დღეს გადაწყდება, ივანიშვილს საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლებენ, წილებს დაუყადაღებენ, თუ ხელისუფლება კიდევ სხვა რამეს მოიფიქრებს. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს 75 მილიონიანი ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურება და, როგორც თავად ამბობს, საქართველოში არცერთ კომპანიაში წილი არ გააჩნია. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა და თქვა, რომ "არც "ქართუ ბანკში" და არცერთ ქართულ ორგანიზაციაში წილი აღარ მაქვს. ბოლო წილი 2 მაისს გავასხვისე და ბანკში ჩემი წილი ჩემსავე შვილს, უტას გადავეცი."
ეს საკითხი კი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის საკითხი აღსრულების ბიუროს გადაეცა.საუბარია იმ ჯარიმის გადახდაზე, რომელიც ივანიშვილს სასამართლო გადაწყვეტილებით კონტროლის პალატის მოთხოვნის საფუძველზე დაეკისრა. კონტროლის პალატა ივანიშვილს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ კანონით აკრძალული ქმედებების განხორციელებას აბრალებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 149 მილიონი ლარი, დაახლოებით 91 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. სააპელაციო სასამართლომ კი ეს ჯარიმა გაანახევრა და ახლა მას 74.5 მილიონი ლარი, დაახლოებით, 45,5 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადასახდელი.
თუმცა, ივანიშვილი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მისი ადვოკატები კი ამ საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავენ.
ჯარიმის გადახდის ვადა ამოიწურა და საქმეში უკვე სააღმსრულებლო ჩაერთო. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღმსრულებლო ფურცელი 20 ივნისს მიიღო. ივანიშვილის ჯარიმების გადახდისთვის 7 დღის ვადა მიეცა.
სააღმსრულებლო უფლებამოსილია, დააყადაღოს და აუქციონზე გაყიდოს დაჯარიმებული პირის სახელზე არსებული ნებისმიერი ქონება. მათ შორის, კომპანიებში ამ პირის სახელზე გაფორმებული წილი. ამასთან, ხელისუფლებას უფლება აქვს ასეთ შემთხვევაში კომპანიებში მისი წილის მმართველადაც შევიდეს.
გარდა ამისა, საქართველოში არსებული ქონება თუ საკმარისი არ იქნება, ვალის დასაფარად მიმართოს საზღვარგარეთის ქვეყნებს, რომ დააყადაღოს მის სახელზე არსებული ქონება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობა არ იწვევს პირის დეპორტაციას. რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის დეპორტაციისთვის ხელისუფლებას ამ მხრივ არანაირი საფუძველი არ გააჩნია. მთავარი ამ შემთხვევაში არის ქონება, რითაც ამ ჯარიმის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.
ეს შვიდდღიანი ვადა დღეს იწურება.
"ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან გასულ სამშაბათს მიიღო ერთკვირიანი ვადა, რათა ჯარიმა ნებაყოფლობით გადაეხადა და მისი ქონების შესახებ ინფორმაცია წარედგინა. ვადა ხვალ იწურება და სააღმსრულებლო წარმოებისთვისაც შესაბამისი პასუხი ამ ვადაში იქნება გაცემული," - აღნიშნა გუშინ ივანიშვილის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.
ივანიშვილის პასუხი უკვე ცნობილია, რომ ის ჯარიმას არ გადაიხდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ქონების დაყადაღების პროცესი დაიწყება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, თუ რა ქონების დაყადაღება მოხდება და შემდეგ ეს ქვეყანაში რა პროცესებს გამოიწვევს.
თავად ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არცერთ კომპანიაში წილი არ გააჩნია. თუმცა, მას არაფერი უთქვამს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
თუმცა, ამავე განცხადებაში ივანიშვილი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას ყველაფრის დაყადაღება შეუძლია, თანაც ისე რომ ფაქტები არ სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ აღსრულების ბიურო პარასკევს უკვე "ქართუ ჯგუფისა" და "ქართუ ბანკის" მფლობელების ვინაობით დაინტერესდა და აღნიშნულ კომპანიებს დასახელებული ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით მიმართა. ივანიშვილის ადვოკატები ჯერჯერობით არ საუბრობენ იმაზე, თუ მას ოფიციალურად რომელ კომპანიაში აქვს წილი და რა რაოდენობით.
რაც შეეხება კერძო საკუთრებას, რამდენიმე დღის წინ "რეზონანსი" საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვინმე ბიძინა ივანიშვილის სახელზე გაფორმებულია ხუთი კერძო საკუთრება: სოფელ ჭორვილაში, დაბა ბაკურიანში, სოფელ ნატანებში, საგურამოში და წყნეთში.
მეორე დღეს ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ეს ქონება ნამდვილად მისი საკუთრებაა, მაგრამ ეს არ არის 75 მილიონი ლარის ღირებულების.
ფაქტია, რომ მის სახელზე არ არის გაფორმებული არც თბილისში არსებული ე.წ. მინის სასახლე და არც სხვა რომელიმე ქონება. თუმცა, თუკი ეს საკუთრება საკმარისი არ იქნება, ხელისუფლება ივანიშვილის სამეწარმეო წილებზე გადავა. წილებზე კი ივანიშვილმა უკვე თქვა, რომ ასეთი საკუთრება მას არ გააჩნია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, თუ რას იზამს ხელისუფლება და რა პროცედურით მოხდება ჯარიმის ამოღების აღსრულება, რაზეც ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ქონების დაყადაღებით უკუ პროცესებს გამოიწვევს.
"ხელისუფლებას რატომღაც ახლა გაახსენდა "ნულოვანი ტოლერანტობა" და აქედან თუ ამოვალთ, სავარაუდოა, რომ მთელი სიმკაცრით გატარდება ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებას მიღებული აქვს.
"რაც შეეხება იმას, თუ ეს რას გამოიწვევს, ამის პროგნოზირება ძნელია. მე რამდენადაც ვიცი, ეს სახლი და მისი ქონების დიდი ნაწილი არც არის მის სახელზე გაფორმებული. თუ ხელისუფლებამ იმ ქონებას მოკიდა ხელი, რაც მის სახელზე არ არის გაფორმებული, რაც არ არის გამორიცხული, პროცესები არაფრისგან დაზღვეული არ იქნება და მე მგონი, ხელისუფლების პოლიტიკაში ეს არ არის ბოლომდე გათვლილი," - ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და დასძენს, რომ "ხელისუფლებამ ერთ-ერთი ასეთი არატოლერანტული ნაბიჯი გადადგა, როდესაც "ქართუ ბანკს" დაემუქრა. ამან კი ის გამოიწვია, რომ პენსიონერებმა ამ ბანკში თავისი ხუთი და ათი ლარის ჩადება დაიწყეს, რომ ამ ბანკს კლიენტები ჰყოლოდა.
"ამიტომ, რას გამოიწვევს ის მოსახლეობაში, თუ ხელი აღმართეს ივანიშვილზე, ეს ძნელი სათქმელია. ხელისუფლების ფორმულა, რომ კანონი უნდა იყოს დაცული, მოსახლეობაში არ პოულობს გამოძახილს ბევრი მიზეზის გამო.
"პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ კანონის რეალიზაცია ხდება მხოლოდ "ქართულ ოცნებაზე" და არ ხდება იმაზე, რასაც თავად "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს და კანონის ასეთი არასიმეტრიული დაცვა ყოველთვის უსამართლობის განცდას იწვევს.
"ამასთან, თავად კანონი არ მიაჩნია ხალხს სამართლიანად და მისი შესრულებაც არ ხდება სამართლიანად. უსამართლობის განცდის გამო კი საზოგადოება ძალიან ხშირად ხელისუფლების მიმართ აგრესიული ხდება."