზმთან და ისან-სამგორის პოლიციასთან ერთად. ზურას მკვლელობის საქმე ევროსასამართლოში 2007 წლიდანაა გაგზავნილი და პასუხს ველოდებით. მჯერა, რომ სამართალი მხოლოდ ამ გზით აღსრულდება და მკვლელები საკადრისად დაისჯებიან.
"სანდროს მკვლელები ოფიციალურად აღარ არსებობენ"
ლევან ჩიტაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "არას" ლიდერი:
- არაერთხელ მოგვიწევს სანდრო გირგვლიანის ხსენება, რომელიც შსს-ს თანამშრომლებმა ვერაგულად მოკლეს ოქროყანაში. ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება დაადანაშაულა საქმის არაობიექტურად გამოძიებაში - თვითონ პრეზიდენტმა, პროკურატურამ და სასამართლომ შეუშალეს ხელი საქმის სრულფასოვნად და ობიექტურად გამოძიებას, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყურად არ იღო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ დაიწყეს აპელირება მხოლოდ კომპენსაციაზე, ამაყობენ, რომ დროულად მოახერხეს მისი გადახდა ოჯახისათვის. 2006 წლის იანვარში სანდროს მკვლელობის დამკვეთები და თანამონაწილეები იყვნენ - კუდ-ის დღევანდელი უფროსი დათა ახალაია (იგი კვლავ თანამდებობაზეა), მისი მოადგილე, შსს-ს ოფიცერი ოლეგ მელნიკოვი, გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, რომელიც 2011 წელს კომაში ჩავარდა (სხვადასხვა ვერსიით, მას იარაღი გაუვარდა ან ესროლეს) და მკურნალობდა ავსტრიაში. დღეს იგი გამოჯანმრთელებულია და საქართველოშია. მათ შორის იყო შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმჟამინდელი უფროსი, ამჟამად ტელეკომპანია "რეალტივის" ბოსი გურამ დონაძე, აგრეთვე იკვეთება შს მინისტრისა და მისი მეუღლის, თაკო სალაყაიას ბრალეულობა.
რაც შეეხება შემსრულებლებს, იმ ოთხის გარდა (ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე და აფციაური), მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა ოლეგ მელნიკოვიც, რომელიც ამოიცნო სანდროს მეგობარმა ბუხაიძემ, თუმცა მელნიკოვს პასუხი არ უგია მართლმსაჯულების წინაშე, მხოლოდ ოთხეულს წაუყენეს ბრალი. მათ 7 და 8-წლიანი სასჯელები შეეფარდათ, მოგვიანებით წლები ჩამოაკლეს, 2008 წლის 24 ნოემბერს კი ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა. მკვლელები ციხეში, ჯაკუზებითა და ბილიარდის მაგიდებით აღჭურვილ ოთახებში, გასართობად მიდიოდნენ, მერე კი, სადაც მოისურვებდნენ, იქ მიდიოდნენ. ისინი პატიმრები არ იყვნენ, ტურისტული ვიზით იყვნენ დაშვებულნი საპატიმროში პირადად სააკაშვილ-მერაბიშვილ-ახალაიას მიერ. გათავისუფლების შემდეგ თითქოს ისინი მონასტერში გაგზავნეს პირობითი სასჯელებით, ითქვა, რომ მათ მოინანიეს დანაშაული და იქ მოიხდიდნენ დარჩენილ წლებს. თუმცა მათ ერთი დღეც არ გაუტარებიათ მონასტერში. ამ ხალხის ასავალ-დასავალი გაურკვეველია. მათ ოფიციალური თანამდებობები შსს-ში, რა თქმა უნდა, აღარ უკავიათ, მაგრამ არაოფიციალურად, ასრულებენ სხვადასხვა დავალებას, იღებენ ხელფასს და აქვთ მოწმობები, თუმცა არსად არიან რეგისტრირებული. სხვადასხვა ინფორმაციასა და წყაროზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების ავტორიტარული რეჟიმის გასამყარებლად საქმიანობენ, მონაწილეობენ დარბევებში. ისინი რეალურად ისევ რჩებიან ძალოვანი უწყების ფარულ, იატაკქვეშა თანამშრომლებად. ამასთანავე, აქვთ საკუთარი ბიზნესებიც. ფაქტია, რომ ეს ხალხი ოფიციალურად აღარ არსებობს.
ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება იქნება, მათ არაფერი შეეხება. ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი დაზუსტდება, მათი თავშესაფარი დადგინდება და დამოუკიდებელი სასამართლო შეძლებს ყველას აგებინოს პასუხი - როგორც შემკვეთებს, ისე - შემსრულებლებს. პასუხი უნდა აგოს სააკაშვილმაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტს მარტო სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ეყოფა პასუხისგებაში მისაცემად. პრეზიდენტის გარდა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შეწყალების კომისიის წევრებს, რომლებმაც ოფიციალურად გააფორმეს მკვლელების შეწყალება. ესენი არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები: მამუკა საბანაძე, რევაზ ჭარბაძე, ზურაბ კვიციანი, ვლადიმერ გვასალია და გიორგი შალამბერიძე. თავისუფალ სასამართლოს აუცილებლად მოუწევს ამ ადამიანების დაკითხვაც, თუ რატომ, რის საფუძველზე, ვისი დავალებით მიიღეს ოფიციალური დოკუმენტი ოთხეულის შეწყალებაზე.