ბაკურ კვეზერელი ფქვილის გაიაფებას ელოდება. ორი თვის წინათ მინისტრი პურის გაიაფებასაც ელოდებოდა, მაგრამ ამაოდ. მეპურეები გაძვირებულ პურზე ფასის დაწევას არც კი ფიქრობენ. თუკი მინისტრს საერთოდ ამგვარი მოლოდინები აქვს, სჯობს საერთოდ არაფერს დაელოდოს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მსოფლიოში ხორბლის გაძვირების ფონზე ფქვილზე ფასის შემცირებას ელოდება. „ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და უახლოეს პერიოდში ფასები დაიკლებს“, - აცხადებს ბაკურ კვეზერელი. თუმცა, მინისტრი არ აკონკრეტებს, რამდენით შეიძლება ფქვილზე ფასი შემცირდეს. სხვა საკითხია, შედარებით იაფი ფქვილი პურსა და პურპროდუქტებს გააიაფებს თუ არა.
სხვათა შორის, მინისტრი სექტემბრის პირველ რიცხვებში აცხადებდა, რომ გაძვირებული პური სამ კვირაში გაიაფდებოდა. მას შემდეგ აგერ უკვე ორი თვე გავიდა, მაგრამ გაიაფებული პროდუქცია თვალით არავის უნახავს. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ფქვილის გაიაფების შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც მორიგი სიცრუე აღმოჩნდეს.
თუმცა, ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი „თიბითი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ფქვილზე ფასის შემცირება მოსალოდნელია. აკაკი ახვლედიანის თქმით, ფასის კლებას ერთი თვის ვადაში უნდა ველოდით, რაც დოლარის კურსის და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გავლენით მოხდება.
ახვლედიანის საპირწონედ წისქვილკომბინატების ნაწილს უჭირს პროგნოზის გაკეთება, გაიაფდება ფქვილი თუ – არა. მათი აზრით, ყველაფერი ხორბლის ფასზეა დამოკიდებული. ამჟამად, ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი ბაზარზე 43-44 ლარი ღირს. კიდევ უფრო გაიაფების ტენდენციები ჯერჯერობით არ იკვეთება.
წისქვილკომბინატები თავს იმიტომაც იზღვევენ, რომ შესაძლოა პრობლემები უშუალოდ მათ შეუქმნან. ყაზახეთმა გადაწყვიტა, საქართველოსთვის დაპირებული 300-500 ათასი ტონა ხორბლის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში, აზერბაიჯანულ-ყაზახურ წისქვილკომბინატში გადაამუშაოს და საქართველოში ფქვილის სახით შემოიტანოს. ეს კი ქართული წისქვილკომბინატების ნაწილს უმოქმედოდ დატოვებს.
საქართველოს მოსახლეობა თვეში დაახლოებით 40 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, რომლის 2/3 ამჟამად ადგილობრივ წისქვილკომბინატებში იფქვება, მაგრამ წისქვილკომბინატები, შესაძლოა კვლავ ძველ ვითარებას დაუბრუნდნენ. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანმა ხორბლის მსოფლიო კრიზისის დაწყების შემდეგ იმპორტი დღგ-სგან გაათავისუფლა, ამიტომ ყაზახეთისთვის ხორბლის აზერბაიჯანში დაფქვა და საქართველოში მისი ფქვილის სახით გაყიდვა უფრო მომგებიანია.
როგორც პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, თუ წისქვილკომბინატები გაჩერდა, უმუშევრად დარჩენა 10 ათას ადამიანს დაემუქრება.
ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით შედარებით დამაიმედებელი ინფორმაცია უკრაინიად გავრცელდა. ამ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო გამოდის წინადადებით, ხორბლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა რუსეთზე, დსთ-ს კიდევ 9 სახელმწიფოზე, ასევე საქართველოსა და მაკედონიაზე არ გავრცელდეს, რადგან ამ ქვეყნებთან უკრაინას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. შესაბამისი დადგენილების პროექტი მინისტრთა კაბინეტმა ორშაბათს გამოაქვეყნა.
მანამდე კი, 4 ოქტომბრის დადგენილებით, უკრაინამ 2010 წლის დეკემბრამდე ექსპორტზე კვოტები დააწესა, თუმცა გასულ კვირას კიევმა მოსკოვთან მიაღწია შეთანხმებას 2 მილიონი ტონა სიმინდის მარცვლის კვოტის გარეშე მიწოდების შესახებ. ასევე უკრაინა დათანხმდა საქართველოში 120 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტის შესახებაც.