სოფელი ქვის ხანის მეურნეობით, ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან მხცოვანი ადამიანებით, დეფიციტური მუშახელით, შემცირებული მოსავლით და დაცარიელების პერსპექტვით - ასეთია ქართული სოფლის დღევანდელი დღე.
«ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ღარიბია, და ყველაზე მეტად ერთგვარი კოლექტიური დეპრესიის მსხვერპლია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოულოდნელი კოლაფსის და განმეორებითი კონფლიქტების გამო», - აცხადებს სტეფანი ჯადი, World wizion switzerland-ის პროგრამების მენეჯერი.
ეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში და აფხაზეთში მუშაობს და ეხმარება ჯანდაცვის და განათლების სფეროს და ზოგადად ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობას ცდილობს.
«სოფლებში ადამიანები თავს ირჩენენ იმით, რასაც აწარმოებენ უძველესი მეთოდებით. ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდებს ის უნარებიშ ევასწავლოთ, რაც მათ სოფლის მეურნეობაში მუშაობისთვის სჭირდებათ», - აღნიშნავს ჯადი.
მისი თქმით, ფერმერის ცხოვრებამ მიმზიდველობა დაკარგა, ახალგაზრდები სხვაგვარ მომავალზე ოცნებობენ და ხშირად ემიგრაციაში მიდიან. ბევრ სოფელში, მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან მხცოვანი ადამიანები ცხოვრობენ, შესაბამისად, მუშახელის დეფიციტია.
«მეზობელი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო რესურსებით მდიდარი არ არის, მისი შიდა ეკონომიკა დიდწილად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. 2006-10 წლებში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 47% იყო და მისი განმტკიცება სიღარიბის დაძლევისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია», -აღნიშნავს ჯადი და რუსული ემბარგოს თემასაც ეხება.
«რუსეთი არ არის საქართველოს მხოლოდ მთავარი მიმწოდებელი და კლიენტი, არამედ იქ ცხოვრობს მისი დიასპორის დიდი ნაწილი, რაც სერიოზული ფინანსური რესურსია», - წერს ავტორი.
უცხოური გამოცემა და უცხოელი ავტორები პრობლემის არსს სწორად ხედავენ, მაგრამ თქმა იმისა, რომ ქართველი გლეხები თავს ირჩენენ, ერთობ გადაჭარბებულია. რაც ქართულ სოფელში ხდება, თავის რჩენა კი არა, არსებობისთის ბრძოლაა. ამიტომაცაა, რომ სოფლები წლიდან წლამდე ცარიელდება, ხოლო დამუშავებული მიწების რაოდენობა მუდმივად მცირდება.
წლეულს ხორბალი 47 ათას ჰექტარზე დაითესა, რაც შარშანდელთან შედარებით 20%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ასე ცოტა ფართობზე ხორბალი არასდროს დათესილა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს ბოსტნეული 24,4 ათასს ჰექტარზე დაითესა.2009 წელს ბოსტნეულის ნათესი ფართობების მოცულობამ 23,7 ათასიჰექტარი იყო. 2008 წელს - 28,3 ათასი ჰექტარი, 2007 წელს - 32ათასი ჰექტარი. 2011 წელს კი, დაუზუსტებელი მონაცემებით, ბოსტნეული 22 ათას ჰექტარზე დაითესა.
ასე რომ, ნათესი ფართობები, შესაბამისად კი, მოსავლიანობა გაზრდის ნაცვლად, მცირდება. ამ ფონზე, საქართველოში ბოსტნეულის იმპორტი რეკორდებს ხსნის. 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, კარტოფილის იმპორტი 19,4-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტების განცხადებით, ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, რადგან საქართველოში კარტოფილის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 100%-ს აღწევდა.
ბოლო მონაცემებით 1,2-ჯერ გაიზარდა ხახვის იმპორტი.3,4-ჯერ გაიზარდა სტაფილოს იმპორტი, 1,6-ჯერ კიტრის იმპორტი.რაც შეეხება სიმინდს, მისმა იმპორტმა 3-ჯერ მოიმატა.