რამდენიმე დღის წინ, დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მილანური "შოპინგის" ამსახველი ფოტოები კახი კალაძის ორგანიზებით გადაიღეს. ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი - მართლაც რა მოხდა მილანში? ამ და სხვა საკითხებზე "ყველა სიახლე" კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, კახი კალაძეს ესაუბრა.
- რამდენიმე დღის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მილანში პრეზიდენტ სააკაშვილის "შოპინგის" ამსახველი ფოტოების გადაღება კახი კალაძის ორგანიზებით მოხდაო. რას იტყვით ამის შესახებ?
- ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იხუმრა, რადგანაც ეს განცხადება პირდაპირ ეხმიანებოდა იმ ბრალდებას, რასაც სააკაშვილის მიერ მართული ტელევიზიები ჩემს წინააღმდეგ ავრცელებდნენ - თითქოს მე მილანში ქურდებს შევხვდი. ბატონმა ბიძინამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა: კახა, ეტყობა, მიშას შეხვდა, თქვენ კი ქურდებში, ალბათ, მიშას გულისხმობდითო. რა თქმა უნდა, იხუმრა. რა ფოტოების გადაღებაზეა ლაპარაკი? უბრალოდ, ჩემი და მიშას მილანში ყოფნა ერთმანეთს დაემთხვა. რაც შეხება პრეზიდენტის საქციელს, ჩემთვის ეს გამაოგნებელი იყო. სლოვენიაში ახალგაზრდული ნაკრების თამაშზე მისი გამოჩენა იყო და, გუნდმა, რომელსაც მანამდე კარგი მაჩვენებლები ჰქონდა, წააგო. შემდეგ ამერიკაში მილანის გავლით მოინდომა წასვლა, ალბათ, იმიტომ, რომ მაღაზიებში ევაჭრა და სწორედ მაშინ გადაუღეს ფოტოები. სტიქიისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ როცა ქვეყანაში წყალდიდობით ხუთი ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ ქალაქში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მოშლილი და განადგურებულია სანიაღვრე სისტემა, რა გეშოპინგება თუ ნორმალური ადამიანი და ხალხზე მზრუნველი პრეზიდენტი ხარ?! ამ ქალაქში არა მარტო წყლის სისტემაა გაუმართავი, მოჩვენებითი კეთილდღეობის და სიცრუის განსახიერებაა ის ფასადური მშენებლობები, უხარისხოდ, ელვის სისწრაფით რომ სრულდება. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაც ასეთივე ფასადური გახადა ჩვენს ქვეყანაში. ამ ხელისუფლებას ყველაფერი ტყუილზე აქვს აგებული. სახელისუფლებო ტელევიზიებიდან სიბინძურისა და სიცრუის ნიაღვარი მოედინება და წამლავს ქვეყანას. თუმცა, ხელისუფლებას ეს ფანდიც მოუძველდა. ჩართავ ტელევიზორს - საამურია ცხოვრება, ყველაფერი თავზე საყრელად გვაქვს, გამორთავ და - არაფერი. ყოველდღე საგანგაშოდ იზრდება ემიგრანტების რიცხვი. ქართველები საზღვარგარეთ მიდან ლუკმაპურის საშოვნელად, რადგან სამშობლოში ადგილი ვერ იპოვეს. ემიგრაციაში ყოფნა რამდენიმე წლით უხდებათ და ამის გამო ინგრევა ოჯახები. ქვეყანაში არის საშინელი სოციალური მდგომარეობა. ჩვენი პრეზიდენტი კი არაფერს იკლებს, მილანში შოპინგობს, როცა ქვეყანაში ამდენი მოუგვარებელი პრობლემაა.
- ერთ-ერთმა ტელევიზიამ დაასახელა იმ კრიმინალური ავტორიტეტის ვინაობა, ვისაც თითქოს მილანში შეხვდით. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას და თუ იცნობთ რომელიმე მათგანს?
- არც ვიცნობ და რა თქმა უნდა, არც არავის შევხვედრივარ. სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიების მიერ დასახელებული პიროვნებებიდან ორი მათგანი, თუ არ ვცდები, ციხეში ზის. ეს იყო მცდელობა იმისა, რომ კახი კალაძის წინააღმდეგ აეგორებინათ შავი პიარი. იციან, რომ სუფთა ცხოვრებით ვიცხოვრე და უნდათ, ხელისუფლების დავალებით ჩირქი მომცხონ. კატეგორიულად ვაცხადებ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უნდა, იტალიელმა სამართალდამცავებმა დამკითხონ და რაიმე ფორმით დამაკავშირონ გაყიდული თამაშების სკანდალთან, ეს არ გამოუვათ.
- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლებას სურს, იტალიელ სამართალდამცავებთან პრობლემები შეგექმნათ?
- ჩემმა იტალიელმა მეგობრებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იქაური უშიშროების თანამშრომლებთან ჩავიდა საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელი და ჩემს წინააღმდეგ ბინძური ინფორმაციის მიწოდებას ცდილობდა.
- ვინ იყო ის პიროვნება და კონკრეტულად შს სამინისტროს რომელი სტრუქტურიდან?
- ის პიროვნება იყო ვანო მერაბიშვილის უწყებიდან, კერძოდ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან.
- იცით ამ ადამიანის გვარი?
- რა თქმა უნდა, ვიცი კუდის იმ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელიც იტალიაში სპეციალურად ჩავიდა და სამართალდამცავებს ჩემს წინააღმდეგ არარსებულ ბინძურ ინფორმაციას აწვდიდა. ეს ადამიანი ასრულებდა ხელისუფლების დავალებას, რომ მე იტალიელ სამართალდამცავებთან პრობლემა შემქმნოდა. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ მე ეს ვიცი.
- ხელისუფლებასთან პრობლემები მანამდეც გქონდათ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორი გახდებოდით...
- ნაციონალების გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ საკუთარი აზრის გამოთქმას არასოდეს ვერიდებოდი და როცა ხელისუფლება უსამართლობას სჩადიოდა, ვამხელდი. თუმცა, რამე კარგი თუ კეთდებოდა, იმასაც ვამბობდი.
- იქნებ გაიხსენოთ კონკრეტული ფაქტი, რომელმაც თქვენს მიმართ ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.
- ეს იყო სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის საქმე. ინგა გრიგოლიას გადაცემაში მონაწილეობისას მოვითხოვე მკვლელების მკაცრად დასჯა. პრეზიდენტისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო. ის იმყოფებოდა ინგა გრიგოლიას გადაცემაში. ისე გამოვიდა, რომ ყველა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებზე ლაპარაკობდა და არავის გახსენებია უდანაშაულოდ მოკლული გირგვლიანი. გირგვლიანის მკვლელობამ ისე დამანგრია შინაგანად, რომ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, არ მეთქვა სიმართლე და მოვითხოვე მკვლელების დასჯა. სააკაშვილს სახეზე დაეტყო, რომ ამ თემაზე ჩემი თვალსაზრისი არ მოეწონა. ამის შემდეგ ხელისუფლების ჯიბის ტელევიზიებმა და გაზეთებმა დაიწყეს სიბინძურეების შეთითხნა ჩემზე.
- ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატად წარგადგინათ სამტრედიაში. ვინ იქნება თქვენი კონკურენტი ნაციონალებიდან?
- ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა ვინც უნდა იყოს, ვისურვებდი, რომ კონკურენტუნარიან გარემოში და სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები. რადგან სამტრედიელები არ იმსახურებენ გაყალბებულ არჩევნებს და ვიცი, რომ თავიანთ ხმებს დაიცავენ ბოლომდე. ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სამტრედიაში გავიმარჯვებ. არა მარტო სამტრედიაში, "ქართული ოცნება" მთელ საქართველოში გაიმარჯვებს და ქართველ ხალხს ამ უკანონო და უსამართლო ხელისუფლების კლანჭებისგან ვიხსნით.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გაუსაძლისი პირობები, რაც არის სამტრედიასა და სრულიად საქართველოში, ის უსამართლობის განცდა და საპროტესტო მუხტი, რაც დაგროვილია ხალხში ხელისუფლების მიმართ. მე ხშირად ვხვდები მოსახლეობას და ვიცი მათი გასაჭირი.
- ეკონომიურად შეძლებული პიროვნება ხართ, თუ გაგიკეთებიათ თქვენი რაიონისთვის რამე პოლიტიკაში ჩართვამდე?
- არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რაც ჩემს რაიონს გავუკეთე და მეამაყება კიდეც - ავაშენე ტაძარი. მისმა მადლმა დაიფაროს ჩვენი რაიონის მოსახლეობა და სრულიად საქართველო.