ხელისუფლებამ «ნულოვანი ტოლერანტობა» აუშვა და სრულიად ნათლად მიანიშნა საზოგადოებას, რომ არავის დანდობას და არაფრის დათმობას არ აპირებს. მისი ალტერნატივა – «ქართული ოცნება» სამი ხალხმრავალი აქციით არის ფრთაშესხმული და გამარჯვებას წინასწარმეტყველებს.
სააკაშვილი სოფელ-სოფელ სიარულს აღარ სჯერდება და ანაკლიაში 2-დღიან შეკრებებზე ხვდება სტუდენტებს. შეხვედრამდე სტუდენტებს გულდაგულ ჩხრეკენ და მობილურ ტელეფონებს ართმევენ, რომ ეს «არაფორმალური» საუბრები არავინ ჩაიწეროს. სააკაშვილი საჯაროდ ივანიშვილს არ ახსენებს, მაგრამ ასეთ «არაფორმალურ» ვითარებაში სტუდენტებს ეუბნება, «ივანიშვილს რაცა აქვს, ის მეც მაქვსო».
მართალია, მას ფულიც აქვს და ხელისუფლებაში დარჩენის სურვილიც, ივანიშვილს კი, რეგიონებში სტატიკური აქციების გარდა, ცოცხალ შეხვედრებში არ უმართლებს. ჯერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში «შეეგებნენ» ადგილობრივი კიკბოქსიორები, მერე კი შიდა ქართლის სოფელ მერეთში შეკრებილებმა «რუსეთის აგენტი» უძახეს. ირაკლი ალასანიამ ვერც ერთ, ვერც მეორე შემთხვევაში შარს თავი ვერ აარიდა.
საგანგებოდ ამგვარი ინციდენტების გაპიარებისთვის შექმნილმა სახელისუფლო მედიარესურსებმა ვრცელი რეპორტაჟები მიუძღვნეს ივანიშვილის ამ ჩავარდნებს. რუსეთის აგენტების თემა, რომელიც არა და არ კარგავს აქტუალობას, იმავე ფორმულაში ჯდება: «ივანიშვილს რაცა აქვს, ის მეც მაქვსო». მართლაც, სააკაშვილიც და ივანიშვილიც პროდასავლურ რიტორიკას ეწევიან. ერთიც და მეორეც ნატოსკენ ისწრაფვის, ერთიც და მეორეც დასავლეთის ლობისტურ კომპანიებს უხდის ფულს და იმედიც უფრო მათი აქვთ, ვიდრე საკუთარი ხალხის.
ინტერნეტფორუმებზე ეს თემა არ ცივდება. კომენტატორი სარაცინი გულისტკივილით წერს: «ბოლო დროს რაღაც ფანტასტიური პოლიტიკური ბერმუდის სამკუთხედი შეიქმნა – ნაცხუნტა ებრძვის ივანიშვილს და «ოცნებას», ივანიშვილი და კომპანია ებრძვიან ბურჯანაძეს და «სახალხო კრებას», ამ პოლიტიკურ მორევში კი ოპოზიციურად განწყობილი პრაგმატული ელექტორატის ხმა იკარგება. ბურჯანაძისგან განსხვავებით, ივანიშვილისთვის საათი წიკწიკებს. სამწუხაროდ, მისთვის ათვლილ წამებს ჩვენი იმედებიც მიჰყვება. ჯერჯერობით კი კოალიცია შედარებით წარმატებული მხოლოდ ოფისომანიაშია, მათი პოლიტიკური აქტივობა ნელ-თბილია, საგარეო ვექტორები _ აღრეული და საშინაო პრობლემები _ ქაოსური».
საპარლამენტო არჩევნებზე მოსალოდნელ შედეგებს ყველა თავისებურად ჭრის: ივანიშვილი უმრავლესობით მოსვლას გეგმავს, სააკაშვილი თავისი ნაცმოძრაობით არსად აპირებს წასვლას, ხოლო დასავლური ორიენტაციით განხიბლული ელექტორატი საგონებელშია.
ის 47 პროცენტი, რომელიც, თვით სოროსის («ღია საზოგადოება – საქართველო») ფონდის გამოკითხვით, მზად არის, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის «სტრატეგიულ პარტნიორზეც» კი თქვას უარი, სააკაშვილის ამომრჩეველი არ არის, მაგრამ ივანიშვილთანაც სწორედ ის სუბიექტები აფრთხობს, რომლებიც სააკაშვილზე უფრო «ვესტერნუმეები» არიან.
«რუსეთუმეობის» ბრალდება დღეს, 2008 წლამდე არსებული ვითარებისგან განსხვავებით, უკვე აღარ არის განაჩენი. პირიქით, სწორედ «ვესტერნუმეობა» ხდება სტიგმის საფუძველი. ორმა ძირითადმა პოლიტიკურმა ძალამ კი კოვბოების ტაქტიკა არჩია და ერთმანეთს ბუტაფორიულ «სმიტს და ვეტსონს» უღერებს. გარედან დანახული ეს სცენა ასე გამოიყურება: «სააკაშვილი თავის ლეგიტიმაციას კრემლთან პოლიტიკურ ოპონირებაზე აფუძნებს, თამაშობს რა პატრიოტულ გრძნობებზე, თუმცა ეკონომიკა სერიოზული დამოკიდებულების სფეროა. რუსეთი არ არის საქართველოს მხოლოდ მთავარი მიმწოდებელი და კლიენტი, არამედ იქ ცხოვრობს მისი დიასპორის დიდი ნაწილი, რაც სერიოზული ფინანსური რესურსია. საქართველოს აქტიური მოსახლეობის მეოთხედი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს _ დიდწილად ყოფილ საბჭოთა კავშირში და განსაკუთრებით რუსეთში. ეს პარადოქსული სიტუაციაა. საქართველო ვერ უნდა აძლევდეს თავს უფლებას, იყოს საომარ მდგომარეობაში ქვეყანასთან, რომელზეც დამოკიდებულია. ეს იგივეა, რომ შვეიცარიამ ურთიერთობა გაწყვიტოს გერმანიასთან» (ჟურნალისტი ერიკ ჰესლი, Eurasiareview).
სამაგიეროდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდისფერი სათვალით უყურებს პრობლემას: «2008 წელს რუსეთმა ვერ მიაღწია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას, ისევე, როგორც ვერაფერი მიიღო ომით: მას დაეხარჯა 84 მილიონი, ხელში კი სახელურის გარეშე ორი ჩემოდანი შერჩა _ ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც სიამოვნებით ხარჯავენ რუსების მილიარდებს».
რუსული მილიარდების თემას კიდევ მივუბრუნდებით, მაგრამ, როცა ქვეყნის პირველი დიპლომატი ძირძველ ქართულ მიწებს «უსახელურო ჩემოდნებს» უწოდებს, იქ ვეღარც დასავლეთის მიერ დეკლარირებული «ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა» გიშველის და ვერც შვეიცარიის შუამავლობა. სხვათა შორის, თავად შვეიცარია ნეიტრალურია, საქართველოში კი ნეიტრალიტეტზე საუბარი ჯერაც სამშობლოს ღალატი ჰგონიათ.
ვაშაძეს დროდადრო უნებურად სიმართლე წამოსცდება ხოლმე: «ნატო რუსეთისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი. თუ ექნება შესაძლებლობა, რუსეთი აგრესიას განახორციელებს არა მარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების წინააღმდეგაც. ამ პოლიტიკის მიზეზი კი ის არის, რომ კრემლი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს. ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზანია, სხვადასხვა რუსული სამსახურის მიერ დასახული ამოცანაა. სამხედრო აგრესიის საბაბი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სამხედრო-პოლიტიკური გართულება რეგიონში». თავი დავანებოთ იმას, პირველი წინადადების, ხარისა და წითელი ნაჭრის გარდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ვაშაძისეული ვერსია. დავუშვათ, რომ ეს მართლაც ასეა და საფრთხე ეგზომ რეალურია, რას უნდა აკეთებდეს საგარეო საქმეთა მინისტრი? საკუთარი განცხადებებით კიდევ უფრო ამწვავებდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, თუ პრობლემის მოგვარების გზებს ეძებდეს? ამის ნაცვლად ვაშაძე, სხვა ნაციონალებივით, ხელშემშლელ «მესამე ძალას» ეძებს».
«მესამე ძალას», ოღონდ ხელშემწყობს, ეძებს ქართველი ამომრჩეველიც, რომელსაც ამ გაუთავებელი პროდასავლური სერიალის ყურება მობეზრდა. ამ სერიალში დროდადრო მთავარი როლის შემსრულებლები იცვლებიან, ფაბულა კი უცვლელია: გმირი დასავლეთისკენ ილტვის, ხოლო ანტიგმირები მას ამაში ხელს უშლიან.
გასულ კვირას ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა თავის პირველ გამოსვლაში პირობა დადო, რომ ეგვიპტე მანამდე დადებული საერთაშორისო შეთანხმებების ერთგული დარჩება, რომელთაც დამხობილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 33 წლის განმავლობაში იცავდა. თუ იგიც იმავეს დაიცავს, რასაც ჰოსნი მუბარაქი, მაშინ ვის დასჭირდა პრეზიდენტის შეცვლა? დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ეგვიპტური «რევოლუციის» შემდეგ ხომ (როგორც სხვა ქვეყნებში) ხელისუფლებაში ისლამისტები მოვიდნენ. სამაგიეროდ, მუჰამედ მურსიმ ნათლად განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით ვითარება შეიცვლება და იგი ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტი იქნება.
რევოლუციური ლიბიის ხელისუფლებამ ორიოდე დღის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელი მელინდა ტეილორი ჯაშუშობისა და «ლიბიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების» ბრალდებით დააპატიმრა და ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს აცნობა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კადაფის ვაჟის გადაცემაზე ზრუნავს, ხოლო ლიბიის ხელისუფლება მის გასამართლებას ადგილზე აპირებს.
დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, ეგვიპტელებიც და ლიბიელებიც უარს ამბობენ მონურ მორჩილებაზე და, რამდენადაც შეუძლიათ, საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავენ. საქართველოში დასავლეთის მხარდაჭერა კი, როგორც წესი, იმას გულისხმობს, რომ მომდევნო ხელისუფლება მხარდამჭერის ნებისმიერ კაპრიზზე დახუჭავს თვალს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ახლა _ მილიარდებზე, მით უფრო, «რუსულ» მილიარდებზე. «რომ არა ივანიშვილი, თავისი ხუთ-ნახევარი მილიარდი დოლარით, საინტერესო იქნებოდა, ვისთან გვაქვს საქმე? ივანიშვილს რომ გამოაკლო ეს ხუთ-ნახევარი მილიარდი, გვრჩება რესურსი, რომელთანაც არც ერთი პარტია კოალიციაში შესვლას არ მოინდომებს. ამ ფონზე კი, ალბათ, ყველას ჰგონია, რომ, თუ ივანიშვილი მოვა ხელისუფლებაში, მას კართან დახვდება ხაჭო და მაწონი, როგორც ეს ერთ-ერთ სოფელში ხდება ხოლმე», _ ქილიკობს «ქდმ» («ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა»).
ზოგადად, მილიარდების საკითხი ყველას აღაგზნებს _ ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და სახტად დარჩენილებსაც. «ქდმ» ამ თემას კიდევ უფრო განავრცობს: «ეს ადამიანი (ივანიშვილი) ამბობდა: «მე დავინახე, რომ ქვეყანას ვკარგავდი 2008 წელს». ვერაფრით მივხვდი, რატომ ვერ დაინახა ეს 2007 წლის ნოემბერში და რატომ დაინახა 2008 წლის არჩევნების შემდეგ. თუმცა ამის მერე ბატონ ივანიშვილის მიერ 450 მილიონ ლარის პროექტები განხორციელდა, რომელთა წითელი ლენტები მიხეილ სააკაშვილმა გაჭრა. მე არ ვიცი, რა მოტივები ჰქონდა მას პოლიტიკაში მოსასვლელად, ეს, ალბათ, მისმა შვილმა უკეთესად იცის, მაგრამ მისი შემოსვლა იყო არასწორი, როდესაც ჩათვალა, რომ აქვს უფლება, დაყოს საზოგადოება შავებად და თეთრებად, მისთვის მოსაწონებად და არმოსაწონებად».
«ვესტერნუმეობით» გართულ პოლიტიკოსებს და მათ დამჯერ ამომრჩევლებს, სხვისი მილიარდების თვლის გარდა, ოპონენტის პირად ცხოვრებაში ჩარევაც დასჩემდათ. მერე რა, რომ ამას არაფერი აქვს საერთო დასავლურ (არც ქართულ) ფასეულობებთან! მთავარია, ძალაუფლება არ დათმო, ამისთვის კი «ყველაფერი მოსულა».
ვიდრე ივანიშვილი ქართული პოლიტიკის თავისებურებებს ეცნობა და მის შეუსაბამობებს საკუთარ თავზე გრძნობს, სააკაშვილი თავის მომხრეებთან თავს იქაჩლებს _ «მლანძღეთ, რამდენიც გინდათო»! ქართველი ხალხი კი გრდემლსა და უროს შორის არის მოყოლილი და უროს ყოველი დარტყმით, ქართულის ნაცვლად, «ამერიკული ოცნება» იჭედება.