დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კრიზისის დაძლევის საკუთარი პროგრამა წარმოადგინა. კერძოდ, შემუშავებულ იქნა 100 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (155 მილიარდი დოლარი) პაკეტი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა ევროპაში ვალებთან დაკავშირებული პრობლემების გამწვავებისაგან უნდა დაიცვას.
ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა და ინგლისის ბანკის თავკაცმა მერვინ კინგმა განაცხადეს, რომ დაგეგმილია საბანკო სექტორის და ეკონომიკის კრედიტირების სტიმულირება. კერძოდ, ამუშავდება ბანკების შეღავათიანი სუფსიდირების პროგრამა. იაფი კრედიტებისა და იპოთეკისთვის მიმართულ იქნება 80 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (124 მილიარდი დოლარი). გარდა ამისა, განიხილება ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის სახელმწიფო გარანტიის მიცემის საკითხი.
თავის მხრივ, ინგლისის ბანკი აპირებს ბანკებს ექვთვიანი კრედიტები გამოუყოს, რომლის მოცულობა თვეში არანაკლებ 5 მილიარდი ფუნტი (7,7 მილიარდი დოლარი) იქნება. ამგვარად დაგეგმილია ლიკვიდურობის პრობლემის აღმოფხვრა. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაც.
აღნიშნულის გარდა, ბრიტანულ ბანკებს საშუალება ექნებათ მრავალწლიანი კრედიტები საბაზროზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ. ამგვარად, საკრედიტო ორგანიზაციებს შეეძლებათ რეალურ ეკონომიკას სესხები მისცენ, რის შედეგად ხელმისაწვდომი კრედიტების არარსებობის პრობლემა მოგვარდება.
ბრიტანული პროგრამა გარკვეულწილად წააგავს იმ განსაკუთრებულ ზომებს, რომლებიც ევროპისა და აშშ-ს ცენტრალურმა ბანკებმა კრიზისის დასაწყისში მიიღეს. ლონდონის ამგვარი მონდომება ნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ძალიან ეშინია ევროპაში არსებული კრიზისი კუნძულს არ გადაწვდეს და ბრიტანეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა დაბლა არ დასცეს.
ამას ადასტურებს ფინანსთა მინისტრის ჯორჯ ოსბორნის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ “ეკონომიკურად ძალიან რთული დრო დადგა, იმდენად რთული, რომ გეგონება ევროპის ქვეყნები ომის ქარ-ცეცხლში არიან გახვეული. მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკას ახალი სული ვშთაბეროთ და იგი კრიზისისაგან დავიცვათ”.
ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები ბოლოა მცდელობათა რიგში, რომლებიც ევროპულმა მთავრობებმა რეგიონში აგორებულ კრიზისთან საბრძოლველად განახორციელეს. გასული წლის ბოლოს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეგიონის საბანკო სისტემაში 1 ტრილიონი ევროს ინექცია განახორციელა. ეს ფული ბანკებისათვის სამწლიანი კრედიტების გამოსაყოფად იქნა მიმართული. გასული კვირის ბოლოს ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაციისათვის 100 მილიარდი ევროა საჭირო.
ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი და ესპანეთი, ბანკებს პრობლემები კლიენტთა დეპოზიტების გადინებისაგან შეექმნათ. თანაც, მათ ვერ შეძლეს ფულის ბაზრიდან მოზიდვა. ამან სხვა ქვეყნებში შიში გამოიწვია. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთიც, რომლის საბანკო სისტემა ევროკავშირში ყველაზე ძლიერად ითვლება.
მართალია, დიდი ბრიტანეთი ევროს ზონაში არ შედის, მაგრამ მას ევროპულ ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები აქვს. ამიტომაც, თუ ევროს ზონის ეკონომიკა ინგრევა, ნეგატიური შედეგები ლონდონს აუცილებლად დააზარალებს. გარდა ამისა, რანდენიმე მსხვილ ბრიტანულ ბანკს ფართო ოპერაციები აქვს ევროს ზონის ქვეყნებში.
ბრიტანეთის ეკონომიკას რეცესიის საფრთხე ნამდვილად ემუქრება და ქვეყნის ხელისუფლება ძალიან სწორად იქცევა, რომ სიტუაციის გამოსწორებას ნაადრევად იწყებს. მაგალითად, ინგლისის ბანკს 2009 წლიდან მოყოლებული ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 0,5 პროცენტის დონეზე აქვს შენარჩუნებული, რაც ბანკის 317 წლიანი ისტორიის მანძილზე სარეკორდოდ დაბალი მაჩვენებელია. ფინანსთა სამინისტრომ მარტში მცირე ბიზნესის დასახმარებლად 20 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (31 მილიარდი დოლარი) მოცულობის პროგრამა აამოქმედა.
ცხადია, ბრიტანეთის მთავრობის პროგრამა ეწინააღმდეგება გერმანიის პოლიტიკას, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს კრიზისს შეთანხმებულად, თანაც მკაცრი ეკონომიის ზომების გატარებით ებრძოლონ. მოგეხსენებათ, ამ ზომებს ბევრი მხარს არ უჭერს, მათ შორისაა ბრიტანეთი, რომელმაც, როგორც ვხედავთ, ეკონომიის კი არა, პირიქით, ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკის გატარება დაიწყო.