"მიხეილ სააკაშვილს ვერანაირი სამაშველო სამსახური და კუდი ვერ გადაარჩენს"

"კოალიცია "ქართული ოცნება", ბუნებრივია, განაგრძობს შეხვედრას მოსახლეობასთან. ჩვენთვის ცნობილია ოკუპირებული ტერიტორიის მომიჯნავე სოფლის მცხოვრებთა პრობლემები და მერეთის მოსახლეობას სწორედ ამ თემებზე ვესაუბრებოდით. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როდესაც აღმოჩნდა, რომ იქ იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, ვინმე კახა ლომიძე და ადგილობრივი კუდის თანამშრომლები. მათ დაიწყეს ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის დაპირისპირების პროვოცირება", - აცხადებს კოალიცია `ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს~ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სოფელ მერეთში არეულობა სამაშველო სამსახურისა და კუდის თანამშრომლებმა მოაწყვეს" / "მიხეილ სააკაშვილს ვერანაირი სამაშველო სამსახური და კუდი ვერ გადაარჩენს".

"ჩვენ შევძელით კუდის ზონდერებისგან დაგვეცვა მოსახლეობა, თუმცა შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ახალგაზრდა ქალბატონიც. დაზარალებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. კოალიციის ყველა ლიდერი შეძრულია მომხდარის გამო. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. მერეთის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, რა ესაქმებოდა სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელს და კუდის თანამშრომლებს სოფელ მერეთში მაშინ, როდესაც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ?! ამ რეჟიმმა, სურს თუ არა, ამ და სხვა მრავალ კითხვას, რაც ხელისუფლების უკანონო ქმედების გამო დაგროვდა საზოგადოებაში, პასუხი უნდა გასცეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"შეხვედრა გაგრძელდა, მაგრამ რაც მოხდა, სამარცხვინოა. ეს არის ამ ხელისუფლების ნამდვილი სახე. ის ზონდერბრიგადების დახმარებით ძალადობს საკუთარ ხალხზე. სააკაშვილის რეჟიმი ცდილობს, "ქართულ ოცნებას" ძალადობით დაუპირისპირდეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ვერანაირი სამაშველო და კუდის თანამშრომლები ვერ გადაარჩენენ. მისი საქმე დამთავრებულია და ეს შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება. ის არჩევნების გაყალბებს ვერ შეძლებს და შესაბამისად ვერც მოიგებს", - დასძენს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურა. ხომ არ ემუქრება მას ქონების ჩამორთმევა ან დაკავება?"

"ხელისუფლება ამას ვერ გაბედავს, თუნდაც იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა. ამას არც ის საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი დაუშვებენ, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად ადევნებენ თვალს და კარგად იციან, რომ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და მის მხარდამჭერ ქართველ ხალხს შეუძლია".

"გორის რაიონის სოფელ მერეთში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე თავდასხმას, შსს-ს ფრიად ორიგინალური რეაქცია მოჰყვა - დააკავეს კოალიციის ორი მხარდამჭერი. სრული ჭეშმარიტებისთვის უნდა ითქვას, რომ პოლიციამ ასევე ორი თავდამსხმელიც დააკავა. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ღამით კიდევ ელიან მათი მომხრეების დაჭერას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გორელი მაშველების თავდასხმა "ოცნებაზე" / ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია... შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება შეტევაზე გადავიდა".

"შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის" მიერ გავრცელებული ცნობით, დაკავებულები არიან ლაშა ჭიღლაძე, ალექსანდრე ოდიშვილი, ალექსანდრე კიკოლაშვილი და დავით ბზიშვილი. პოლიციის განმარტებით, ამ ადამიანებმა ადმინისტრაციული სამართალარღვევა ჩაიდინეს. ისინი გორის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. "ეროვნული ფორუმის" შიდა ქართლის ხელმძღვანელ სოსო ვახტანგაშვილის თქმით, დაკავებულთაგან ალექსანდრე კიკოლაშვილი და დავით ბზიშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან, დანარჩენი ორი კი "ზონდერია". "ჩვენი მხარდამჭერები ტყუილუბრალოდ არიან დაჭერილები, ჩხუბი გორის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა კახა ლომიძემ დაიწყო, თუმცა ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ - თავისი 30-კაციანი ბრიგადით იყო ჩამოსული და ჩვენს მხარდამჭერებს დაერივნენ", - აცხადებს ვახტანგიშვილი. მისივე ცნობით, დაკავებულები გორის რაიონის პოლიციაში იმყოფებიან, მათ შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებენ, მომხდარში ორივე მხარეს ადანაშაულებენ და ამ დღეებში კიდევ აპირებენ "ქართული ოცნების" რამდენიმე აქტივისტის დაკავებას. ვახტანგიშვილის აზრით, "ეს რეპრესიები ასე ადვილად არ დამთავრდება და კიდევ უფრო უარესია მოსალოდნელი", - აღნიშნავს გამოცემა.

"პროვოკაციის მომწყობი პირები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ზონდერჯგუფები და ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენეს. ადამიანებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, არიან დაშავებულებიც. ბუნებრივია პოლიციამ ეს საქმე ბოლომდე უნდა გამოიძიოს და თუ ამბობს, რომ ჩხუბში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან, ისინი უნდა დააკავოს... როგორც ჩანს, მოვლენების ესკალაცია ხელისუფლების მხრიდან კიდევ იქნება. ამ თვეებში ველოდები სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებს და ჩვენი აქტივისტების დაკავებას, თუმცა ეს ხელისუფლების უკანასკნელი გაბრძოლება იქნება. ის რადიკალურ ქმედებებზე გადადის, თუმცა ეს საზიანო ისევ ხელისუფლებისთვის იქნება", -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ადვოკატი ეკა ბესელია.

"აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მერეთის ინციდენტი შეაფასა და იქ მომხდარის დეტალები განმარტა - "ახლა სააკაშვილს სამაშველო სამსახური იცავს და დღეს მართლაც შველა სჭირდება. მან კარგად იცის, რომ მისი დღეები დათვლილია და ჩვენ არჩევნებში კანონიერი გზით დავამარცხებთ. ჩვენ დავეხმარებით ინციდენტის დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს. შესაძლოა, მერეთში ადვოკატების ჯგუფიც მივავლინოთ, რათა იქ სააკაშვილის ზონდერებმა მოსახლეობას კიდევ დამატებითი პრობლემები არ შეუქმნან" - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ინციდენტის შედეგად "ქართული ოცნების" მაისურაში ჩაცმული გოგონა ლიზი შავლუხაშვილი დაზარალდა, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული", - დასძენს გამოცემა.

"მომხდარ ინციდენტზე ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც გაამახვილა. ქვეყნის მეორე პირი მთელ საზოგადოებას, ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერსა და აქტივისტს მოუწოდებს, თავი აარიდონ ნებისმიერ ინციდენტს და წინასაარჩევნო პროცესში იყვნენ თავშეკავებულნი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით სისხლიანი ინციდენტი გორში / მერეთში ივანიშვილისა და ალასანიას სტუმრობა შეხლა-შემოხლით დასრულდა.

"რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამონათქვამი ან პოზიცია, მივცეთ ყველას თავისუფლად ხალხთან შეხვედრისა და საუბრის საშუალება. ხალხი და ქართველის ამომრჩეველი ოქტომბერში თავად გადაწყვეტს, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა მისაღები და რომელი მიუღებელი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, მივცეთ ყველა პოლიტიკურ ძალას შეხვედრების შესაძლებლობა. თავი ავარიდოთ ნებისმიერ ინციდენტს და შევქმნათ პირობები, რათა იყოს ბოლომდე თავისუფალი გარემო, სადაც ყველა გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის აზრით, თუ რამდენად "მისაღებია ან მიუღებელი ეს მოსაზრება, ამაზე ვერდიქტს ქართველი ხალხი არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში გამოიტანს", - აღნიშნავს გამოცემა.