"ხელისუფლება დღევანდელივით აგრესიული არც ერთი წინასაარჩევნო კამპანიისას არ ყოფილა. მმართველი გუნდი ხმალამოღებული ებრძოდეს ოპოზიციას, არღვევდეს ყველა კანონს, თითხნიდეს სისულელეს და არქმევდეს კანონს, ამგვარი რამ საქართველოს კი არა, კუბისა და ბირმის ისტორიას არ ახსოვს ", - აცხადებს კოალიცია `ქართული ოცნების~ წარმომადგენელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილი აუცილებლად გამოთხრის კატას!"
"რაც ბატონმა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. სააკაშვილმა მყისიერად გადადგა არაადეკვატური ნაბიჯები - ივანიშვილსა და მის მეუღლეს ჩამოართვა მოქალაქეობა, დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი პოლიტიკური გაერთიანებების, მათი დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ, კანონს მიენიჭა უკუქცევითი ძალა, ასეთი რამ კი ლუკაშენკოსაც არ ჩაუდენია. ხელისუფლების ყველა ეჭვი, იმედი, რომ ოპოზიცია ხალხს "ვერ შეკრებს", "ვერ გამოიყვანს" 27 მაისს გაქარწყლდა, ქუთაისმა და განსაკუთრებით, ოზურგეთმა კი სამუდამოდ დაასამარა... ხელისუფლება კიდევ უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავს და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიების რიგითი აქტივისტების კი არა, მაღალი რანგის წარმომადგენლების დაპატიმრებაზე გადავიდა. რესპუბლიკური პარტიის წევრს, ახმეტაში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელ ზაქრო ქინქლაძეს, უაღრესად წესიერ და პატიოსან კაცს პროვოკაცია მოუწყვეს. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, თუმცა დენთის სუნი არ იგრძნობა, საზოგადოება არჩევნებისთვის ემზადება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
"სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიგებენ ხან საკლავს და ღვინოს, ხან - ტელევიზორ-კომპიუტერებს, ხანაც სუფრებს შლიან... "ქართული ოცნება" ამომრჩეველს ეკითხება: რა არის შენი ოცნება? ეს კი ვერაფრით ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად. ამაზე ზედგამოჭრილია ქართული ანდაზა: ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო... სააკაშვილზე ზედგამოჭრილია მეორე ქართული ანდაზაც: თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო და სააკაშვილი აუცილებლად გამოთხრის კატას, ვეღარც ვაუჩერები უშველის, ვეღარც - პიარ-კონცერტები, ყველაფერს ხალხი გადაწყვეტს საარჩევნო ყუთთან. პირადად სააკაშვილისთვის, ცხადია, საწყენია, რომ ის მაშინ მიდის პოლიტიკიდან, როცა ხალხი პოლიტიკაში მოდის ან მოსასვლელად ემზადება, მაგრამ ჩვენ ამას როგორმე გადავიტანთ. სააკაშვილმა დაუშვა უმძიმესი შეცდომები, განსაკუთრებით თავდაცვის, ქვეყნის უსაფრთხოების, განათლების სფეროში", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დღეს ჩვენი სკოლების კურსდამთავრებულებს ელემენტარული ცოდნა არა აქვთ მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, აღარაფერს ვამბობ ქიმიასა და ფიზიკაზე. თვითონ პრეზიდენტია მწყრალად ქართულ ენასთან და რაზეა ლაპარაკი? ის ყველა გამოსვლაში 50-60 გრამატიკულ შეცდომას მაინც უშვებს, გამართულად წერა რომ არ ეხერხება, საყოველთაოდ ცნობილია. არც მხატვრული ლიტერატურის კითხვით იკლავს თავს... გამოცდების ახალი, 8+1 სისტემა კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, დაუშვებელია ქართულ ენასა და ლიტერატურაში სათანადო დონის გამოცდა არ ტარდებოდეს და მოსწავლემ კომპიუტერთან უპასუხოს ტესტის მარტივ კითხვებს... სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ მისი მმართველობის ვადა იწურება და ხალხს აღარ უნდა ახალი შევარდნაძე, მით უმეტეს, ფიდელ კასტრო, მაგრამ ის ამას ვერ ხვდება. სააკაშვილი ცდილობს, ქუჩისკენ გვიბიძგოს, მაგრამ ჩვენ მას "ევროპული ტიპის რალი" ჩავუტარეთ, რეგიონებში მიტინგები კვლავ გაგრძელდება, ამჯერად - მცხეთაში", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
"გამარჯვების შემთხვევაში, "ქართული ოცნება" არავისთან ანგარიშსწორებას არ აპირებს, საშუალო რანგის სახელმწიფო მოხელე, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, თანამდებობას შეინარჩუნებს. პოლიტიკური პირველი პირების ბედს კი ხალხი გადაწყვეტს. ისე, თუ პარლამენტში უმრავლესობით მოვალთ, გვაპატიეთ, მაგრამ გოკა გაბაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე ვეღარ იქნება... გაბაშვილის როლი ნოემბრის სამარცხვინო მოვლენებში ძალზე დიდი იყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, დღეს ის იმ "ნაციონალთა" შორის იყოს, ვინც "პოლიტიკური მიშას" შემდეგ ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე ფიქრობს. კონფლიქტი არის "ნაციონალური მოძრაობის" ორ წევრს _ სააკაშვილს და ბოკერიას შორის, რადგან ორივეს თავზე უდიდესი წარმოდგენა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ცარიელი ჩემოდნებით, "ბაგაჟით" არიან მოსული, პირდაპირ "უფროსები" გახდნენ ისე, რომ არც ერთი საფეხური არ გაუვლიათ. სააკაშვილი ჟვანიამ ამერიკიდან ჩამოიყვანა და პირდაპირ პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი გახდა, რაც მის კარიერაში ერთ-ერთი წარუმატებელი პოზიცია იყო", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ვინ იქნება ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" - ლაშა ამირეჯიბმა განაცხადა: ვაკეში ლევან ბერძენიშვილს დავამარცხებო..." - პასუხობს:
"ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებისას მრავალი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული: სოციოლოგიური კვლევა, რომელიც 2-ჯერ ჩატარდა და სხვა ფაქტორები. საბოლოო არჩევანს კი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი გააკეთებს. ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხზე ბევრ ადამიანთან იმსჯელა, მათ შორის, ჩვენთან, მაგრამ გარწმუნებთ, ბოლოს დასახელდება კანდიდატურა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. ვაკეში ამომრჩევლის განწყობა ისეთია, რომ, "ნაციონალური მოძრაობის" თუნდაც შედარებით სიმპათიური წარმომადგენელი, როგორიც გია კარბელაშვილია, ვერ გაიმარჯვებს. რაც შეეხება ლაშა ამირეჯიბს, მას არ ვიცნობ, არ ვიცი, რას საქმიანობს, კარგი გვარი და სახელი აქვს, და მიუხედავად იმისა, რომ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ვიქნები, შეუძლია იმ საქმეში გამეჯიბროს, სადაც ნამდვილად ვარ. იყაროს ამირეჯიბმა კენჭი ვაკეში და ნახავს, შეძლებს თუ არა "ქართული ოცნების" კანდიდატზე გამარჯვებას".