BBC – თბილისი აცხადებს, რომ ივანიშვილის აქტივები გაყინა

BBC – თბილისი აცხადებს, რომ ივანიშვილის აქტივები გაყინა

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ "ქართუ ჯგუფში", "ქართუ ბანკსა" და "პროგრეს ბანკში" ბიძინა ივანიშვილის აქციების დაყადაღებას BBC-ის რუსული ბიურო ეხმაურება. 
სტატიაში ნათქვამია, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" მილიარდერ ლიდერს ქართული აქტივების ნაწილი გაუყინეს. ავტორს მოჰყავს ამონარიდი აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებიდან, სადაც უწყება ქონების დაყადაღების მიზეზებს განმარტავს. 
როგორც BBC-ი წერს, მილიარდერი სასამართლომ საკუთარი პოლიტიკური პარტიისთვის უკანონო შემოწირულობის გამო დააჯარიმა, თუმცა ივანიშვილი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ავტორი იქვე განმარტავს, რომ უკანონო შემოწირულობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილის მიერ "გლობალ ტივი"-ს სატელიტური ანტენების დაყენების დაფინანსებასა და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ავტომანქანებით პრაქტიკულად უფასო მომსახურების გაწევაში გამოიხატებოდა. 
"ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კონკურენტად ითვლება, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს", - წერს BBC-ის რუსული ბიურო. 
რაც შეეხება აქციების კუთვნილებას "ქართუ ბანკში", "ქართუ ჯგუფსა" და "პროგრეს ბანკში", სტატიაში აღნიშნულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ისინი კვლავ ივანიშვილის მფლობელობაშია. 
"ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ არც ერთ ამ კომპანიაში ივანიშვილი აქციებს არ ფლობს და "ქართუ ჯგუფი" რამდენიმე უცხოურ კომპანიას ეკუთვნის. თავად მილიარდერმაც ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ უთხრა, რომ სავარაუდოდ, არც ერთ ქართულ კომპანიაში წილი აღარ აქვს. სამაგიეროდ იგი ფლობს ქონებას საჩხერეში, ბაკურიანსა და ურეკში. ამიტომ, ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ყველა ქონება დააყადაღოს, რაც მის სახელზეა გაფორმებული", - აღნიშნავს BBC-ი. 
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში". 
აღნიშნულ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"აღსრულების ეროვნული ბიურო აგრძელებს სააღსრულებო წარმოებას ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით. სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რიცხული ქონების მოძიება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს სს "ბანკი ქართუსა" და სს "პროგრეს ბანკის" ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ს ფლობს სს "ქართუ ჯგუფი", რომლის აქციების 100%-ის და აგრეთვე სს "პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ისა და სს "პროგრეს ბანკის" აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს.
ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია, ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული წესის დაუცველობის შემთხვევაში, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია. 
ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს "ბანკი ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების მიზნით, სს "ბანკი ქართუს" აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში". 
აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ საქმიანობას. ასევე გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად უქმდება. აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, სააღსრულებო სამსახური შემდგომშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.