«ახალი ფოთის» განხორციელება ძალიან ნელი ტემპით იწყება და რაც მთავარია, ისეთი პროექტებით, რომელიც ქალაქის მოსახლეობას საერთოდ არ სჭირდება. ის, რაც საპორტო ქალაქს მართლაც გამოედგებოდა (საუბარია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე), კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. ეტყობა ახლა უსარგებლო პროექტების ჯერია.
ფოთში ვალენსიელ არქიტექტორთა მიერ დაგეგმილი 13 პროექტიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორის განხორციელებაა დაწყებული. ყველაზე ადრე მათ შორის რესტორნის პროექტი დასრულდება. ასევე დაწყებულია „რივერსაიდის“ სამშენებლო სამუშაოები. ფოთის მერის ვახტანგ ლემონჯავას განცხადებით, გარდა ამისა, ,,ახალი ფოთის პროექტის” ფარგლებში დაგეგმილია სამი ხიდის მშენებლობა, რომელსაც ასევე ვალენსიის არქიტექტურული ჯფუგი „CMC ჯგუფი“ განახორციელებს. აქედან, 2 სამანაქანო და ერთიც საფეხმავლო ხიდი იქნება.
მოკლედ, ფოთში მართლაც ისეთი რამეები შენდება ქალაქს მაინცდამაინც რომ არ სჭირდება. ქალაქში რა ხიდებიც არის სრულიად საკმარისია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ცნობილია, რომ ფოთი საფრანგეთის ქალაქ ნიცას მსგავსად არის ნაგები და ყველა ქუჩა ქალაქის ცენტრს უერთდება (პროექტი ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის). ასე რომ, ყველა სახის კომუნიკაცია უკვე აშენებული და გაყვანილია. ფოთში ახალი უბნები არ შენდება თუ არ ჩავთვლით დევნილთა ახალ დასახლებას მალთაყვაში, რომელსაც ხიდი არ სჭირდება, რადგან ცენტრალური მაგისტრალიდან 100 მეტრის მოშორებით მდებარეობს. ამიტომ გაუგებარია დამატებითი ხიდები რა საჭირეობამ გამოიწვია.
რაც შეეხება რესტორანს, მისი მშნებლობით თავის მოწონება, უბრალოდ, სასაცილოა. ამ კუთხით თუ შევხედავთ, საქართველოს 3 მთავარ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) ყოველდღე იმდენი საზოგადოებრივი კვების ობიექტი იხსნება, რომ მის გასაშუქებლად დღეში ერთი 9-საათიანი «კურიერი» არ იქნება საკმარისი.
ფოთში „CMC ჯგუფის“ სამოქმედო გეგმაში ასევე შედის ცენტრალური ტყე–პარკის რეაბილიტაციისა და სანაპირო ზოლის მოწყობა, რომელიც მდინარე რიონს გაყვება და ზღვამდე მივა.
აი, აქ კი საქმე დიდ ორიგინალობასთან გვაქვს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფოთს სანაპირო ზოლი საერთოდ არ გააჩნია და ვერც ექნება, რადგან შუა ქალაქში ჩამოედინება საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარე რიონი, რომელიც ზღვის შესართავის ირგვლივ რამდენიმე კილომეტრში იმხელა გავლენას ახდენს, იქ სანაპიროს და პლაჟის მოწყობა ყოვლად გამორიცხულია. მით უფრო, თუკი საუბარია, რომ სანაპირო უშუალოდ რიონს უნდა გასდევდეს. სხვათა შორის, ფოთელების აბსოლუტური უმრავლესობა ზღვაზე საბანაოდ მალთაყვის პლაჟზე დადის (დანარჩენი საერთოდაც არ დადის), რომელიც ქალქის ცენტრიდან 6-7 კილომეტრის მოშორებითაა. ეს იმიტომ, რომ სწორედ მდინარე რიონისა და ნავსადგურის გამო, ფოთის ზღვა მუდამ ამღვრეულია.
რასაკვირველია, ტექნიკურად სანაპირო ზოლის მოწყობას წინ არაფერი დაუდგება, მაგრამ ის ისეთივე «დატვითული» და «ხალხმრავალი» იქნება, როგორც ანაკლიის პლაჟი. სხვათა შორის, სააკაშვილი მიერ აღიარებულ «მსოფლიო დონის კურორტზეც» იგივე ვითარებაა. რამდენიმე ასეულ მეტრში ზღვას მდინარე ენგური უერთდება, რომელიც ანაკლიის სანაპირო ზოლს ყოვლად გამოუსადეგარად აქცევს.
პლაჟს და რესტორანს ტურისტების მოზღვავება მოჰყვება. ამიტომ, როგორც ლემონჯავა «კომერსანტთან» საუბარისას აცხადებს, საზღვაო ქალაქში უკვე დაწყებულია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სარემონტო სამუშაოები, რომელიც თეატრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 20 სექტემბერს გაიხსნება.
მანამდე კი ფოთში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. ფოთის მერის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს დუბაის ბიზნეს ჯგუფი ახორციელებს, რომელიც ინდოელი ბიზნესმენებისგანაა დაკომპლექტებული. ინვესტორებმა პირველ ეტაპზე 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, ხოლო სამუშაოების მეორე და მესამე ეტაპზე 35–35 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავენ.
ფოთში მალე ახალი სადგურიც გაიხსნება, თუმცა ფოთის რკინიგზის გახსნა ქალაქის მერი ჯერ კიდევ წინა წლის ოქტომბერში პროგნოზირებდა და შეფერხების მიზეზად სახურავთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებდა. როგორც გავარკვიეთ, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
ერთი სიტყვით, სატრანსპორტო სფეროში ფოთელებს ფატალურად არ უმართლებთ. 3 წელია 50-ათასიანი ქალაქის მოსახლეობა ამაოდ ელის აეროპოტის ამოქმედებასაც (რომელიც საერთოდ არ სჭირდებათ), მაგრამ ჯერ მისი მშენებლობაც არ დაწყებულა. ამჯერად აეროპორტის გახსნის თარიღად გამოცხადებულია 2014 წელი. სავარაუდოა, რომ არჩევნების გადაგორების შემდეგ, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტის შესახებ არავის ემახსოვრება. რომელიმე მთავრობის წევრი მხრებს აიჩეჩავს, ამ პროექტმა არ გაამართლაო (ისე როგორც საკაშვილმა ფოთის ინდუსტრიული ზონის თაობაზე) და ყველაფერი ამით დასრულდება.