„ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, ისე როგორც ჩვენ მოველოდით, არ გაამართლა“, - 5 წლის შემდეგ აღიარა სრული კრახი საქართველოს პრეზიდენტმა. სხვათა შორის, ფოთში სტუმრობისას სააკაშვილმა სხვა ბევრი წარუმატებლობაც ვერ დამალა, მაგრამ ეს ფოთელებისთვის შვების მომგვრელი სულაც არ აღმოჩნდა. ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყნის უმთავრეს საპორტო ქალაქში ვითარება არც ამის შემდეგ გამოსწორდება.
„ფოთში წარმატებაც გვქონდა და წარუმატებლობაც. წარმატება იყო ის, რომ ზოგადად ბიზნესი ფართოვდება და თუ ადრე ქალაქს ერთი და ორი გველეშაპი ეჯდა თავზე და ყველაფერი მათი იყო, ფოთელები კი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა - ბევრად მეტი ბიზნესი შემოვიდა, მონოპოლია არ არის და ა.შ.
მეორე პრობლემაა, რომ ინდუსტრიულმა ზონამ, როგორც ჩვენ მოველოდით, ისე არ გაამართლა. საწარმოების გახსნა ნელ-ნელა მიდის... თითქმის არ მიდის, პატარ-პატარა რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - მიკიბულ-მოკიბული ფრაზებით დააპირა ფონს გასვლა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ კანონმდებლობაც შეიცვალა და ინვესტორებს დამატებითი შეღავათები მიეცათ, მათ შორის დღგ-ის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
გარდა ამისა, სააკაშვილმა ფოთის წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პრობლემებზეც ისაუბრა და როგორც ადგილობრივებს განუცხადა, 2015 წლისთვის ქალაქი 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.
„2008 წლამდე ფოთს სასმელი წყალი 2 დღეში ერთხელ მხოლოდ 2 საათი მიეწოდებოდა. ჩვენ დავიწყეთ წყლის პროექტის განხორციელება, რომელიც თავიდან ძალიან ცუდად „წავიდა“, რადგან ამის გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ 2012 წლიდან მილები იცვლება, 2013 წელს ფოთში წყალი დღე-ღამეში 15 საათი იქნება, 2015 წელს ჩვენ გადავალთ 24-საათიან წყალმომარაგებაზე.
რაც შეეხება გაზიფიკაციას - 2011 წლამდე ფოთში ბუნებრივი აირის მიწოდების თემა საერთოდ არ არსებობდა. შემდეგ დავიწყეთ ამერიკელების პროგრამის განხორციელება, რომელიც მათ მე პირადად ვთხოვე და აქ მაღალი წნევის გაზსადენი ავაშენეთ. ასე რომ, ფოთში გაზი შემოსულია, ახლა მთავარი პრობლემაა, როგორ შევიყვანოთ ისინი ოჯახებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აუცილებელია მოქალაქეებს ბუნებრივი აირის საცხოვრებელ სახლებამდე მიყვანისთვის განვადების შესაძლებლობა მიეცეთ.
პრეზიდენტის აზრით, ქალაქის მოწყობის კუთხით რაღაცები კეთდება, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც დასაქმებაა. ამ მხრივ კი ძირითადი ლოკომოტივის ფუნქცია სწორედ რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას უნდა შეესრულებინა, მაგრამ ხალხის დასაქმებას ვინ ჩივის, თიზ-ის მმართველებს „ზონაში შესვლა“ თავადაც აღარ უნდათ.
რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთის ინდუსტრიულ ზონის მენეჯმენტში ირანული კომპანიის შესვლა აღარ განიხილება. თიზ-ის წარმომადგენლის სოსო ნიბლაძის თქმით, მოლაპარაკებები ირანულ მხარესთან იყო, თუმცა ამ დროისთვის ამაზე საუბარი აღარ არის. მართალია, ინდუსტრიული ზონა ღიაა ინვესტორების შემოთავაზებებისთვის, მაგრამ ამ დროისთვის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან მოლაპარაკებები არ არის და ზონის განვითარებას არსებული მენეჯმენტი საკუთარი ძალებით ახდენს.
ასე რომ, ფოთის თიზ-ის შექმნიდან 5 წლისთავზე მისი გაუქმების პერსპექტივები უფრო აშკარაა, ვიდრე ამოქმედებისა. ინდუსტრიული ზონის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი 2007 წელს გამოვიდა, თუმცა მას შემდეგ ინდუსტრიული ზონის მენეჯმენტი არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო ხელისუფლებამ არაერთხელ გააკრიტიკა.
რამდენიმე თვის წინათ ბოლოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების ტემპებზე უკმაყოფილება პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც გამოთქვა. კერძოდ, გილაურმა შარშანდელ წარუმატებელ პროექტებს შორის ჰიბრიდული სიმინდის პროგრამასთან ერთად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებიც დაასახელა.
საერთოდ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ერთ-ერთ ყველაზე არაეფექტურ პროექტებად სახელდება. მთავრობამ 6 ინდუსტრიული ზონის მშენებლობა დაგეგმა - ქუთაისში ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თითო-თითო თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ფოთში. ამ 6 ინდუსტრიული ზონიდან ნაწილობრივ ქუთაისის ინდუსტრიული ზონა მუშაობს.