რა კითხვებს უსვამენ

რა კითხვებს უსვამენ "გლობალისტებს" დაკითხვაზე გამომძიებლები

"გლობალ-ტვ" ანტენების დადგმის გამო, ოზურგეთში მასობრივი დაკითხვები დაიწყო. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დასაკითხად ბათუმში ჰყავდათ წაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ჯერ არ გახმაურებულა, "გურია ნიუსმა" ჩაწერა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც სამართალდამცავებმა ჯერ გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში მიიყვანეს დასაკითხად, შემდეგ კი ბათუმში წაიყვანეს.

"გურია ნიუსი" გთავაზობთ ინტერვიუს მოქალაქესთან, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი ვინაობის დასახელებისგან თავი შეგვეკავებინა.

- იმდენი რამე მკითხეს და მალაპარაკეს, მაგი რომ მოვყვე, სიმართლე გითხრათ, ნახევარი არც მახსოვს, იმდენად დაღლილი და ამავე დროს მშიერი ვიყავი, რომ ხელი რას მოვაწერე ის არ წამიკითხავს. რომ ჩავხედე შიგ, კი მივხდი, რომ რაც არ მქონდა ნალაპარაკები, ისეთი რაღაცეებიც ეწერა, მაგრამ აღარაფრის თავი აღარ მქონდა, _ ასე დაიწყო საუბარი ჩვენმა რესპონდენტმა.

მისი თქმით, სამართალდამცავებს ყველაზე მეტად იმის ვინაობა აინტერესებდათ, ვინც ანტენა დაუდგა და ამის სანაცვლოდ, მოსთხოვეს თუ არა ხმის მიცემა არჩევნებში.

- მე ვუთხარი, რომ არავის ჩემთვის მსგავსი რამ არ უთქვამს, – განაცხადა ჩვენმა რესპონდენტმა, – მოვიდნენ, მითხრეს ვდგამთ ანტენებს და თუ გინდათო. ეს რომ ვუთხარი, სამართალდამცავებმა მკითხეს, – თუ ჰკითხე, ვისგან იყო ეს ანტენები საჩუქრადო? – მე ვუთხარი, რად მინდოდა შეკითხვა, ვიცოდი, ვისიც იყო. კი, ბატონო, მინდა,-მეთქი. დამიდგეს და მადლობა გადავუხადე. არც ერთ პარტიაში არ ვარ გაწევრიანებული, არსად არ ვმუშაობ. ოთხი დღის წინ დავიდგი ანტენა და პოლიციამ მეორე დღესვე მომაკითხა. ჯერ აქ, გურიის სამხარეო სამმართველოში მიმიყვანეს პოლიციის უფროსთან, მერე ბათუმში წაგვიყვანეს. სხვათაშორის, ჩემთან ერთად რამდენიმე ოზურგეთელი იყო დასაკითხად.

- რა გითხრეს, ბათუმში რატომ უნდა გადაეყვანეთ?

- არაფერი, ისე. ბათუმში უნდა წამოგვყვეო და წაგვიყვანეს. არაფერი არ მოხდება, უბრალოდ შეგეკითხებიან რაც იყოო და თქვიო. მეც ვთქვი ისე, როგორც იყო, მაგრამ იმდენი წერეს და ილაპარაკეს, გეფიცებით, არ ვიცი ხელი რაზე მოვაწერე ბოლოს, ძალიან ცუდად ვიყავი. თან ვუთხარი, მაქ ისეთი რაღაცეები წერია, მაგი მასე არ იყო-თქო, მაგრამ დავანებე თავი. დაღლილი და მშიერი, დილის 12 საათიდან 7 საათამდე დასაკითხად ვიყავი.

- რა კითხვებს გისვამდნენ?

- რომ მოვიდნენ ანტენის დასადგმელად, რა გითხრესო? როგორი ბიჭები იყვნენ, რა გვარის იყვნენო? თან გაგვაფრთხილეს, შეიძლება ჟურნალისტები გესტუმრონ და თავი შეიკავე, არაფერი არ თქვაო. მნიშვნელოვანი მაინც არ წამოგცდესო. გაჩუქათო? _ შემეკითხნენ; მე ვუთხარი, რომ, კი, ბატონო, გვაჩუქეს, მერე რაა, გვაჩუქეთ თქვენც და ნახეთ, თუ არ ავიღებთ,-მეტქი. თუმცა, ერთი კი ვუთხარი _ თქვენ რომ დაარიგეთ ვაუჩერები, ერთი 30-ლარიანი და მეორე 20-ლარიანი, იმათაც მადლობა გადავუხადე და კმაყოფილი დავრჩი თქო... ხელისუფლებამაც კი ჩაიწერა მასე პირადობის მოწმობის ნომრები, როცა ვაუჩერს არიგებდნენ,-მეთქი. რა საჭირო იყოო, მკითხეს; რა ვიცი მე, აქეთ დაგისვამდით მაგ შეკითხვას,-თქო.

ბოლოს ვუთხარი, მათ, რომ თქვენ ამ საქციელით ხალხს უფრო გააღიზიანებთ,-მეთქი; რატომო, მკითხეს. იმიტომ, რომ პირველ საათზე წამალი მქონდა დასალევი, ავად ვარ და აბა არ გავღიზიანდებოდი,-მეთქი?

- თქვენი აზრით, რატომ წაგიყვანეს ბათუმში?

- მე მგონი, ამათ, აქაურებს, არ ენდობიან... რა ვიცი, არ გითხრათ? იმასაც კი ამბობენ, პოლიციაში ნახევარზე მეტი ივანიშვილის მომხრეაო. რა იცი, რას გაიგებ... რას მიხვდები დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვინ ვისი მომხრეა?!