ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გაზეთ "ქრონიკას" შალვა ნათელაშვილმა ინტერვიუ მისცა:
- შეიძლება, ნეტარებაში მყოფმა საზოგადოების ნაწილმა ეს არ დაიჯეროს, მაგრამ რასაც ახლა მე ვიტყვი, ამას დაიჯერებენ ხვალ და ზეგ და უკვე გვიანი იქნება!.. რაც მე ივანიშვილის შესახებ ადრე მითქვამს, იმის გარდა საქმე გვაქვს ათასწლეულის, საუკუნის ან ეპოქის უპრეცედენტო აფერასთან!.. კერძოდ, როგორც სანდო წყაროები გვატყობინებენ, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი არ არის(!!!) რასაც ფული ჰქვია, რეალურად მას ეს ფული არ აქვს (!!!)
- ბატონო შალვა...
- დამამთავრებინე! ივანიშვილის სახელზე არის გაფორმებული ქონება, რომლის ღირებულება გაბერილია სპეციალურად, რათა ის მოხვედრილიყო მილიარდერთა რეიტინგში ხალხის გასაგიჟებლად!.. შესაბამისად, თუკი რამ ქონება აქვს ივანიშვილს, ის, ძირითადად, და, ფაქტობრივად, ეკუთვნის და ხელში აქვთ მაგის პარტნიორებს - ანისიმოვს, ლებედევსა და სხვა პოსტსაბჭოური ეკონომიკის პარაზიტებს...
- ბატონო შალვა, ივანიშვილს ქველმოქმედებაში, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მილიარდი ლარი აქვს დახარჯული, გამოქვეყნდა ამის დამადასტურებელი მასალები და ფული როგორ თუ არ აქვს? ეგ დაუჯერებელია...
- ყოველ შემთხვევაში, ჩემო დიტო, მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციაში წამოვიდა, მილიარდები არ აქვს! ოპოზიციაშიც იმიტომ წამოვიდა, რომ გაფრცქვნეს!..
- ბატონო შალვა, ეგ ვარაუდებია... კონკრეტულად, რა ფაქტებს ეყრდნობით, როცა მეუბნებით, რომ ივანიშვილი მილიარდერი არ არისო?
- მე ვეყრდნობი კომპეტენტურ წყაროებს და გეტყვით ყველაფერს!.. რასაც ხელზე ფული ჰქვია, ივანიშვილს ჰქონია მხოლოდ 20 მილიონი, რომელიც მან, ალბათ, უკვე დახარჯა ამ პარტიების, ექსპერტებისა და აფერისტების დაფინანსებაში. შესაბამისად, ახლა მას აქვს ფინანსური კრიზისი და იმისთვის, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, კახი კალაძის საშუალებით, რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს - მინდია გულუას, მოსკოვში ქურდები მიუგზავნა(!!!).
- საიდან გაქვთ თქვენ ეგ ინფორმაცია?
- ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს კომპეტენტური წყაროებისგან, თუმცა თქვენ შეგიძლიათ, ბატონ გულუას დაურეკოთ და მასაც ჰკითხოთ ამის შესახებ!..
- თავად მინდია გულუას ხომ არ უთქვამს ეს თქვენთვის?
- მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გვითხრა, მე გეუბნებით სარწმუნო წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას! კახი კალაძისგან მინდია გულუას მოსკოვში მიადგნენ ქურდები და ეპატიჟებოდნენ მას ევროპაში კონსულტაციებისთვის ფულის დადების თაობაზე (!!!). აქედან გამომდინარე, ეგ ბატონი როგორი მილიარდერიც გამოდის, ხომ წარმოგიდგენიათ?.. აი, ასეთ ბინძურ თამაშშია გახვეული მთელი ქვეყანა მთლიანად და შავსაც, თეთრსაც, ოპოზიციასაც და ამომრჩეველსაც, ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ფრთხილად და ჭკვიანად!..
მე არც კახი კალაძეს ვიცნობ, არც მაგისი "თეთრი" და "შავი" ორიენტაციების შესახებ მსმენია რამე და არც რამე ინტერესები მაქვს მაგ ბიჭის მიმართ, მაგრამ გეუბნებით, რომ ივანიშვილის დავალებით, მაგან გააგზავნა ქურდები მინდია გულუასთან და კაცს სთხოვდნენ ფულს! აშკარად ეტყობა, რომ ივანიშვილი თავიდან ბოლომდე არის კრიმინალური მენტალიტეტის... მეტი მტკიცება რაღა გინდა, მე მომიქსია ის ქუთაისელი აფერისტი, რომ არის - ბონდოია შალიკიანი, რომელიც "ტრუსიკიანი" დაიჭირა სააკაშვილის ძმაკაცმა - ოქრუაშვილმა. აი, მაგ შალიკიანმა დამიწყო საქმეების გარჩევა იქიდან... ეგღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის!.. როგორც მე ვიცი, მინდია გულუამ სათანადო ორგანოებში განცხადება გააკეთა მომხდარი ფაქტის გამო და ახლა ის "ქურდები" გაქცეულები არიან მოსკოვიდან... ევროპაში მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდებზეა" ლაპარაკი, რომლებიც მოსკოვში ჩამოიყვანეს!
- შალიკიანი რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგიქსიათ, ამაში დარწმუნებული ხართ?
- რა თქმა უნდა! ხოტბა-დიდება მიუძღვნა ბიძინას და მლანძღა მე და აბა, ვინ მომიქსია, გარდაცვლილი ბებიაჩემი ხომ არ მომიქსევდა შალიკიანს?