- რეალურად აქვს თუ არა გათვლილი "ქართულ ოცნებას", თუ საიდან უნდა დაფინანსდეს საყოველთაო დაზღვევა, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და სხვა ინიციატივები?
- 2012 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ბოლოს შეტანილი ცვლილებების გარეშე, არის 8 მლრდ. ლარი. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდეს, ყველა ადამიანი დაზღვეული იყოს, მინიმალური პაკეტით მაინც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 140 მლნ.-ის ნაცვლად, რაც სოფლის მეურნეობისთვისაა განკუთვნილი, ამ სფეროსთვის ნორმალური რესურსი გამოიყოს. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი თანხა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მინისტრების მივლინების ხარჯები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სტატისტიკა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით. ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ქვეყნდება, ბევრ კითხვას ბადებს. ჩვენი ინიციატივები არ დაფინანსდება არც სახელმწიფო ვალის და არც გადასახადების გაზრდის ხარჯზე. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდება ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ მონოპოლიები აღარ იარსებებს, რომლებიც ხელს უშლიან სხვა ბიზნესს ქვეყანაში შემოსვლასა და გაფართოებაში. დღევანდელი ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ პენსიები საარსებო მინიმუმის ტოლი იყოს. საყოველთაო დაზღვევას 700 მლნ. არ ჭირდება, დამატებით, 400 მლნ. ლარს საჭიროებს იმ პაკეტით დაზღვევისათვის, რომელზეც ჩვენი კოალიცია საუბრობს.
- რატომ არის საჭირო ყველას დაზღვევა, რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ დაზღვევის საფასური იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული შემოსავალი?
- ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული შემოსავალი, იხდის საკმაოდ დიდ საშემოსავლო გადასახადს ბიუჯეტში. საშუალო ფენასაც კი დღეს ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება ძალიან ძვირი უჯდება, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ყველა მოქალაქეზე. თავისთავად ცხადია, ყველა არ მოვა ამ დაზღვევის მისაღებად, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანისთვის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველთვიურად 2000 ლარს საშემოსავლო გადასახადს იხდის, მისივე გადახდილი ფულიდან 15–ლარიანი დაზღვევის მიღება პრობლემა არ უნდა იყოს.
- როგორ უნდა განაწილდეს სოფლის მეურნეობის პირველადი ინვესტირებისთვის განკუთვნილი 1 მილიარდი? რა მექანიზმით მოხდება ამ თანხის ინვესტირება სოფლის მეურნეობაში?
- საქართველოში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი სწორედ სოფლად არის დასაქმებული. ეს სფერო უმძიმეს მდგომარეობაშია, პრაქტიკულად არ არსებობს სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა. ჩვენ გვაქვს ზუსტად გაწერილი გეგმა, რა უნდა გაკეთდეს სოფლის მეურნეობაში, საკმაოდ სერიოზული კვლევითი სამუშაოებია ჩატარებული. ეს თანხა მოხმარდება კონკრეტულ პროგრამებს - ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიების დანერგვას, ახალი ჯიშების გამოყვანას. ეს არის მკაფიოდ გაწერილი ნაბიჯები, რომელმაც მალე საქართველოს სოფლის მეურნეობა მომგებიან დარგად უნდა აქციოს. თავისთავად ცხადია, ეს 1-2 დღეში არ მოხდება, მაგრამ, დაახლოებით, 2-3 წელიწადში გლეხი იგრძნობს, რომ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება.
- რამდენად ერთიანია კოალიციაში ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთა მოსაზრებები?
- თავისთავად ცხადია, კოალიციაში პროგრამულ დოკუმენტზე მუშაობისას არის განსხვავებული აზრები და შემდეგ ხდება მათი შეჯერება. გადაწყვეტილებები მიიღება კონსტრუქციულ კამათში და არანაირი დაძაბულობა პროგრამაზე მუშაობისას არ არის. ჩვენ გვესმის, რომ კოალიციის ყველაზე დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა იქნება, ამიტომ ჩვენი ინტელექტუალური რესურსი მიმართულია იქით, რომ რეალისტური პროგრამა შეიქმნას და ამ პროგრამამ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარებას შეუწყოს ხელი.
- დავით ბერძენიშვილი გაზეთ "Коммерсантъ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ "საყოველთაო დაზღვევის პროგრამა რეალისტურია, რადგან ივანიშვილს ბევრი ფული აქვს", თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- თავისთავად ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილის კერძო თანხები არ მოხმარდება დაზღვევას, იგი განხორციელდება სახელმწიფო სახსრებიდან, მაგრამ გამოცდილება, რაც საჩხერის რაიონში დაგროვდა, მნიშვნელოვანია და ჩვენ ის ოაზისი, რომელიც ჯანდაცვის სფეროში საჩხერის რაიონში არსებობს, მთელ საქართველოზე უნდა გადმოვიტანოთ.