წლეულს აჭარას ტურისტთა დიდი ნაკადი მიაწყდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საკურორტო ინფრასტრუქტურამ დატვითრვას ვერ გაუძლო. პრობლემები იყო მომსახურეობასთან, წყლის მიწოდებასთან, ტრანსპორტთან დაკავშირებით...
ამ ხარვეზებმა თავი ტურისტული სეზონის მიმდინარეობისას იჩინა და მთავრობის წევრებიც კი შეაშფოთა. პრეზიდენტმა სააკაშვილმაც კი აღნიშნა, რომ აჭარის საკურორტო ზონას ტურისტების სიჭარბის გამო პრობლემები შეექმნა.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს შავიზღვისპირეთს ტურისტები არც მომავალში მოაკლდება. იმისათვის, რომ წლევანდელი ხარვეზები გამოსწორდეს, ტურისტულმა სააგენტოებმა სპეციალური კვლვევაც ჩაატარეს იმის გამოსარკვევად თუ რა მოეწონათ და არ მოეწონათ აჭარაში ჩასულ დასვენებლეებს.
2010 წლის იანვარ-ოქტომბერში სულ აჭარაში 890 705 ვიზიტორი ჩავიდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 თვეში აჭარაში ჩასული ტურისტებიდან 602 908 შიდა ვიზიტორი და 287 797 უცხოელი ვიზიტორი იყო. დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარაში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 497 526 არაღემატებოდა, ამათგან 348 928 შიდა ვიზიტორი და 148 598 უცხოელი ვიზიტორი იყო.
2010 წლის 10 თვეში აჭარას ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან ესტუმრა, რომელთა რაოდენობამაც იანვარ-ოქტომბერში122 548 ვიზიტორი შეადგინა. აზერბაიჯანიდან აჭარას 40 169 ვიზიტორი, ხოლო სომხეთიდან 96 ათას 276 ვიზიტორი სტუმრობდა.
ოთხი ტურისტული სააგენტოს მხარდაჭერით ივნის-სექტმბრის თვეებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ვიზიტორთა 91.4%-ზე მეტი ისევ აპირებს აჭარაში დასვენებას. 8% ფიქრობს, თუ შესაძლებლობა ექნება, მომავალ წელს სხვაგან დაგეგმოს საზაფხულო დღეების გატარება.
1600 გამოკითხული ვიზიტორიდან არცერთი არ აღნიშნავს, რომ აღარ ეწევევა აჭარას. გამოკითხულთა 38% საოჯახო პანსიონატებით სარგებლობდა, 27% საშუალო კლასის სასტუმროებით, ხოლო დანარჩენებმა მაღალი კლასის კომფორტი აირჩია.
საოჯახო პანსიონატებით კმაყოფილებას გამოთქვამენ ადლიის, გონიოსა და კვარიათის დამსვენებლები, ხოლო ბათუმისა და ქობულეთის საოჯახო პანსიონატების დამსვენებელთა 40%-ზე მეტი არაკომფორტულობისა და მაღალის ფასების გამო არჩევენ მთლიანად დაიქირაონ კერძო ბინები და არ ისარგებლონ დიასახლისის მომსახურებით.
ვიზიტორთა უმრავლესობა ესწრებოდა ზაფხულის სეზონის დროს დაგეგმილ სხვადასხვა კულტურულ თუ გასართობ პროგრამებს. ტურისტთა 70% კაფე-ბარებსა და სასადილოებს სტუმრობდა. რესტორნებს 22%, დანარჩენნი სახლში თავად იმზადებდნენ სადილს. მომსახურების დონით 62% კმაყოფილია. 600 გამოკითხული ვიზიროტიდან მხოლოდ სამი გააჩერა საპატრულო პოლიციამ და ერთს ჯარიმა გამოუწერა. ტურისტები უსაფრთხოების უზრუნველყოფას უმაღლესი ქულით აფასებენ.
ტურისტებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ტაქსისტთა მომსახურება, ასევე მატარებლის გამცილებელთა არაკორექტულობა. ვიზიტორთა 66% გაგებით ეკიდება ბათუმში ინფრასტუქტურის მშენებლობის გამო არსებულ დაბრკოლებებს, 21% ფიქრობს, რომ სამუშაოები უკეთესად შეიძლება დაიგეგმოს და ნაკლები დაბრკოლება შეექმნათ მათ.
ტურისტთა 17% ქვიშის პლაჟების არარსებობას ცუდ ფაქტორად ასახელებს, ხოლო 24% წყლის მიწოდების შეწყვეტამ გააღიზიანა. ვიზიტორთა მხოლოდ 7% ეწვია ისტორიულ ძეგლებს, მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღსა და ეროვნულ პარკებს.
ვიზიტორთა 77%-ს არსებული ფასები გადაჭარბებულად ძვირად მიაჩნიათ და რეგიონის ტურისტული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზე ზეგავლენის ფაქტორად ასახელებენ. ბათუმის საშემოდგომო უიკენდის პროგრამით დაინტერესება უმეტესად ახალგაზრდობამ გამოთქვა, რომელთა ასაკი 30 წელს არ აღემატებოდა. გამოკითხულთა შორის 32% უცხოელი, ხოლო დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.