დაცული ლანდშაფტებიც გაიყიდება

დაცული ლანდშაფტებიც გაიყიდება

ხელისუფლება უკვე დაცული ლანდშაფტებისა და მრავალმხრივი გამოყენების მიწის ფართობების პრივატიზებას გეგმავს. არგუმენტად „მიწების ოპტიმალური მართვა“ სახელდება. ეს არგუმენტი ექსპერტებისთვის მიუღებელია და აცხადებენ, რომ ამ მიწების პრივატიზება ქვეყანას სამომავლოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის.

პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში გუშინ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ცვლილების შეტანას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ითვალისწინებს.

 

კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ლაშა თორდია, ზვიად კუკავა, კახა ანჯაფარიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.

 

კანონპროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება პრივატიზების ზოგიერთი პროცედურა. პრივატიზებას ექვემდებარება დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. ზუსტდება გარკვეული კატეგორიის მიწების რეგისტრაციისა და მასზე უფლების აღიარების საკითხები. მაგალითად, თბილისის ფარგლებში არსებული დაურეგისტრირებელი ან სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ცხადდება თბილისის საკუთრებად.

 

ასევე, ქონების გადასახადის განსაზღვრისთვის ცალკე კატეგორიად განისაზღვრება ტყით დაკავებული მიწები. მათ ეწოდება ტყის მიწები და მათზე ქონების გადასახადის განაკვეთს დაადგენს თვითმმართველი ორგანო მთავრობის მიერ განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. როგორც ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, ამ ცვლილებების მიზანი მიწების ოპტიმალური მართვაა.

მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივები არათუ ოპტიმალურ მართვას არ ნიშნავს, არამედ, პირიქით, ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს.

 

როგორც გარემოს დამცველები განმარტავენ, ეს ინიციატივა თავის თავში მოიცავს დაცული ტყეების პრივატიზებასაც. გაცილებით დიდი პრობლემაა ის, რომ დაცულ ლანდშაფტში ტყის მასივებთან ერთად სხვა კატეგორიის მიწებიც ითვლება. შესაბამისად, სპეციალისტები თვლიან, რომ ამ ინიციატივის განხორციელებით ქვეყანა, შესაძლოა, კატასტროფის წინაშეც კი დადგეს.

 

სამრეწველო საქმიანობისთვის, დღეს უკვე მთლიანი ტყის მასივების 15-20%-ია გასხვისებული. ტყის მასივის, დაახლოებით, 1000 ჰექტარი აგვისტომ ომის დროს გადაიწვა. სწორედ ტყის მასიური გაკაფვის მიზეზია ის, რომ გახშირდა ღვარცოფები და წყალდიდობები, რომლის სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან საკმაო დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება, რაც სპეციალისტების განცხადებით, გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმწიფო ტყეების გაჩეხვიდან იღებს.

 

სწორედ ამიტომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საკუთარი ჯიბის ინტერესს მთელი ქვეყნის ინტერესს თვალდაუხამხამებლად ანაცვალებს.

 

„ეს აქამდეც კარგად ჩანდა, მაგრამ ყოველი ნაბიჯი ამას უფრო მეტად ადასტურებს. დილეტანტის პოზიციიდანაც კი შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ტყის ფონდი არის ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველი სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანა არ გახდეს სტიქიური უბედურებების მსხვერპლი. ამას ეს მთავრობა ვერ ხედავს და მხოლოდ დღევანდელი დღით საზღვრავს ჯიბეში ფული სქლად ექნებათ თუ არა.  ჯიბე რომ თხელდება მაშინვე იმაზე იწყებენ ფიქრს, რითი შეივსონ ჯიბის სისქის დანაკლისი და, როგორც ჩანს, გასაყიდი სხვა აღარაფერი აღარ დარჩათ და ახლა ამას მიადგებიან.

მე არ ვიცი, ამ ფონდის პრივატიზებით რა თანხა უნდა ამოიღონ, რომ ამას რაიმე ეკონომიკური შედეგი ჰქონდეს, მით უმეტეს იმ მოსალოდნელი უბედურებების გათვალისწინებით, რაც ამ ტყეების გაჩეხვას მოჰყვება“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

 

მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე ცაგარეიშვილის პოზიციას იზიარებს, მაგრამ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ეს ბევრად დიდი ზიანის მომტანი იქნება.

„ამ ფონდების გასხვისება არაფრით არ შეიძლება. არა მარტო ამ ტყეების საერთოდ სამრეწველო მიზნით ტყეების ექსპლოატაცია უნდა აიკრძალოს. ყველა კარგად ხედავს, ყოველ წელს სტიქიების მასშტაბები თუ როგორ იზრდება. ახლა კი ამას სხვა მიწებიც დაემატება და საერთოდ ქვეყანაში რაიმე თუ დარჩა დაცული, აღარ მგონია. ეს კი საერთო მდგომარეობაზე როგორც აისახება, ამას უკვე ვხედავთ და ქვეყანა თუ არ იქნება, მერე ან ბიუჯეტი რისთვის უნდათ ან აშენებული სასტუმროები, არ ვიცი“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.