ქონების შეღავათები უქონელ დევნილებს

ქონების შეღავათები უქონელ დევნილებს

ხელისუფლება დევნილებისთვის შეღავათების დაწესებას ფიქრობს.  საუბარია ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გადასახადებისგან გათავისუფლებაზე. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაც კი კეთილშობილურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, მაგრამ ექსპერტებს ამ გადაწყვეტილების კეთილშობილურ მიზნებში ეჭვი ეპარებათ, ვინაიდან ეს შეღავათები დღეს ისედაც არსებობს.

 

საუბარია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრების და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ერთობლივად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების ავტორი სამინისტროა, ხოლო სამინისტროს მიერ დაწერილი კანონპროექტის ინიციატორები იურიდიული კომიტეტის წევრები ლაშა თორდია, ზვიად კუკავა და კახა ანჯაფარიძე არიან.

„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, დევნილებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული ღირებულება, საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.

ამასთან, კანონპროექტში ისიც არის მითითებული, რომ ეს შეღავათი შეეხება როგორც მოქმედ, ასევე ახალ „საგადასახადო კოდექსს“, რომელიც ძალაში 2011 წლის 1-ლი იანვრიდან შედის.

 

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ოპოზიციაც კი საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. როგორც ჯონდი ბაღათურია აცხადებს, „ეს უდავოდ კეთილშობილურ განზრახვად შეიძლება ჩაითვალოს. თუკი დევნილი ყიდის საკუთრებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან უჭირს და გაჭირვებულ დევნილს, რომელსაც ეს ფული, შესაძლოა, წამლისთვის სჭირდებოდეს და მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენაზე იყოს ლაპარაკი, არ შეიძლება იბეგრებოდეს“.

 

ბაღათურიას აზრით, მხოლოდ ეს ინიციატივა საკმარისი არ არის დევნილების პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ „ერთი მხრივ, ასეთი შეღავათები უნდა გავრცელდეს ყველა სოციალურად დაუცველ პირზე და, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ ცოტა მეტი იფიქრობს ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე“.

 

ხელისუფლების კეთილშობილებას ცოტა სხვაგვარად უყურებენ ექსპერტები. ისინი თვლიან, რომ თავისთავად ეს ინიციატივაც არ ყოფილა დევნილებისთვის რეალური შეღავათი. საქმე ისაა, რომ ახალი „საგადასახადო კოდექსით“ საშემოსავლო გადასახადისგან ნებისმიერი ქონების რეალიზაცია ისედაც თავისუფლდება. კოდექსის თანახმად, თუკი ქონების რეალიზაციის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში კიდევ მოხდა რეალიზაცია, საშემოსავლო გადასახადით მხოლოდ ამ შემთხვევაში იბეგრება.

 

აღსანიშნავია, რომ „საგადასახადო კოდექსის“ განხილვისას ქონების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხმა საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია და სწორედ იმ არგუმენტით, რომ ადამიანები, შესაძლოა, სწორედ გაჭირვების გამო ყიდიდდნენ ქონებას, საშემოსავლო გადასახადით არ უნდა დაიბეგრონ. მთავრობას კი ის არგუმენტი ჰქონდა, რომ უძრავი ქონებით ვაჭრობა შეიძლება გარკვეული ბიზნესი იყოს და საჭიროა მისი დაბეგვრა.

 

საბოლოოდ კი ოპტიმალურ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომ ქონების პირველადი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი აღარ დაიბეგრება. იმ შემთხვევაში კი, თუ რეალიზაციიდან ორი წლის განმავლობაში კიდევ გაიყიდა, უკვე ბიზნესსაქმიანობად ჩაითვლება და დაიბეგრება.

 

სწორედ ამიტომ „მრეწველების“ ლიდერის, ზურაბ ტყემალაძისთვის გაუგებარია, რა შეღავათს აწესებენ. „თუ არსებულზეა ლაპარაკი, მაშინ ამ დევნილებისთვის რა დამატებითი შეღავათია, არ მესმის“, - ამბობს ტყემალაძე.

 

განსაკუთრებულ გაუგებრობას კი ინიციატივის მეორე ნაწილი იწვევს, სადაც საუბარია დევნილების ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე. ახალი „საგადასახადო კოდექსის“ მიღებისას ქონების გადასახადთან დაკავშირებითაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ქონება მიბმული იქნება პირის წლიურ შემოსავალზე და იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუკი წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს.

ეს ნიშნავს, რომ თითოეული დევნილის თვიური შემოსავალი 3300 ლარზე მეტი უნდა იყოს, ქონების გადასახადით რომ დაიბეგროს. დღეს არსებულ ვითარებაში კი ცოტა ძნელი წარმოსადგენია რომელიმე დევნილს ამხელა შემოსავალი ჰქონდეს. ამ ყველაფრიდან დასკვნა ერთია, დევნილებს იმ შეღავათს უწესებენ, რომლითაც მათი ძალიან დიდი უმრავლესობა ვერ ისარგებლებს.