"გლობალის" ანტენების გამო სოციალურად დაუცველებს სიიდან ამოიღებენ

 

"გლობალ ტვ"-ის სატელიტური ანტენების დამონტაჟების გამო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს. სატელიტური ანტენა, რომელიც ამ ბაზაში მოხვედრისთვის სხვადასხვა საგნებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად ითვლება, "გლობალ ტვ"-იმ ახალი პროექტის ფარგლებში 50 ათასზე მეტ ოჯახს უკვე დაუყენა.

ამ ანტენების გამო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მნიშვნელოვანი კორექტირების შეტანას არც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე გამორიცხავს. მისი თქმით, "სოციალურად დაუცველთა სიაში ადამიანების შეყვანა არა შემოსავლების, არამედ იმის მიხედვით ხდება, გრძელვადიანი მოხმარების რა ნივთები აქვთ ოჯახში. არავინ ითვალისწინებს ეს ნივთი ნაჩუქარია თუ ამ ოჯახმა შეიძინა, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ სიის კორექტირება მოხდეს".

შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დღეს მოქმედი მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ 2007 წელს ჩატარებული შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კვლევის ბაზაზე შეიქმნა.

პროგრამის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში უმწეოთა სიაში მოხვედრის მსურველთათვის დაბრკოლებად ისეთი ნივთები ითვლებოდა, როგორიცაა მაცივარი, ტელევიზორი, ახალი ფარდები, კომპიუტერი და ა.შ. იყო შემთხვევები, როდესაც დეკლარაციის შესავსებად ოჯახში მისულ სოციალურ აგენტს ტელევიზორს უმალავდნენ, ახალ ფარდებს კი ხსნიდნენ.

2010 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმები ძირეულად შეიცვალა. კერძოდ, იმ პერიოდიდან მაცივარი და ტელევიზორი ოჯახის ბაზაში მოხვედრისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორად აღარ ითვლება. დღემდე შეფასებისას ყურადღება ისეთ საგნებზე კეთდება, როგორიცაა ძვირადღირებული გამათბობლები, სატელიტური ანტენა, პლაზმური ტელევიზორი და ა.შ.

მაშინ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდიკაში შესატანილი ცვლილებების ავტორი ანდრია ურუშაძე იყო, რომელსაც იმ პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

ინიციატივის ავტორი მაშინ ირწმუნებოდა, რომ "დეკლარაციაში აღარ იქნება ისეთი მკაცრი კრიტერიუმები, როგორიცაა ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და ყურადღება მიექცევა ოჯახის სარგებლობაში არსებულ ფუფუნების ისეთ საგნებს, როგორიცაა: პლაზმურ-ეკრანიანი ტელევიზორი, მუსიკალური სისტემა, სატელიტური ანტენა, ინდივიდუალური გათბობის სისტემა, კომპიუტერი. ასევე იურიდიული პირის მიერ ნაჩუქარი ნივთები".

ურუშაძე იმასაც ირწმუნებოდა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმებში ცვლილება მიზნად ბაზის გაზრდას არ ისახავდა, არამედ, იგი ტარდებოდა შეფასების სრულყოფის მიზნით. მისი ვარაუდით, გამორიცხული არ იყო, რომ ბაზაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაც კი მომხდარიყო.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდიკა წელს ისევ შეიცვალა. ამჯერად ცვლილების ინიციატორი ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გახლდათ. ახალი ინიციატივის მიხედვით კომპიუტერი, მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი და ტოსტერი ფუფუნების საგნად აღარ ითვლება და ეს საგნები ოჯახის ბაზაში მოხვედრისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარაა. თუმცა, სატელიტური ანტენა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრისთვის კვლავ მთავარი დამაბრკოლებელი ნივთია, მნიშვნელობა არ აქვს, ის ოჯახმა შეიძინა თუ ვინმემ აჩუქა.

სწორედ ნაჩუქარი სატელიტური ანტენის გამო მოეხსნა სოციალური დახმარება 75 წლის ზაური მ-ს, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ზაური და მისი მეუღლე სოციალურად დაუცველთა ბაზაში იმ პერიოდიდან იყვნენ, როცა პროგრამა ამოქმედდა. სარგებლობდნენ ჯანმრთელობის დაზღვევითაც, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მოხუცებს ნათესავმა სატელიტური ანტენა აჩუქა. ანტენის დაყენებიდან რამდენიმე დღეში მათთან სოციალური აგენტები მივიდნენ, ხელახალი აღწერა ჩაატარეს, რის შემდეგაც მოხუცები სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღეს.

"ვუმტკიცებდი, რომ ეს "თეფში" მე არ მიყიდია, რომ ნათესავმა მაჩუქა, რადგან აქ ტელევიზორი ბევრ არხს არ იჭერს. დეკლარაციაშიც ჩავწერეთ, რომ მაჩუქეს, მივუთითეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, მაგრამ სიიდან მაინც ამოგვაგდეს. სიმართლის გაგება რომ სდომებოდათ, გაიგებდნენ, რომ მაჩუქეს და სიიდან არ ამოიღებდნენ ჩემს ოჯახს, მაგრამ... დღეს კი არც დახმარებას ვიღებთ, არც ჯანმრთელობის დაზღვევა გვაქვს და მხოლოდ პენსიით ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე", - გვითხრა ზაური მ-მ.

ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებთა ბაზაში სულ 1 637 367 ადამიანია რეგისტრირებული, საარსებო შემწეობას კი 414 399 ადამიანი იღებს, რაც გასული წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის 4-5%-ითაა შემცირებული.

2011 წლის მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 1 697 756 ადამიანი, საერთო ჯამში, 528 359 ოჯახი. 2012 წლის მონაცემებით კი, ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რიცხვი 1 637 367-მდე შემცირდა, ოჯახების რაოდენობა კი - 510 784-მდე.

ამავე სააგენტოს მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვიც. მაგალითად, თუ 2011 წელს საარსებო შემწეობას 430 461 ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 10%-ს შეადგენდა, ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების 25%-ს, ბოლო 5 თვის განმავლობაში მათი რიცხვი 16 ათასით შემცირდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 414 399 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 25,3%-ს შეადგენს, ბაზაში რეგისტრირებულებისა კი - 9,3%-ს.

იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასებისას სხვა ძვირადღირებულ საგნებთან ერთად სატელიტური ანტენაც ფუფუნების საგნად ითვლება, გამორიცხული არ არის, რომ ხელახალი რეგისტრაციისას სოციალურად დაუცველთა ბაზიდან რამდენიმე ასეული ოჯახის ამოღება მოხდეს. ამას არც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფერი მოსალოდნელია.

"ზოგადად სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტები მოსახლეობის შემოწმებას პერიოდულად ახდენენ და დღესაც თუ ვინმესთან მივიდნენ მონაცემების გადასამოწმებლად, არავის უნდა გაუკვირდეს. ეს არის წესი და ასეთი წესით ხელმძღვანელობს სააგენტო მუდმივად.

რა შეეხება სატელიტურ ანტენებს, მართალია, "გლობალ ტვ"-ის ახალი პროექტის ფარგლებში სატელიტური ანტენა, პრაქტიკულად, არც ერთ ოჯახს არ შეუძენია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ "თეფშების" გამო ბაზიდან უამრავი ოჯახის ამოღება მოხდეს. რისკი, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ან ქულა გაეზარდოთ, ან კიდევ საერთოდ ამოიღონ ბაზიდან, რეალურია.

მეორე საკითხია რამდენად ზნეობრივი იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ჩემი აზრით, თუ ეს ასე მოხდა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურადაც, სოციალურადაც და ეკონომიკურადაც გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარსას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.