ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დიალოგი გამართოს. საპარლამენტო უმრავლესობა მოლაპარაკებებზე თანახმაა, ოღონდ ეს „ულტიმატუმების გარეშე“ უნდა მოხდეს.
ექსპერტების შეფასებით, საარჩევნო გარემო ცუდია, იმიტომ რომ ეს ვიღაცას აწყობს - სავარაუდოდ, ხელისუფლებას. მათივე აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით „გარღვევა“ ნაკლებსავარაუდოა, თუმცა, გარკვეული შედეგი მაინც მოსალოდნელია.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე პოლიტიკური პარტიებმა ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. მათ პარლამენტის თავმჯდომარეს მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების შემუშავებისაკენ მოუწოდეს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ის მზად არის, საარჩევნო საკითხებზე კონსულტაციები გამართოს პოლიტიკურ პარტიებთან. ამ პროცესში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს საპარლამენტო პარტიებმაც.
ჩვენც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და ვთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმოკლეს დროში შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატის შესახებ. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ - „ახალი მემარჯვენეები“, „ეროვნული ფორუმი“, „საქართველოს გზა“, „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“.
8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე წინადადებები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს შეიმუშავა და ხელისუფლებას მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა. რამდენიმე დღის წინ კი, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე პარტიებთან დიალოგის დასაწყებად მზად არის.
თავის მხრივ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მზად არის შეუერთდეს 8 ოპოზიციური პარტიის მიერ შემუშავებულ განცხადებას, საარჩევო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ფრაქციის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმება, რის შემდეგაც უკვე დაიწყება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დეტალური მუშაობა.
გუშინვე საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციასთან დიალოგის დასაწყებად კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა. უმრავლესობას ოპოზიციასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის დასაწყებად, მოსაგვარებელი მხოლოდ ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხებიღა დარჩა.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა, „თუ ოპოზიციამ თავისი ულტიმატუმები მოხსნა, ეს მისასალმებელი ფაქტია“. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, უკვე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სამუშაოს დაწყება, ტექნიკურ და საორგანზაციო საკითხებს უკავშირდება, რაც ადვილად გადასაწყვეტია. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა კი, უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს.
ცისკარიშვილის აზრით, არსებული საარჩევნო კოდექსი უნდა გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს” „ყველა დარწმუნდება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდება“.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებით „პარადოქსული სიტუაცია იქმნება“.
„საარჩევნო გარემო ცუდია იმიტომ, რომ ასეთი გარემო ვიღაცას აწყობს - სავარაუდოდ, ხელისუფლებას, რათა დარჩეს ხელისუფლებაში. მას რომ ამ კუთხით რამის შეცვლა სურდეს, საკუთარი ინიციატივითაც შეცლიდა. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან მისთვის შეთავაზებული შესაბამისი წინადადება ცოტა პარადოქსულ სიტუაციას ქმნის.
არა მგონია, ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის მხოლოდ ეს ინიციატივა იყოს საკმარისი. მიმაჩნია, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ან ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებრიობის უფრო აქტიური ჩარევით, ან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უნდა მოხდეს“, - განუცხადა საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" ოპოზიციური პარტიების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილს კიდევ ერთხელ აფიქსირებენ.
აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტოლოგი იმასაც განმარტავს, რომ ხელისუფლება ასე ადვილად, მარტო იმიტომ, რომ ოპოზიცია ინიციატივით გამოვიდა, არ შეცვლის იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც მან საარჩევნო გარემო საკუთარ თავზე მოირგო.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებით ოპოზიციურმა ძალებმა „ტაქტიკურ სვლას“ მიმართეს.
„ეს მათი მხრიდან ტაქტიკური სვლაა. თუ მოლაპარაკებები არ დაიწყება, ან ის უშედეგოდ დასრულდება, ამას ე.წ. რადიკალური ოპოზიციის რეიტინგის გაზრდა მოჰყვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებასთან დიალოგთან დაკავშირებით პოლიტიკური უმცირესობის დამოკიდებულებაც შეიცვალა. ახლა ისინი მზად არიან მასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ეს გარკვეულწილად იმითაცაა განპირობებული, რომ საკრებულოში უკვე თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური ძალაა წარმოდგენილი.
მათ ნახეს ეშხი იმისა, თუ რას ნიშნავს საკრებულოში დისკუსია, ამასთან საზოგადოებისთვის მათი პოზიცია ახლა უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ისინი ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ დღეს საკრებულოს სხდომები უფრო ყურებადი და საინტერესოა, ვიდრე საპარლამენტო სესიები“, - განუცხადა სოსო ცინცაძემ „ჯი-ეიჩ-ენს“.
აღნიშნულის პარალელურად, პოლიტოლოგი იმასაც აცხადებს, რომ პიარტექნოლოგიის ანბანიდან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დახვეწის საკითხზე მოლაპარაკებების დადებითად დასრულება ხელისუფლების ინტერესებშიც შედის.
„ამით ხელისუფლება დაუმტკიცებს, როგორც პოლიტიკურ უმცირესობას, ისე მთლიანად საზოგადოებრიობასაც, რომ დიალოგი ყოველთვის ჯობია მასთან დაპირისპირებას“, - განმარტა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში სავარაუდო შედეგს, ცინცაძის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით „გარღვევა“ ნაკლებსავარაუდოა, თუმცა ფიქრობს, რომ მას „რაღაც შედეგი აუცილებლად მოჰყვება“.
„ეჭვი არ მეპარება, რომ რაღაც შედეგი იქნება, თუმცა ვერ გეტყვით, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გარღვევა მოხდება და ის ისე შეიცვლება, რომ გასაუმჯობესებელი არაფერი დარჩება“, - განმარტავს პოლიტოლოგი.