დაჯარიმებული მოვაჭრე საზღვარს 5 ათას ლარზე ნაკლებ ვერ გადაკვეთს

დაჯარიმებული მოვაჭრე საზღვარს 5 ათას ლარზე ნაკლებ ვერ გადაკვეთს

რამდენიმე ქალბატონი ცოტა ხნის წინათ საბაჟოზე იმიტომ დააკავეს, რომ ტანზე რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ეცვათ და ამით კანონს არღვევდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, მათ ბიუჯეტს ზარალი მიაყენეს. მართალია, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ასეთ ბოროტმოქმედებას დაუნდობლად აღკვეთს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პირობა მაინც საკმარისი არ არის და ამიტომაც პრევენციულ ზომებზეც ფიქრობს.

 

ეს ზომები ამგვარი იქნება: ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში პირს, გარდა იმისა, რომ დაიჭერენ და დააჯარიმებენ, საზღვრის გადაკვეთის საშუალებასაც არ მისცემენ. თუმცა, თუკი კანონის ერთხელ დამრღვევს 5 ათასი ლარი მოეძევება, მისთვის ყველა გზა ხსნილი იქნება.

 

სწორედ ამას ითვალისწინებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტების წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ჯერაც აუმოქმედებულ საგადასახადო კოდექსში და საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

 

პროექტის ავტორები ლაშა თორდია, ზვიად კუკავა და კახა ანჯაფარიძე არიან. თუმცა, მათ ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი არ სურთ და აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ გუშინ დარეგისტრირდა და კომენტარებს საკომიტეტო განხილვებისას გააკეთებენ.

 

ინიცირებული კანონპროექტის თანახმად კი, ცვლილება ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევაზე სანქციის ახალი სახის დაწესებას - ერთი წლის ვადით პირისთვის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას. ამავე დროს, პირს, რომელსაც შეეფარდება ასეთი სანქცია, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მაინც მიეცემა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი წარმოადგენს არანაკლებ 5000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას.

პროექტის თანახმად, ეს ინიციატივა ძალაში 2011 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შევიდეს.

 

თავისთავად ის ფაქტი, რომ დანაშაულის პრევენცია უნდა მოხდეს და ჩადენის შემთხვევაშიც სათანადოდ უნდა დაისაჯოს, საკამათო არ არის, მაგრამ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, „ერთი შეხედვით, პატარა ინიციატივა ძალიან მეტად სახიფათო ჩანაწერებს შეიცავს“.

 

ცაგარეიშვილის თქმით, პირველი პრობლემა ის არის, რომ სანქცია წესდება საქართველოს საზღვრის უკანანო გადაკვეთისას ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებით. ცხადია, აქ მხოლოდ ეკონომიკურ დანაშაულზე არის საუბარი და არ იგულისხმება ადმინისტრაციული დარღვევები, ვინაიდან ამ დარღვევებზე სანქციები უკვე არსებობს. ეკონომიკურ საზღვარზე კი მოქმედებს საგადასახადო და საბაჟო რეჟიმი და, შესაბამისად, დარღვევებშიც ამ რეჟიმების დარღვევა უნდა იგულისხმებოდეს. ცაგარეიშვილის თქმით, ეს დარღვევები დღეს უკვე დასჯადია და სწორედ ამიტომ მისთვის დამატებითი სანქციის შემოღება მიუღებელია.

 

„ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანები, ვინც იმის გამო, რომ საბადოზე დრაკონული წესები მოქმედებს, რაღაცა პროდუქციის შემოტანას საბაჟოს გვერდის ავლით ცდილობენ და ამით ბიუჯეტს გამოუსწორებელ ზარალს აყენებენ. ამისთვის შეიძლება ადამიანი ორმაგად დაისაჯოს?“ - კითხულობს ცაგარეიშვილი.

 

მეორე პრობლემა კი, მისი თქმით, ისაა, რომ ადამიანებს აქცევენ არათანაბარ მდგომარეობაში. საუბარია იმ ნორმაზე, რომელიც საბანკო გარანტიების შემთხვევაში ადამიანები საზღვრის გადაკვეთას მაინც შეძლებენ. ამასთან, როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნას, ეს ნორმაც არა მარტო არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ადამიანებს, არამედ შეიძლება გამოუყენებელიც კი გახდეს, ვინაიდან საუბარია 5 ათასი ლარის ოდენობის „უპირობო და გამოუხმობ“ საბანკო გარანტიაზე.

 

„ადამიანს ამდენი ფული თუ აქვს, იმაზე ფიქრს დაიწყებს, რომ ორი კაბა თუ შარვალი განუბაჟებლად გადმოიტანოს. რატომ ჰგონია ამ ხელისუფლებას, რომ ადმიანებს დანაშაულის ჩადენა ეხალისებათ?“ -კითხულობს ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივის მიღების შემდეგ იმ წვრილი ბიზნესის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება სიტყვიერად იცავს, რეალურად კიდევ ერთხელ დაშინებული და დატერორებული დარჩება.