ვაშინგტონი მსო–ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთს და საქართველოს შორის შუამავალი არ იქნება

ვაშინგტონი მსო–ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთს და საქართველოს შორის შუამავალი არ იქნება

ობამას ადმინისტრაცია ყოველმხრივ აქებს მის წარმატებებს მოსკოვთან მოლაპარაკებებში ამ უკანასკნელის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებაზე. მაგრამ თეთრი სახლი არ პირებს რუსეთს ამ გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმაროს. ეს დაბრკოლება საქართველოა.

ეროვნული ეკონომიკური საბჭოს თამჯდომარე ლარი სამერსი გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ „დასასრულს უახლოვდება“ აშშ–ს და რუსეთის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მოუგვარებელ ორმხრივ საკითხებზე, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ მოსკოვის ქმედებებზე. სამერსმა ისიც განმარტა, თუ რატომ შეესაბამება ამერიკულ ინტერესებს რუსეთის მსო–ში გაწევრიანება.  

„ამ ბაზრის პოტენციალი ამერიკული ბიზნესისთვის უზარმაზარია… და ეს მნიშნელოვანია პრეზიდენტ ობამას ამოცანის (მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ექსპორტის მოცულობა გაორმაგდეს) მისაღწევად“.

მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოუხსნა აშშ–ს პრობლემა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თაობაზე, გადაწყვიტა ქათმის ხორცის ექსპორტის საკითხები და ასე შემდეგ, მას მოუწევს გადაწყვეტა – წავიდეს თუ არა საქართველოსთან დათმობებზე. 2008 წელს ამ ორ ქვეყანას შორის ხანმოკლე ომი იყო, და რუსეთს საკუთარი არმია საქართველოდან დღემდე არ გაჰყავს.

შესაძლოა, ქართველები იმას ელოდნენ, რომ ობამას ადმინისტრაცია მათ ისეთი მიმზიდველი წინადადებით მიმართავდა, რომ ისინი რუსეთის მსო–ში გაწევრიანებას დათანხმებოდნენ. რუსეთის ამ ორგანიზაციაში მიღება შეიძლება ნებისმიერმა მისმა წევრმა დაბლოკოს, და საქართველო ამ თვალსაზრისით მთავარი კანდიდატია. შესაძლოა, რუსეთი ელოდა, რომ ვაშინგტონი საქართველოზე ზეწოლას მოახდენდა, რომ ამ უკანასკნელს მისი პრეტენზიები გაეუქმებინა. ადმინისტრაციის ერთ–ერთმა მაღალჩინოსანმა The Cable–ს განუცხადა, რომ მხარეებს ასეთი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ვაშინგტონი ამ საკითხებში ჩარევას არ გეგმავს.  

„ეს რუსეთ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხია; ეს სამმხრივი საკითხი არ არის, რომელიც ჩვენ რაიმენაირად უნდა მოვაგვაროთ“, – თქვა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ ობამას გუნდი არ აპირებს ამ საკითხის გამო საქართველოზე ზეწოლას, და თბილისს არც მათრახს და არც თაფლაკვერას არ შესთავზებს. 

„ხალხი, რატომღაც ფიქრობს, რომ ჩვენ შუამავლის როლი უნდა ვითამაშოთ რუსებს და ქართველებს შორის. მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის“, – ამბობს იგი.

ობამას ადმინისტრაციის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საეჭვოა რუსეთი მსო–ს წევრი გახდეს, თუკი ის ვერ შეძლებს საქართველოსთან საბაზისო სასაზღვრო და საბაჟო პრობლემების გადაწყვეტას.  

„ეს რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე უნდა მოხდეს, – თქვა მან – და რადგან მსო–ში გაწევრიანება რუსეთს სურს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მან მოლაპარაკებების დასაწყებად გზა თავად უნდა გამონახოს“. 

რა სურს რუსეთისგან საქართველოს? ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა The Cable–თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა: „საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას რამდენიმე პირობით. მთავარი წინაპირობა – 2004 წელს გაწევრიანებაზე ჩვენი ორმხრივი მოლაპარაკებების დროს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაა, ასევე საქართველო–რუსეთის საზღვარზე საბაჟო ადმინისტრირების საკითხების გადაწყვეტა. დაურეგულირებელი და უკანონო ვაჭრობა, რომელსაც ადგილი აქვს დღეს, მსო–ს წესებს ეწინააღმდეგება. რუსეთი შეიძლება გახდეს ამ წესებზე დაფუძნებული ორგანიზაციის წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის სავაჭრო წესებს დაიცავს“.

რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა „ქართულ–რუსული საზღვრის“ განმარტებაშია. თუკი თქვენ საქართველო ხართ, მაშინ თქვენთვის ეს საზღვარი არის რუსეთს და იმას შორის, რასაც ობამას ადმინისტრაცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ოკუპირებულ“ ქართულ ტერიტორიებს უწოდებს.

ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამ მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევა კომპრომისზე წასვლით არის შესაძლებელი. ატლანტიკური საბჭოს უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის დირექტორმა დეიმონ უილსონმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე შეიძლება გარკვეული საერთაშორისო ძალა დადგეს, როგორც ეს დნესტრისპირეთშია, რომელიც მოლდავეთის და უკრაინის საზღვარზე მდებარე სადავო ტერიტორიაა.

ამავდროულად, ის ეთანხმება ობამას ადმინისტრაციას იმაში, რომ რუსულ–ქართული პრობლემების შერბილება, რაც რუსეთს მსო–ში გაწევრიანებაში უშლის ხელს, მოსკოვის გამოწვევაა და არა თბილისის. 

„ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დაბრკოლება იქნება. ამიტომ, ქართველები წინასწარ ექცევიან არასასურველ სიტუაციაში“, – აღნიშნავს უილსონი, „მაგრამ საინტერესო ის არის, სურთ თუ არა რუსებს მსო–ში გაწევრიანება, და თუკი სურთ, რის გაკეთებას აპირებენ ისინი?“

“ქართველებს გონივრული პოზიცია უკავიათ და არ ცდილობენ ამ საკითხზე აურზაურის ატეხვას, ესმით რა, რომ მათი გავლენის ხარისხი შეზღუდულია – ამბობს უილსონი – მაგრამ ისინი შეშფოთებულები არიან და ეს სავაჭრო თვალსაზრისით სერიოზული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია. თუკი რუსეთი აპირებს მსო–ში გაწევრიანებას, მას არ შეუძლია თავიდანვე გამონაკლისებით ისარგებლოს. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს არის ის, რომ საქართველოსთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუჯდეს“.  

უილსონის შეხედულებებს ბევრი ვაშინგტონელი ექსპერტი იზიარებს და სვამენ კითხვას: ვის უფრო მეტად სურს მსო–ში გაწევრიანება – ობამას ადმინისტრაციას თუ თავად რუსეთს? ბოლოს და ბოლოს აშშ–სთვის იმ ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, რომელიც სომერსმა ახსენა, რუსეთის მსო–ში წევრობა ის შედეგია, რომლის წარმატებად წარმოჩენაც ობამას მისი „გადატვირთვის“ პოლიტიკის ფარგლებში სურს.  

„რუსებმა რაღაც უნდა გადაწყვიტონ, – ამბობს დევიდ კრამერი, რომელიც ადრე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მუშაობდა – რუსებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ქართველებთან ერთად ამ პრობლემაზე მუშაობა, თუ მათთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაბრკოლებად წარმოაჩინონ“.

კრამერმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებს, განაცხადა, რომ ამ საკითხში ადმინისტრაციამ სწორი პოზიცია დაიკავა, როდესაც ამ საკითხების დარეგულირების ვალდებულება საქართველოს და რუსეთს აშშ–ს შუამავლობის გარეშე დააკისრა.

„რა თქმა უნდა, ადმინისტრაცია ცდილობს რაღაც ქულები დააგროვოს რუსეთთან გადატვირთვის საკითხებზე, მაგრამ ბუშის ადმინისტრაციაც იგივეს აკეთებდა, დღეს რომ ხელისუფლებაში ბუში იყოს, ჩვენ ზუსტად ასევე ვიმუშავებდით განიარაღების ხელშეკრულებასა და მსო–ს საკითხებზე“, – ამბობს კრამერი.  

ამავდროულად, კაპიტოლიუმის ბორცვზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მსო–ში გაწევრიანებაზე რუსეთის მხარდაჭერა კონგრესში იმდენად გარანტირებულიც არ არის, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. კონგრესმა უნდა გააუქმოს 35 წლის განმავლობაში მოქმედი ჯექსონ–ვენიკის კანონი, რომელიც იმ დროს საბჭოთა ემიგრანტების მხარდაჭერით მიიღეს. დღევანდელი სახით კანონი ხელს უშლის აშშ–ს იმაში, რომ რუსეთს მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსი მინიჭოს. 

„რუსეთი არ იქნება ვალდებული აშშ–ს წინაშე შეასრულოს, მსო–ში გაწევრიანებაზე მიმდინარე ორმხრივი მოლაპარაკებების დროს შეთანხმებული ვალდებულებები, ხოლო აშშ–ს არ ექნება საშუალება ამ ორგანიზაციის დავების მოგვარებასთან დაკავშირებული მექანიზმი გამოიყენოს“, – ამბობს “ამერიკული პროგრესის ცენტრის” თანამშრომელი სემუელ ჩარაპი.  

მართალია, საბჭოთა ემიგრაციის პრობლემები აღარ არსებობს, თუმცა კონგრესი, მასში რესპუბლიკელების მხრიდან, კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებით მთელ რიგ საკითხებზე შეშფოთებულები არიან, შეიძლება ჯექსონ–ვენიკის შესწორების გაუქმებას შეეწინააღმდეგოს.

თუკი თვალს გადავავლებთ კონგრესის მომავალ შემადგენლობას (რაც შემდეგ კვირას გაირკვევა), შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაციის არგუმენტების მხარდასაჭერად იქ არცთუ შესაფერისი გარემოა. ამიტომ, იმისთვის, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიონ, ადმინისტრაციას და მის მხარდამჭერბს კონგრესში, სერიოზული ძალისხმევა დასჭირდებათ“, – განაცხადა კონგრესის ძველი პარტიის ერთ–ერთმა მაღალჩინოსანმა.
Foreignpress.ge