ხელისუფლება ისევ ირწმუნება, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინვესტორებისთვის მიმზიდველია და ეკონომიკაც თვალდათვალ იზრდება. თუმცა, თუ გადავხედავთ მაჩვენებლებს, თუნდაც ოფიციალურ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლით და ინვესტიციების რაოდენობით არა მარტო აზერბაიჯანს, არამედ სომხეთსაც კი ჩამორჩება.
სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკაში აზერბაიჯანის წილი, დაახლოებით, 75%-ს უტოლდება, დანარჩენი 25% კი სომხეთსა და საქართველოზე ნაწილდება. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანში 2009-10 წლებში ქვეყნის ეკონომიკა, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გილაურის თქმით კი, ჩვენთან 2010 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 6-6,5% იყო.
რამდენი პროცენტით გაიზარდა სომხეთის ეკონომიკა, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ქვეყნდება, ცნობილია მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომავალი წლის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2011 წელს სომხეთის ეკონომიკა, დაახლოებით, 4%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება ინვესტიციებს, აქაც სხვაობაა აშკარაა. მართალია, მთავრობაში ისევ ირწმუნებიან, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და აქ ფულის დაბანდება, მომგებიანია, თუმცა სულ სხვა რამეზე მეტყველებენ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოსა და სომხეთის შესაბამისი სამსახურების მიერ გამოქვეყნებული ციფრები. ამ მონაცემებს შორის სხვაობა მართლაც თვალშისაცემია, მაგრამ ჩვენს მთავრობას ამის დაჯერება რატომღაც არ სურს.
მაგალითად, აზერბაიჯანში იანვარ-აგვისტოში 1 მლრდ 378 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, სომხეთში წლის პირველი ნახევარში უკვე 327,5 მლნ დოლარის ინვესტიცია შევიდა, საქართველოში კი, ასევე წლის პირველი ნახევარში, მხოლოდ, 273 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ციფრებიდან აშკარა ჩანს, რომ ამ სეგმენტშიც რეგიონში ლიდერის პოზიცია ისევ აზერბაიჯანს უჭირავს და ისეთი უმსხვილესი ქვეყნებიც, როგორიც ბრიტანეთი და ამერიკაა, ფულს იქ აბანდებენ, ჩვენგან კი, როგორც ექსპერტები აცხადებენ, შემოტანილი კაპიტალიც გააქვთ.
აზერბაიჯანში იანვარ-აგვისტოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე იმყოფება დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ქვეყანაში 505038,8 ათასი მანათის ინვესტრიცია განახორციელა (დაახლოებით 628267,27 ათასი დოლარი), რაც საერთო ინვესტიციების 45%-ია. მეორე ადგილზე ამერიკაა, რომელმაც იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში უკვე განახორციელა 223960,6 ათასი მანათის (278606,2 ათასიდოლარი) ინვესტიცია, რაც საერთო რაოდენობის 20,3%-ს შეადგენს.
აზერბაიჯანში განხორციელებული ინვესტიციების მხრივ მესამე ადგილი იაპონიას უკავია, მან ქვეყანაში უკვე შეიტანა 117157,8 ათასი მანათის (დაახლოებით 145743,3 ათასი დოლარი) ინვესტიცია. მეოთხე ადგილი უკავია ნორვეგიას, რომელმაც ქვეყანაში აგვისტოს მონაცემებით უკვე დააბნადა 72643,6 ათასი მანათის (90367,9 ათასი დოლარი) კაპიტალი.
გარდა სახელმწიფოებისა, აზერბაიჯანში ინვესტიციები საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, მათ შორის მსოფლიო ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და ისლამის განვითარების ბანკმაც განახორციელეს. მსოფლიო ბანკმა ქვეყანაში უკვე ჩადო 50790,5 ათასი მანათი, რაც დაახლოებით 63182,7 ათას დოლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკმა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში 12935,2 ათასი მანათის, (დაახლოებით 16091,1 ათასი დოლარი) ინვესტიცია განახორციელა, ისლამის განვითარების ბანკმა კი 2947,4 ათასი მანათი, დაახლოებით 3666,0 ათასი დოლარი.
რაც შეეხება მეზობელ სომხეთს, როგორც გაირკვა, წლის პირველ ნახევარში სომხეთის ეკონომიკის რეალურ სექტორში საერთო ჯამში 327,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 4,9%-თაა გაზრდილი.
ამასთან, სომხეთში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობამ პირველ კვარტალში კი 116,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით ნაკლებია.
ახლა ავიღოთ საქართველო, სადაც 2010 წლის II კვარტლის მონაცემებით, განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 197 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. პირველ კვარტალში 75.7 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში სულ 273 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა განხორციელებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 11%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება საქართველოს პარტნიორებს, 2010 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან 66,364 მილიონი დოლარის ინვესტიციაა შემოსული, დსთ-ს ქვეყნებიდან - 25,721, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან განხორციელებულმა ინვესტირებამ 87,661 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობიდან უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 86% შეადგინა.
„დღევანდელი მდგომარეობით, აზერბაიჯანი განეკუთვნება სხვა წონით კატეგორიას. ის გასცდა იმ კატეგორიას, სადაც საქართველომ შეიძლება ძალები მოსინჯოს. ამაზე მეტყველებს ის ციფრები, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა. კერძოდ, ვგულისხმობ სამხედრო ბიუჯეტს, რომლის დაფინანსებასაც ბაქო გაისად 3 მლრდ მანათით (დაახლოებით 3,5 მლრ დოლარით) აპირებს. ეს არის უზარმაზარი რესურსი.
გარდა ამისა, იგივე აზერბაიჯანი გაისად თავისი ქვეყნის ეკონომიკაში, დაახლოებით, 5 მლრდ უცხოური ინვესტიციების მიღებასაც გეგმავს. რაც შეეხება სომხეთს, კარგი მდგომარეობა არც იქაა, მაგრამ მათ სამრეწველო სფერო უფრო მეტად განვითარებული აქვთ, ვიდრე ჩვენ“, - აცხადა ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.