რუსეთის პრეზიდენტი კურილიის კუნძულებს ესტუმრა. იაპონია ამ ქვეყნიდან თავისი ელჩის გამოწვევას აპირებს. შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის საპირისპიროდ, მხარდაჭერა გამოუცხადა. ამავდროულად, აშშ-ის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საქართველოს არ აიძულებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმდეს, რადგან რუსეთმა ამ თემაზე მოლაპარაკებებისთვის გზა თავად უნდა მოძებნოს.
რას ნიშნავს “თეთრი დათვის” მორიგი გააქტიურება იაპონიაში და რას უკავშირდება შეერთებული შტატების ხმამაღალი რეაგირება იმ ქვეყნის ქმედებებზე, რომელთანაც მას გადატვირთვის პოლიტიკა აქვს დაწყებული? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პრესა.გე-ს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.
პაატა ზაქარეიშვილი: “მე არ მგონია, რომ რაიმე სიახლესთან გვაქვს საქმე. შეერთებული შტატების განცხადებები წინასაარჩევნო კონტექსტში უფრო კეთდება. დღეს ტარდება, სწორედაც, კონგრესის სენატის შუალედური არჩევნები. ”დემოკრატებს” საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვთ, რადგან “რესპუბლიკელები” იბრუნებენ გარკვეულ ძველ პოზიციებს. მე მგონი, ეს განცხადებები უფრო წინასაარჩვენო კონტექსტში გაკეთდა, რომ “დემოკრატები” არც ისე დამთმობები არიან რუსეთის მიმართ, ანუ როცა საჭიროა, კბილებსაც გამოაჩენენ, რასაც თავის დროზე ბუში აკეთებდა.
ბუში სულ კბილებს აჩენდა, ასეთი პოლიტიკა ჰქონდათ მაშინ “რესპუბლიკელებს”, ობამას “დემოკრატები” კი - ცდილობენ, რომ რუსეთის აგრესიულობა გაანეიტრალონ.. აშშ-ის მხრიდან ორი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები არ იმოქმედებს ამ გადატვირთვის პოლიტიკაზე?
-ეს ტაქტიკური განცხადებებია. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ამერიკა-რუსეთის მიერ ავღანეთში, ნარკოდილერების წინააღმდეგ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია. ეს უკვე ნაბიჯია, ქმედებაა და არა – განცხადება. ჩემთვის მოქმედებებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე განცხადებებს. რუსეთი თავის ტერიტორიაზე ატარებს ავღანეთში გადასაზიდ ამერიკულ ტვირთებს. უკვე იარაღზე დაიწყო საუბარი და იარაღს გაატრებს.
ძალიან ბევრი ნაბიჯები აჩვენებს იმას, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის უფრო მეტია მჭიდრო თანამშრომლობის ფაქტები, ვიდრე - განსხვავება და გაუცხოვება, რაც, რა თქმა უნდა, ამავდროულად, არის კიდეც. ჩვენ იმას უნდა შევხედოთ, უფრო მეტი რა არის. ჩემი აზრით, ამ ორ ქვეყანას შორის უფრო მეტი მეგობრობაა, ვიდრე - დაპირისპირება. მე ვერ ვხედავ რადიკალურ ცვლილებებს ამერიკულ პოლიტიკაში რუსეთის წინააღმდეგ. რაც შეეხება კურილიის კუნძულებს, ეს იყო მედვედევის მხრიდან უაღრესად თავხედური ნაბიჯი.
ესეც ხომ ქმედებაა – მედვედევმა თავხედური ნაბიჯი გადადგა და ჩავიდა სადაო ტერიტორიაზე, ანუ ქმედებით დაუპირისპირდა აშშ-ს...
-რუსეთმა ეს იაპონიის წინააღმდეგ გააკეთა და არა – ამერიკის. ამერიკელები იძულებელი იყვნენ, მოკავშირე იაპონიისთვის მხარი დაეჭირათ, განცხადების დონეზე მაინც.
მესმის, ბატონო პაატა, მაგრამ ეს ნაბიჯი ამერიკის წინააღმდეგაც არის გადადგმული, რადგან კურილიის კუნძულებს რუსეთი აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორს ედავება. იქ ჩასვლით, მედვედევმა შტატები, სულ ცოტა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა...
-ნუ ახლა, რუსეთისთვის ტერიტორიული მთლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – თუნდაც, იგივე ამერიკასთან კარგი ურთიერთობები. რა თქმა უნდა, სჯობდა, მედვედევი არ ჩასულყო კურილიის კუნძულებზე. არცერთი ასეთი მაღალი დონის რუსი პოლიტიკოსი არ ჩასულა იქ, თანაც ამ ფორმით. ეს, რა თქმა უნდა, იყო ცუდი ნაბიჯი. რუსეთმა ამ ნაბიჯით მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა იგივე, რაც აჩვენა მან მსოფლიოს მაშინ, როცა შემოვიდა სამხრეთ ოსეთში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება.
რა თქმა უნდა, თავისი მასშტაბებით კურილიაში ჩასვლა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე მიმართულების ნაბიჯია. ანუ, კვლავ ხდება მსოფლიოს წინაშე ძალის დემონსტრირება – რასაც მინდა, იმას ვაკეთებ და თქვენ, მსოფლიომ, კეთილი ინებეთ და ანგარიში გაუწიეთ ახალ რუსეთს. რუსეთის ამ ხასიათს უწევს ობამა ანგარიშს და სწორედ, ამიტომ დაიწყო მან გადატვირთვის პოლიტიკა.
აქ პერევიც უნდა გავიხსენოთ, ალბათ, რადგან რუსეთმა ეს სოფელი დატოვა ისეთი ფორმატის წინ, რაშიც აშშ არ მონაწილეობდა და მედვედევი ევროპის, მისთვის მისაღებ ლიდერებს - სარკოზისა და მერკელს ხვდებოდა...
-პერევიდან ჯარებს რომ გაიყვანდა, მას ეს ნათქვამი ჰქონდა. პერევი ბუფერული ზონის ბოლო პუნქტი იყო, რომელიც არასდროს შედიოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებში. უბრალოდ, რუსეთმა კარგად გააფორმა ის, რისი გაკეთების ვალდებულიც იყო. მას შეეძლო პერევიდან ჯარები გაეყვანა ერთი თვით ადრე ამ სამიტიდან, ან ერთი თვის შემდეგ, მაგრამ მაინცდამაინც, გაიყვანა ნატოს სამიტის წინ, რათა მისთვის სამიტზე არ ეთქვათ - რატომ იქცევი ასე ცუდად სამხრეთ ოსეთშიო. მან თავისი ქმედება კარგად შეფუთა და გაყიდა. ეს გააკეთა პროპაგანდის მიზნით.
ასეთ რაღაცეებს ხშირად აკეთებს ხოლმე სააკაშვილი. მაგალითად, როცა ბაიდენი ჩამოვიდა აქ, უცებ გამოაცხადა - დემოკრატიის მეორე ტალღა დაიწყოო და ოპოზიციურ პარტიებს აღუდგინა დაფინანსება. ეს სპეციალურად გააკეთა ბაიდენის ჩამოსვლის წინ, რათა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს არ ეთქვა, საქართველოში დემოკრატია არ არისო. ანუ იმას, რაც გასაკეთებელია, ხშირად, პოლიტიკოსები ისე აკეთებენ, რომ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლან.
უკვე იანვარში იყო ცნობილი პერევიდან ჯარების გაყვანის ამბავიც.. გზას აშენებდნენ ცინაკურიდან ყარღნარამდე, პერევის გარდა მათ სხვა გზა არ ჰქონდათ ამ სოფლების დასაკავშირებლად. გზის მშენებლობა დასრულისკენ მიდის და ჯარებიც გაიყვანეს, მაგრამ პროცესი თავისთვის მომგებიანად შეფუთეს - პროპაგანდისტულად. რუსეთმა ეს პროცესი გაყიდა, როგორც დათმობა დასავლეთისათვის, მაგრამ ეს არ არის რეალური დათმობა დასავლეთისთვის. თვალები არ უნდა დავიბრმავოთ, და არ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს დათმობა იყო დასავლეთისთვის. რუსები ყოველთვის ამბობდნენ, პერევი სხვა საკითხია, გავალთ, მაგრამ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, ნურასუკაცრავადო.
მედვედევის კურილიის კუნძულებზე ჩასვლა დაძაბავს სიტუაციას ამერიკა-რუსეთს შორის?
-ასეთი ფაქტებით, როგორიც კურილიის კუნძულებზე ჩასვლაა, სიტუაცია არ დაიძაბება. დაიძაბა სიტუაცია, სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, მითუმეტეს, ეს ბევრად უფრო მძიმე ფაქტია? დაიძაბა და მერე განიმუხტა, ხომ? რუსეთმა ამ ქმედებით კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი თავხედური პოლიტიკის შეუქცევადობა, რომ ის აუცილებლად განაგრძობს ასეთ პოლიტიკას.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: რუსეთის პირველმა არხმა უარყოფითი მასალა მოამზადა უკრაინის პრეზიდენტზე. ეს არხი დავალების გარეშე სიუჟეტს არ ამზადებს. თანაც, ამ სიუჟეტში იანუკოვიჩს ახსენებენ, რომ წინასაარჩევნოდ ის სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე აქცენტს აკეთებდა და ახლა დაივიწყა. თქვენი აზრით, რა ხდება - იანუკოვიჩი რუსეთს განუდგა?
-იანუკოვიჩს ეს არსდროს უთქვამს, რომ აღიარებდა სამხრეთ ოსეთს. ლუკაშენკო ამბობდა. მაგალითად, რუსეთს არც კი აწყობს, რომ უკრაინამ აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რადგან უკრაინას სხვა საზღვარი აქვს და აქცენტი გაკეთდა “სამხრეთ ოსეთზე”. საერთოდ, დღეს რომ იანუკოვიჩმა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაშინ აფხაზეთი უკვე რუსეთისგან დამოუკიდებელიც კი გახდება. უკრაინიდან იქ სხვა პოლიტიკა შევა.
სხვა, ვთქვათ, დემოკრატი პრეზიდენტი რომ მოვიდეს უკრაინაში, ის ან გააუქმებს იანუკოვიჩის აღიარებას, ანდა უფრო მეტად შეუწყობს ხელს რუსეთისგან აფხაზეთის ჩამოცილების პროცესს. ეს სატელევიზიო სიუჟეტი იმაზე მიუთითებს, რომ იანუკოვიჩს სხვა პრობლემები აქვს რუსეთთან და რუსეთმა მას თავში ჩაურაკუნა.
ეს ჩვეულებრივი ამბავია. რუსეთი შორს არ არის საქართველოსგან ავრორიტარული ქცევებით. მათი ტელევიზიები, ჩვენების მსგავსად ამბობენ იმას, რაც უნდა ხელისუფლებას. ბურჯანაძისა და ოქრუაშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო სატელევიზიო შეტევები, რაც ისინი ხელისუფლებიდან წამოვიდნენ, მანამდე მათ თავს არავინ ესხმოდა. როგორც ჩანს, იანუკოვიჩისგან მეტს ელის რუსეთი, მაგრამ დროზე ვერ ღებულობს, ან არ ღებულობს, ამიტომ ტელევიზიით ახდენს ზემოქმედებას.
როცა პოლიტიკოსთა ქმედებები და ლაპარაკი ერთმანეთს არ ემთხვევა, მაშინ ამერიკის მაღალჩინოსნის განცხადება, რომ საქართველოზე ზეწოლას არ მოახდენს აშშ, რათა რუსეთი მსო-ში გააწევრიანოს, რას უნდა ნიშნავდეს?
-საერთოდ ამერიკა დაინტერესებულია, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს. თქვეს კიდეც, საქართველომ ამ სიტუაციაში მეტი კრეატიულობა უნდა გამოიჩინოს, ანუ უნდა შეცვალოს თავისი პოზიციებიო.. საქართველო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ პოლიტიკურ პირობებს აყენებს - ტერიტორიებთან მიმართებაში. ფსოუზე რომც დადგეს ქართველი მესაზღვრე, რეალურად აფხაზეთთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება და რუსეთის გამო კვლავ პრობლემები იქნება.
ამერიკელები გვთავაზობენ, მსო-ის საკითხს უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ და მაგალითად, წამოვაყენოთ სავაჭრო პირობები, ისეთი როგორიცაა – ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. ამერიკელები შეეცდებიან, რომ განა აიძულონ საქართველო რუსეთს თანხმობა მისცეს, არამედ აქ მიდგომები შეიცვალოს. სხვათაშორის, საქართველო კარგად ვაჭრობს და წესით, რამოდენიმე მილიონი უნდა მიიღოს ამერიკისგან ამის გამო. ანუ გამორიცხული არაა, რუსებმა ქართული ხმა იყიდონ, მაგრამ მე შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ სადღაც ერთ წელიწადში რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევა.
და საშიშროებაც აღარ იქნება, რომ რუსეთი, როცა უნდა მაშინ გამოაპანღურებს ქართულ ღვინოს თავის ბაზრიდან..
-რა თქმა უნდა, როცა ამ ორგანიზაციის წევრი გახდება, მერე ვეღარ გამოაპანღურებს, რადგან ვალდებულებები ექნება სხვა. ჰაერზე ვეღარ იტყვის, რომ ფალსიფიცირებულია ღვინო, ვალდებული იქნება – დაამტკიცოს. უკვე სხვა დონეა. დღეს კი - არ არის ამ ორგანიზაციის წევრი და თავხედურად იქცევა. ამერიკელი მაღალჩინოსნის ნათქვამი კი - მხოლოდ განცხადებაა. მსოფლიოს უფრო აწყობს რუსეთი იყოს ამ ორგანიზაციაში, ვიდრე ის, რომ არ იყოს. რუსეთი კი კარგავს ბევრს, რომ არ არის ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ უფრო მეტს მსოფლიო კარგავს ამ ფაქტით. რუსეთი ძალიან დიდი მოვაჭრე სახელმწიფოა. მას აქვს დიდი ტერიტორია, დიდი ბაზარი და შესაბამისად, მისი მსყიდველუნარიანობა ძალიან მაღალია.
რუსეთი მიჩვეულია ისეთ ცხოვრებას, ახლა როგორც ცხოვრობს, მსოფლიოსთვის კი დიდი პრობლემაა, რომ ამ სახელმწიფოს სახით დედამიწის ზურგზე, ამხელა შავი ხვრელი არსებობს. მსოფლიო სავაჭრო პროცესებში რომ არ მონაწილეობს რუსეთი, როგორც უნდა ისე ცვლის ფასებს ნავთობზე, გაზზე. ამით მსოფლიო შეშფოთებულია და ურჩევნიათ, რუსეთი გარკვეულ სამართლებრივ ნორმებში, არტახებში მოაქციონ. რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებლები უკეთესია ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნების და მათგან განსხვავებით, ეკონომიკურ კრიზისსაც უფრო უკეთესად გაუძლო..
მსო მაინც თუ იქნება ის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთს მართლაც მოაქცევს რაღაც ჩარჩოებში? გაეროს წევრია, მაგრამ დიდად ცივილიზებული ქმედებებით არ გამოირჩევა..…
-მშვენიერი მაგალითი გვაქვს ჩვენ პირადად. ვიდრე რუსეთი ჩართული იყო სამშვიდობო პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, უჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ მაინც იძულებული იყო გაეროს რეზოლუცია იქნებოდა, თუ სხვა რამ – შეესრულებინა. მაგალითად, მხარი დაეჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ეღიარებინა .ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობა. საერთაშორისო კანონები არ აძლევდა რუსეთს საშუალებას, უკანონოდ მოქცეულიყო.
ჩვენ მას საშუალება მივეცით, საქართველო დაეპყრო, ამით რა მოვიგეთ? თან “ბედნიერები” ვართ, რუსეთი რომ გამოვააშკარავეთ, როგორც აგრესორი. რუსეთმა თქვა, გამომააშკარავეთ, ახლა ნახავთ, რა არის აგრესორი. მივიღეთ კიდეც, რა არის აგრესორი. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აგრესორი გამოვააშკარავეთ და ტერიტორიები დავკარგეთ, რუსეთი კი კმაყოფილია – მსოფლიო დასაჯა და “ნატო” არ შემოუშვა კავკასიაში.
ძალიან იოლი იყო რუსეთი ევროსაბჭოდან გაერიცხათ ჩეჩნეთის ომის დროს, მაგრამ ყველა ევროპულმა ქვეყანამ თქვა, რომ გავრიცხოთ, ამით რა მოხდება, რუსეთი აორთქლდება, თუ გენოციდს აღარ მოაწყობს? გადაწყდა კიდეც, რომ ეს ქვეყანა დარჩენილიყო ევროსაბჭოს წევრად და მაქსიმალურად ემართათ. თუმცა, მაქსიმალური მართვა, აბსოლუტურ მართვას არ ნიშნავს. რამდენადაც შესაძლებელია, იმდენად მართავენ.
რაც უფრო მეტად ინტეგრირდება რუსეთი მსგავს ორგანიზაციებში უფრო მეტად მართვადი იქნება და მსოფლიოც უფრო – უსაფრთხო. სჯობს, რუსეთი 60%-იანი კარგი იყოს, ვიდრე – 10%-იანი. ამაზეა აქ საუბარი. პოლიტიკაში ყველაფერს დინამიკაში და მთლიანობაში უნდა უყურებდე. საქართველომ ნულამდე დაიყვანა რუსეთთან ურთიერთობები. ახლა კი ამბობს ჩვენი ხელისუფლება, რუსეთთან საუბარი მინდაო, მაგრამ მართლა რომ უნდოდეს, მაშინ ჩრდილოეთ კავკასიასთან უვიზო რეჟიმს არ შემოიღებდა. ამას იმიტომ ლაპარაკობს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ახდენს ზეწოლას.
საინტერესოა ისიც, როცა ასეთი დაძაბული სიტუაციაა ორ ქვეყანას შორის, ვანო მერაბიშვილი რუსეთის ტელეარხებისთვის, ლამისაა, მსოფლიოს მასშტაბით ნომერ პირველი შს მინისტრი გახდეს... ეს რაზე მიანიშნებს.
-ძალიან კარგი რაღაც მკითხეთ. ეს არის ბრწყინვალე ნიმუში იმისა, რა მოსწონს რუსეთს საქართველოში. მას მოსწონს ავტორიტარიზმი. რუსეთს მოსწონს საქართველოში არა დემოკრატია, არამედ ის, რომ პოლიციაა ქვეყნის ღერძი.
ამ დროს არ მოსწონს ქართული ღვინო და ბაზრიდან გამოაძევა. სასაცილოა, მაგრამ მას მოეწონა ის პოლიცია, რომელიც საქართველოში არის - არა დემოკრატიის, არამედ მაგალითად, არჩევნების გაყალბების მექანიზმი, დღევანდელი რეჟიმის შენარჩუნების საფუძველი. რუსეთი თავად გვევლინება ჟანდარმის როლში და ატერორებს მსოფლიოს “ფეხებზემკიდია” პოლიტიკით – რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. მისი როლი მსოფლიოში ამ თვალსაზრისით ძალიან გაიზარდა.
როცა, ასე გაძლიერდა რუსეთი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ასეთ შემთხვევაში?
-ჩვენ უნდა შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო. ერთადერთი რასაც ვერ ერევა ავტორიტარიზმი, ეს არის დემოკრატია. ასეთ შემთხვევაში ქართველმა ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ თავადვე წარმოადგენს დიდ ძალა და უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რათა შეცვალოს ქვეყნის ავტორიტარული მმართველობა. რუსეთი თავისი ავტორიტარიზმით ვერ მოერევა ქართულ დემოკრატიას, მაგრამ ქართულ ავტორიტარიზმს ყოველთვის მოერევა, რადგან ძლიერი ავტორიტარიზმი ყოველთვის ჩაგრავს პატარას.