არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული ქართული ფარმაცევტული ბაზრის ანგარიშის მიხედვით საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. რამ გამოიწვია, რომ საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სიღატაკის ზღვარზეა მკურნალობა და წამლის შეძენა ფუფუნების საგნად არის ქცეული, ამ თემაზე for.ge-მ „ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის“ ექსპერტს თინა ტურძილაძეს სთხოვა საუბარი.
ქალბატონო თინა, თქვენი შეფასებით რამ გამოიწვია წამლებზე ასეთი ფასების დაწესება?
- ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის საბაზრო ძალაუფლება, არამიზნობრივი საოპერაციო ხარჯები (ფარმაცევტული სექტორი ახორციელებს ჰოსპიტალური ბიზნესის ინვესტირებას, სამედიცინო სექტორის კომერციულ მოტივაციას.... ) წამლების არარაციონალური გამოყენება და ა.შ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, სამი დიდი კომპანიის – PSP-ს, „ავერსის“ და GPC-ს ბაზარზე დომინირებამ ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოსახლეობის დანახარჯების ზრდა განაპირობა. თქვენი შეფასებით სწორად რომ გატარებულიყო ჯანდაცვის რეფორმა, მივიღებდით თუ არა იგივე სურათს?
- ფაქტია, რომ ბაზარზე ვერ იქნა უზრუნველყოფილი ვერც ხარისხი, ვერც უსაფრთხოება, ვერც ეფექტურობა და ვერც ხელმისაწვდომობა, ამასთან ვაღიარებ, რომ ეს მარტივი არ არის.
რეფორმის ფორმატში, გამოსავალი მარტივად მოიძებნა და სისტემის რეფორმირების ნაცვლად, მიზნის რეფორმირება განხორციელდა, უფრო ზუსტად, სახელმწიფომ მოიხსნა „უზრუნველყოფის ვალდებულება“ და იგი „ხელშეწყობის ვალდებულებით“ ჩაანაცვლა, ასე, რომ ამ მიმართებით ბიზნესის კეთილსინდისიერების იმედად ვართ დიდწილად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ხშირია, როდესაც ექიმების მიერ პაციენტისთვის მედიკამენტის დანიშვნა მოტივირებულია დიდი ფარმაცევტული კომპანიების გარკვეული შეთავაზებებით, მათ შორის ფინანსურით. არის შემთხვევები, როდესაც დიდი ფარმაცევტული ქსელები თავიანთი აფთიაქების თანამშრომლებს მითითებას აძლევენ, რომ გაყიდონ ამ კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტები და რეკლამა გაუწიონ მათ. რა მდგომარეობაა ამ კუთხით და როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემის მოგვარება რა გზით არის შესაძლებელი?
- ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების მერკანტილური „რომანი“ საყოველთაოდ ცნობილი გლობალური პრობლემაა. ფარმაცევტული კომპანიები სამედიცინო წარმომადგენლების წინაშე სამ ამოცანას სვამენ: პირველია ინფორმაციულობა, მეორე - კომერციულობა და მესამე - პოზიტიურობა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიაწოდონ ექიმებს დიფერენცირებული ინფორმაცია პროდუქტზე, შეუქმნან კომერციული მოტივაცია მათ დანიშვნა-გამოწერაზე და განაწყონ ექიმი პროდუქტის, კომპანიის და წარმომადგენლის მიმართ პოზიტიურად, რისთვისაც უამრავ რესურს იყენებენ: საჩუქრებს, ძვირადღირებულ სადილებს, სპონსორობას და ა.შ.
ეს ყველაფერი ძალიან ძვირი უჯდება ფარმაცევტულ კომპანიებს, მათ შორის სამედიცინო წარმომადგენლების შენახვაც, რომლებიც ხელფასთან ერთად იღებენ ბონუსებს, წარმომადგენლობით დაფინანსებას, სამსახურეობრივ ტრანსპორტს და ა.შ.
საბოლოო ჯამში, ყველა ეს ხარჯი წამლის თვითღირებულებაში შედის და წამალი გვიძვირდება!
ამ პრობლემის მოგვარება ცეცხლითა და მახვილით ვერ მოხერხდება, ამ ეტაპზე გამოსავალია კლინიკური გაიდლაინები და წამლის რეიმბურსაციის სიები, როცა ექიმი პირისპირ ფარმაცევტული კომპანიების წინაშე არ აღმოჩნდება, თორემ ისიც ადამიანია და არა ფრთიანი ანგელოზი.
არასამთავრობო ორგანიაზაციების შეფასებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე, თავისი როლის ეფექტურად შესრულების საჭირო რესურსები არ აქვს. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციით, ახლად შექმნილმა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის დომინანტი კომპანიების ქმედებები უნდა შეისწავლოს, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უნდა შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ამომწურავი მონაცემები ამ სექტორის შესახებ. თქვენ რა პრობლემებს ხედავთ ამ კუთხით და რა არის მის მოსაგვარებლად საჭირო, პოლიტიკური ნება თუ მეტი პროფესიონალიზმი ამ სფეროში?
- ამ სეგმენტში გვაქვს როგორც სისტემური, ისე ტექნიკური პრობლემები, დღევანდელი მარეგულირებელი სისტემა უუნაროა, შეაკავოს ცუდი წამალი, სისტემა რომელიც ბაზარზე დომენტოლს, გაგენოლს და მისთანებს უშვებს, საჭიროებს რეფორმირებას, რამდენადაც სისტემის არსებობა და ზოგადად სახელმწიფო რეგულაცია, ან თუნდაც დერეგულაცია, მიზანი არ არის, ეს ბაზარზე ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო წამლის ხელმისაწვდომობას უნდა უზრუნველყოფდეს.
ფაქტია, რომ შედეგი მძიმეა, ამიტომ უნდა გადაიხედოს სისტემა, კერძოდ, რეგულაციის ინსტრუმენტები და მათი მეთოდოლოგიები.
ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ფარმაცევტულ სექტორში შემოვა კომპანიების მიერ წლიური ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნების კულტურა, ეს ბაზრის მკვლევარებს მისცემს ბაზარზე მონიტორინგის საშუალებას და კომპანიებსაც არ დასჭირდებოდათ მუდმივ რეჟიმში მკვლევარების ოპონირება - ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებენ.
რაც შეეხება პროფესიონალზმს, ამ მხრივაც ბევრი პრობლემებია, მსოფლიო ფარმაციამ ფორმა და შინაარსი იცვალა, შეიცვალა ფარმაცევტის როლიც, ნოსტალგია XIX - XX საუკუნის ფარმაციასთან სწორი არ არის, ჩვენ დარგში ახალი გამოწვევები გვაქვს და სპეციალისტებიც ამისთვის უნდა მომზადდნენ.
თქვენი შეფასებით, რა ძირითადი პრობლემა არსებობს ქართულ ფარმაცევტულ სფეროში, რომლის გადაჭრაც თავისთავად დაარეგულირებდა შემდეგ ფარმაცევტულ ბაზარს?
- ფარმაცევტული ბაზრის შეფასების სამი ინდიკატორი არსებობს: პირველია ხელმისაწვდომობა, მეორე - უსაფრთხოება და ეფექტურობა, მესამე - ხარისხი (სტანდარტულობა).
ქართულ ბაზარზე სამივე კრიტერიუმით მძიმე სიტუაციაა, უფრო მეტიც ბოლო ორი მაჩვენებლით კრიტიკულ ზღვართან ვართ, რაც შეეხება ფასებს, ეს უფრო აღქმადია და ადვილია მისი მონიტორინგი.
უსაფრთხოება-ეფექტურობის კვლევა, როგორც წესი, განვითარებული ბაზრის თემაა, ის, რაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსით, სტანდარტებთან მათი დოკუმენტური აუდიტი და წამლის სტანდარტულობის ანუ ხარისხის ზედამხედველობაა, ამისთვისაა საჭირო სავალდებულო სტანდარტების შემოღება, ამის შემდეგ შესაძლებელია კონკურენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია ხარისხიან გენერიკსა და გაურკვეველ სიმილატს შორის რა კონკურენციის ხელშეწყობაზეა საუბარი.
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ეს ხარჯების შეკავების და დაზღვევის ერთობლივი ღონისძიებებით უნდა იქნას მიღწეული, ყველა სხვა ექსპერიმენტი კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას.