"კაცი უნდა ეყოს საარსებო მინიმუმს და არა საარსებო მინიმუმი - კაცს"
ინგლისელთა სამომხმარებლო კალათაში გოლფის თამაში შედის, თურქებისთვის აუცილებელ საჭიროებათა შორის მექის მოლოცვაა, ქართველების სამომხმარებლო კალათაში დენზე მიბმული ნაგვის გადასახადია შეტანილი... სამომხმარებლო კალათა საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალია, რომელსაც ყველაზე ხშირად მოიხმარენ. საქართველოში ის ამიერიდან ყოველწლიურად გადაიხედება. თუმცა რად გინდა, ამით არც საარსებო მინიმუმი იცვლება და არც მისი დაანგარიშების წესი...
სამომხმარებლო კალათა საქართველოში 288 საქონლისა და მომსახურებისგან შედგება, 2010 წელს მასში 266 კომპონენტი შედიოდა. ფრანგის სამომხმარებლო კალათაში 507 პროდუქტი და მომსახურება შედის, გერმანელის - 475, ხოლო ამერიკელისა და ინგლისელისთვის აუცილებელი საჭიროებების რაოდენობა 350-ია.
სამომხმარებლო კალათა საქართველოში 288 საქონლისა და მომსახურებისგან შედგება, 2010 წელს მასში 266 კომპონენტი შედიოდა. ფრანგის სამომხმარებლო კალათაში 507 პროდუქტი და მომსახურება შედის, გერმანელის - 475, ხოლო ამერიკელისა და ინგლისელისთვის აუცილებელი საჭიროებების რაოდენობა 350-ია.
ახლად დაანგარიშებულ სამომხმარებლო კალათაში სტატისტიკის სამსახურმა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი 30,3%-მდე შეამცირა. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 40,1% იყო. ამერიკელის სამომხმარებლო კალათაში კი სურსათის წილად მხოლოდ 13% მოდის. რაც უფრო ღარიბია მოსახლეობა, მით მეტს ხარჯავს სურსათში. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს წილი ახალი მონაცემებით 5,5%-ია, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის - 2,7%-ს, საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები კი მთელი საჭიროებების 8,2% ყოფილა. სხვათა შორის, "საქსტატის" დაანგარიშებით, კომუნალური ხარჯები 2010 წლის მონაცემთან შედარებით თურმე შემცირებულიც კი არის 5,7%-ით. ამერიკელის სამომხმარებლო კალათაში კი ამ ხარჯებს 29% უკავია. ავეჯს, საოჯახო ნივთებსა და მორთულობას, სახლის მოვლა-შეკეთებას საშუალო სტატისტიკური ქართველის სამომხმარებლო კალათაში 5,1%-იანი წილი უჭირავს, ჯანმრთელობის დაცვაზე 7,5% მოდის (ამერიკელისთვის ჯანდაცვის ხარჯი 4%-ია). სატრანსპორტო ხარჯი ქართველისთვის 12,8%-ია, ამერიკელისთვის - 12%, კავშირგაბმულობის - 5,6% და 10%. დასვენების, გართობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის საქართველოს მოქალაქე კალათის 6,8% ხარჯავს, ამერიკელი კი 32%-ს. განათლების წილად 6,1% მოდის, სასტუმროების, კაფე-რესტორნების წილი 4,4%-ია, სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 5%.
კიდევ უფრო მოკრძალებულია ქართველი მომხმარებლისთვის შედგენილი მინიმალური სასურსათო კალათა, რომელიც თურმე საარსებო მინიმუმის ოდენობით იანგარიშება და "საქსტატის" განმარტებით, მისი 70% სურსათის წილად, ხოლო 30% - სხვა ხარჯებზე მოდის. რა არის ეს სხვა ხარჯები, ამას სტატისტიკის სამსახური არ განმარტავს, საკვების რეკომენდებულ და სასიცოცხლოდ საკმარის დღიურ დოზებს კი ზედმიწევნით ზუსტად უთითებს:
ხორბლის პური - 250 გრამი, სიმინდის ფქვილი - 40 გრამი, ლობიო - 20 გრამი, ძროხის და ხბოს ხორცი - 40 გრამი, ღორის ხორცი - 10 გრამი, მაწონი - 25 გრამი, ყველი - 20 გრამი, კარტოფილი 150 გრამი.
მინიმალურ სასურსათო კალათაში სულ 40-მდე დასახელების საკვები პროდუქტია, რომლის ზემოთ მოყვანილი ულუფებიც შრომისუნარიანმა მამაკაცმა არსებობისთვის უნდა იკმაროს. სხვა სიტყვებით, კაცი უნდა ეყოს საარსებო მინიმუმს და არა საარსებო მინიმუმი - კაცს. ისე, "საქსტატის" დიეტას თუ ზედმიწევნით დაიცავს ადამიანი, მინიმალური შემოსავლიდან შეიძლება მორჩეს კიდეც რამე და დანაზოგიც გააკეთოს. მთავარია, პირში სული მიჰყვეს.
საარსებო მინიმუმი საქართველოში, 2012 წლის აპრილის მონაცემებით, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 154 ლარია, საშუალო ოჯახისთვის კი 258,5 ლარი. 2004 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებლები, მართალია, იცვლებოდა, მაგრამ ინფლაციასა და ფასების ზრდასთან შედარებით - უმნიშვნელოდ. 2004 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 96,2 ლარი იყო, საშუალო ოჯახისა კი 161,4 ლარი, 2006-ში - 120 და 201,7, ხოლო შარშან - 156,9 და 263,3 ლარი.
რაც შეეხება მინიმალურ სასურსათო კალათას, ასეთი ცნება სხვა ქვეყნებში არ არსებობს და იქ საარსებო მინიმუმს სწორედ რომ სამომხმარებლო კალათის მიხედვით ითვლიან.
ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "საქართველოში დაახლოებით 155 ლარია საარსებო მინიმუმი ერთ თვეში. ეს ნიშნავს, რომ არსებობისთვის ადამიანს დღეში უნდა ჰქონდეს, დაახლოებით, 5 ლარი შემოსავალი (დაახლ. $3). გაეროს სტანდარტებით, თუ ადამიანს შემოსავალი დღეში $2-ზე ნაკლები აქვს, მიიჩნევა, რომ ის შიმშილის ზღვარზეა ან შიმშილობს. გაეროს ამ საგანგაშო მაჩვენებელს საქართველოს საარსებო მინიმუმი მხოლოდ $1-ით აღემატება! შესაბამისად, ეს საარსებო მინიმუმი არ შეიძლება იყოს რეალური და მისი გადახედვა აუცილებელია. ნებისმიერმა არაეკონომისტმაც რომ ნახოს საქართველოს მოსახლეობისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის მოცულობა, მიხვდება, რომ ეს თანხა კალორიების იმ მინიმუმის მისაღებადაც არ კმარა, რაც ორგანიზმის სრულფასოვანი არსებობისთვის არის საჭირო.
რომ არა უცხოეთში მყოფი ნათესავების გზავნილები, სოფლად ნატურალურ მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტები, სოციალურად დაუცველი ადამიანების ყოფა საქართველოში ალბათ კატასტროფული იქნებოდა".
სოსო არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "თუ ადამიანები ძალიან ბევრს ხარჯავენ სურსათისთვის, ფასის ნებისმიერი ცვლილება დიდ გავლენას ახდენს ინფლაციაზე და შესაბამისად, სამომხმარებლო კალათის ღირებულებაზე. რაც უფრო მცირე ნაწილი სარგებლობს ამა თუ იმ პროდუქტით ან სერვისით, მით ნაკლებ გავლენას ახდენს ის სამომხმარებლო კალათაზე. და პირიქით. არსებობს მინიმალური სამომხმარებლო კალათა, სადაც შედის ის აუცილებელი პროდუქტები და მომსახურება, რაც ადამიანს არსებობისთვის სჭირდება - დაწყებული პურით, დასრულებული ინფორმაციის მიღების საშუალებებით. რაც უფრო მაღალშემოსავლიანია ადამიანი, მისი სამომხმარებლო სტრუქტურა უფრო მრავალფეროვანია. მასლოუს ცნობილი პირამიდით, ადამიანი, პირველ რიგში, ცდილობს დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები სურსათზე, უსაფრთხოებაზე, საცხოვრისზე, შემდეგ სამოსზე და ბოლოს არის მაღალი დონის მოთხოვნილებები. საქართველოში ცხოვრების დონის განსხვავება თვალში საცემია და ფულადი შემოსავლებით ეს არის 28/1-თან, ხოლო ფულადი და ნატურალური შემოსავლებით, ყველაზე მდიდრების 10%-ის თანაფარდობა ყველაზე ღარიბების 10%-თან არის 17/1-თან. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია პოსტსაბჭოთა სივრცეში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში. კიდევ უფრო მაღალია პოლარიზაცია სოციალურ ჯგუფებში (5%-იანი დაყოფით). ყველაზე მაღალშემოსავლიანთა შემოსავლები ყველაზე დაბალშემოსავლიანთა შემოსავლებს დაახლოებით 65-ჯერ აღემატება. ცხადია, მათი მოთხოვნილებები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. სტატისტიკა "საშუალო ტემპერატურას" გვაწვდის, მაგრამ ეს რეალურ სურათს ვერ ასახავს.
მინიმალური სასურსათო კალათა ფიზიოლოგიური არსებობისთვის სავსებით საკმარისია, თუმცა არსებობს სხვა მოთხოვნილებები, რომელთა გარეშე ადამიანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად თავს ვერ იგრძნობს. ბოლო წლებში კომუნალური გადასახადები გაიზარდა და ბევრჯერ რაციონალურ, ზომიერ საზღვრებსაც გასცდა.
სურსათის წილს საარსებო მინიმუმში ციხესიმაგრესავით იცავენ და 70%-ზე დაბლა არ ჩამოჰყავთ. ამას პრაქტიკული მიზეზი აქვს. პირობითად, თუ 150 ლარია საარსებო მინიმუმი და სურსათს მასში 70% უკავია, დანარჩენზე: მომსახურებაზე, ტრანსპორტზე და სხვ., მხოლოდ 30% მოდის, ანუ 105 ლარი სურსათის შესაძენად არის საჭირო. მაგრამ რეალურად სურსათის წილი მთლიან ხარჯებში უკვე ჩამოსცდა 70%-ს. მაღალშემოსავლიან მოსახლეობაში ის 16-18%-მდე დავიდა, ხოლო ყველაზე დაბალშემოსავლიანებში 50-55%-ის ფარგლებშია. გამოდის, სურსათისთვის განკუთვნილი 105 ლარი საარსებო მინიმუმის 70% კი არა, ყველაზე დიდი, 50% უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში კი აღმოჩნდება, რომ ადამიანის არსებობისთვის საჭიროა არა 150, არამედ, სულ ცოტა, 210 ლარი! ამიტომ სტატისტიკის კეთილსინდისიერება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეწირება.
მთავრობისთვის სტატისტიკა უნდა იყოს სარკე, სადაც დაინახავს საქმიანობის შედეგებს, სუსტ და ძლიერ მხარეებს. თუ სარკეში ნაკლს აღმოაჩენს, სტატისტიკის სამსახურზე არ უნდა იყაროს ჯავრი, არამედ საკუთარ თავს მოსთხოვოს პასუხი. ჩვენი სტატისტიკა კი მრუდე სარკეების ტყვეობაში აღმოჩნდა, რომელიც ხან ადიდებს და ხანაც აპატარავებს "ფიზიონომიებს".
ზაზა ჭელიძე (სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი):"სამომხმარებლო კალათაში 288 დასახელების საქონელია, სასურსათო კალათაში - 40. ფასებს ვაკვირდებით სამომხმარებლო კალათის მიხედვით, რომელშიც შედის ეს 40 დასახელებაც და ფასების ცვალებადობის მიხედვით საარსებო მინიმუმი გამოგვყავს. ის სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანებისთვის დგინდება და ცნობილია, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მით მეტია მის ხარჯებში სურსათის წილი. მეთოდოლოგია, რომლითაც ითვლება საარსებო მინიმუმი, დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მიჩნეულია, რომ მასში 70% არსებობისთვის საჭირო პროდუქტებზე უნდა მიდიოდეს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საარსებო მინიმუმისა და მინიმალურ სასურსათო კალათის ცნება არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს, გარდა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისა. ეს არის განვითარებადი, ღარიბი ქვეყნებისთვის შექმნილი სტანდარტი".
ციფრების ენით
უკრაინაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1197,71 გრივნაა (244,71 ლარი), ლატვიაში - 175,78 ლატი (511 ლარი), ყაზახეთში - 16.119 ტენგე (178,11 ლარი), აზერბაიჯანში - 102 მანათი (212,1 ლარი), ხოლო სომხეთში - 31.000 დრამი (122,27 ლარი).