ივანიშვილის მიერ 75- მილიონიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო აღსრულების ბიურომ "ქართუ ჯგუფის" და "ბანკ ქართუს" 100-100%-იანი წილი, ხოლო "პროგრეს ბანკში" 21,7%-იანი წილი დააყადაღა. ივანიშვილი ამბობს, რომ მას აქციები მხოლოდ "პროგრეს ბანკში" გააჩნია. მისი ადვოკატების თქმით, აღსრულების ბიურო შეცდომაში "ეროვნულმა ბანკმა" შეიყვანა. პოლიტოლოგები კი შიშობენ, რომ ეს "შეცდომა" ქვეყანას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.
აღსრულების ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ სააღსრულებო წარმოების პროცესში მოიძიეს ბიძინა ივანიშვილის სახელზე არსებული ქონება და დაადგინეს, რომ სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ს ფლობს სს "ქართუ ჯგუფი", რომლის აქციების 100%-ის და აგრეთვე სს "პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ივანიშვილი წარმოადგენს სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ისა და სს "პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს.
"ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია, ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული წესის დაუცველობის შემთხვევაში, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია. ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს "ბანკი ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების მიზნით, სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი," - ნათქვამია აღსრულების ბიუროს წერილში."აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ საქმიანობას. ასევე გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად უქმდება," - განმარტებულია აღსრულების ბიუროს წერილში.
ადვოკატები "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აქციების ფლობას მხოლოდ "პროგრესბანკში" ადასტურებენ. როგორც არჩილ კბილაშვილი ამბობს, ივანიშვილი "პროგრესბანკში" მართლაც ფლობდა აქციების გარკვეულ რაოდენობას, რის გამოც, კანონით, იქ მისი წილების დაყადაღება "ნორმალური და სწორი პროცესია". "ქართუ" ბანკში კი ივანიშვილზე აქციები არ ირიცხება. აქციათა 100% სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფს" ეკუთვნის, რომელსაც რამდენიმე უცხოური კომპანია ფლობს. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი, ქართული იურისდიქციის ფარგლებში, არსად არ იყო "ქართუ ჯგუფის" მესაკუთრე," - აღნიშნა კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა ასეთია: სასამართლოს შეუძლია მიმართოს არა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ პირებმა, რომლებიც ბანკ "ქართუსა" და "ქართუ ჯგუფის" მესაკუთრეები არიან.
ბანკ "ქართუს" პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილისთვის ბანკის აქციების დაყადაღების გადაწყვეტილება გაუგებარია.
"თუ აქციები არ აქვს, სად იპოვეს?" - განუცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა "ინტერპრესნიუსს".
მისი შეფასებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება მცდარია. ამბობს, რომ აქციების დაყადაღებაზე ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ.
ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე კი ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა ივანიშვილთან დაკავშირებით აღსრულების ბიურო შეცდომაში შეიყვანა: "კომერციული ბანკების შესახებ კანონი" ივანიშვილზე არ უნდა გავრცელებულიყო, რადგან ის "ქართუ" ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრე იყო და არა წილის მყიდველი. "კომერციული ბანკების შესახებ კანონის" რეგულაცია კი წილის შემძენ პირზე ვრცელდება.
"რაც დღეს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, არის სისულელე და პირდაპირ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან შეცდომაში შეიყვანა სააღსრულებო ბიურო და მესამე პირის ქონებაზე მოახდინა აღსრულება. წილის მყიდველსა და ბენეფიციარ მესაკუთრეს შორის არსებითი სხვაობაა. ეროვნულ ბანკში მინიმუმ ეს უნდა იცოდნენ. წილის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა, რაც შეეხება ბენეფიციარ მესაკუთრეს, ის იყო 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით," - აღნიშნა თადუმაძემ.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში აქტიურად ჩართულიყო, აღნიშნული მესაკუთრეობის უფლება მის შვილს გადააბარა. ამიტომ, თადუმაძის თქმით, 2012 წლის ბენეფიციარი მესაკუთრე უტა ივანიშვილია და ამის შესახებ კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკში ყოველწლიურად ანგარიშს წარადგენს. აქედან გამომდინარე არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
"როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ეროვნული ბანკი, სასურველია კომპეტენტური იყოს. ეს შეცდომა არ არის, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. იგი შეგნებულად მიიღეს, რადგან დარწმუნდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს შესაბამისი ქონება, რომელიც 75 მლნ-იანი სახდელის გადახდას უზრუნველყოფს. გადაწყვიტეს შური იძიონ იმ წესებით, რომელიც კანონით არ არის დადგენილი," - დასძინა თადუმაძემ.
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი კი ამბობს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული ქონება ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობას ბევრად აღემატება.
"როცა აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ყადაღას ადებს სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად, იმდენი მაინც უნდა მოახერხოს, რომ რაციონალობის ფარგლებში დარჩეს, რადგან ქონება, რომელიც დაყადაღდა, ჯარიმის ოდენობას ხუთმაგად, ათმაგად და შეიძლება უფრო მეტჯერაც აღემატება," - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არც "ქართუ ჯგუფის" და არც "ქართუ ბანკის" ანგარიშები არ შედიოდა.
"არ გამიკვირდება, რომ დაყადაღება იმავე ფორმატით მომხდარიყო, როგორითაც დაჯარიმება, როცა დოკუმენტურად, იურიდიულად არც ერთი ქაღალდით არ დასტურდება ბიძინა ივანიშვილის იმ კომპანიებთან რაიმე კავშირი, რისთვისაც დააჯარიმეს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პოლიტოლოგი რამაზე საყვარელიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი "ძალიან გაუთვლელი ჩანს":
"საერთოდ არა მგონია, რომ ხელისუფლების მიერ ეს ნაბიჯები კარგად იყოს გათვლილი. ამ ნაბიჯებს პროცესები რისკენ მიყავს და ხელისუფლებისთვის სასარგებლო რითი შეიძლება იყოს? ამით ივანიშვილი არ გაკოტრდება. ერთად-ერთი, რა შედეგიც ამას მოაქვს, არის მოსახლეობაში უსამართლობის განცდის მატება, რითაც ივანიშვილი მხარდამჭერები და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მრავლდებიან. ასე რომ, ფაქტობრივად, ეს ნაბიჯები ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია," - ამბობს საყვარელიძე და იხსენებს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს, როდესაც სააკაშვილს დაბალი რეიტინგი ჰქონდა.
"შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა აჭარაში და ქვემო ქართლში პროვოკაციები მოუწყვეს ხელისუფლებას, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ამით სააკაშვილის რეიტინგი საკმაოდ გაიზარდა. ამ დროს სოციოლოგების ჯგუფი მყავდა და პოლიტიკოსების რეტინგების კვლევაზე ვმუშაობდით. სააკაშვილის რეიტინგი დაახლოებით 7% იყო ამ ინციდენტებამდე სამი-ოთხი კვირით ადრე. ინციდენტების შემდეგ კი სააკაშვილს რეიტინგი 25%-მდე გაეზარდა და ეს იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო. ანუ, მან შეგნებულად გადადგა ის ნაბიჯი, რომ, როგორც მსხვერპლს ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინა. ახლა კი თავად დგამს იმ ნაბიჯებს, რომლითაც ივანიშვილს მხარდამჭერებს უმრავლებს და ამის შესახებ ყველაზე კარგად მან უნდა იცოდეს," - ამბობს საყვარელიძე.
ასეთი ნაბიჯების ერთ-ერთი შესაძლო ახსნა აშშ-ის ფაქტორს უკავშირდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ სააკაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ივანიშვილთან ბრძოლაში და, შესაბამისად, ყველა ეს ქმედება ამით არის განპირობებული.
"აქ ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. რაც შეეხლება ამერიკის მხარდაჭერას. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ სააკაშვილი წაახალისეს. თუმცა, უკვე არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მათ რაიმე არსებითი შენიშვნა მისცეს იმასთან დაკავშირებით რაც ქვეყანაში ხდება და რაც ძალიან კარგად იცის ამერიკულმა მხარემ.
"მე, უბრალოდ, ეჭვი მეპარება იმაში, თავად აშშ ხვდება თუ არა იმას, მის ინტერესებში რა არის და ამას რა შედეგი მოჰყვება. ამერიკას ასეთი დაუფიქრებლობა ხშირად სჩვევია, რასაც საკმაოდ დიდი პრობლემები მოსდევს ხოლმე.
ასე დაკარგა ირანი, ასე გამაგრდა თავის დროზე კუბაში საბჭოთა კავშირი, ამერიკის დაუფიქრებლობის შედეგია ისიც, რომ არაბულ ქვეყნებში ხელისუფლებაში ისლამისტები მოდიან, რაც ამერიკული პოლიტიკის მარცხად უნდა ჩაითვალოს. ასე რომ, ამერიკა არ არის ისეთი ჭკვიანი, როგორიც ჩვენ გვგონია და, რაც მთავარია, როგორც თვითონ ჰგონიათ. ამიტომ ორიენტაცია იმაზე კი არ უნდა გვქონდეს, რომ ამერიკა სწორედ დაინახავს მოვლენებს, არამედ იმაზე, რომ ის მიმდინარე მოვლენებით ხელმძღვანელობს," - ამბობს საყვარელიძე.
ის განმარტავს, რომ სწორედ ამ მიმდინარე პოლიტიკის შედეგია ის, რომ ამერიკა ერიდება სააკაშვილის კრიტიკას, რადგან ის ამერიკულ პროდუქტად ითვლება.
"გარეგნული ეფექტებით ხელმძღვანელობს ამერიკაც და პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში სადამდე მიდის, ამის სწორად შეფასება და განსაზღვრა ხშირად ამერიკასაც ეშლება," - ამბობს საყვარელიძე.
მეორე ვარიანტად კი არჩევნების გადადება განიხილება, რადგან ხელისუფლებას ივანიშვილის მაღალი რეიტინგის გამო ახლა არჩევნების ჩატარება არ აწყობს.
"თუკი მოხდება ისე, რომ კონფლიქტები გამწვავდება, შეიძლება ისიც კი აწყობდეთ, რომ ამ კონფლიქტში რუსეთი ჩაერიოს და ამიტომ არის სახიფათო ცხინვალთან და აფხაზეთთან ურთიერთობაში რაიმე არ მოხდეს. იმიტომ, რომ თუ სააკაშვილის ხელისუფლებას წასვლა მოუწევს, მათ, შესაძლოა, დევნილი ხელისუფლების სტატუსი ერჩიოთ და ამ იმიჯით წავიდეს, ვიდრე საკუთარი ხალხის მიერ გადარჩეული ხელისუფლების სახელით," - ამბობს საყვარელიძე.
მისი თქმით, ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ის არის, რომ ჯერჯერობით არ ჩანს, ხელისუფლება რომელი სცენარით იმოქმედებს.
"პროცესები რომელი სცენარით წავა, მოხდება კონფლიქტები იმისთვის, რომ დააშინო, კონფლიქტები იმისთვის, რომ არჩევნები ჩაშალო თუ იმისთვის, რომ კონფლიქტების გამწვავების შემდეგ ემიგრაციული ხელისუფლების როლში აღმოჩნდე, ამ სცენარებიდან რომელს აირჩევს ხელისუფლება, ეს უფრო მიმდინარე პროცესებზე იქნება დამოკიდებული და მე მგონი, დღეისთვის არავის არა აქვს გადაწყვეტილი, რომელი სცენარით განვითარდება მოვლენები. მაგრამ, რომლითაც უნდა განვითარდეს, ერთი რამ არის ფაქტი, რომ ეს ყველაზე ცუდი რიგითი მოსახლეობისთვის იქნება," - ამბობს საყვარელიძე.