საქართველოს პრეზიდენტი ბანკების მიმართ უპრეცედენტოდ მწვავე განცხადებას აკეთებს და მათ ღიად ადანაშაულებს ადამიანების დიდი ჯგუფის გაღატაკებაში. ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გახსნაზე ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში სერიოზული ანტისაბანკო განწყობის ჩამოყალიბების საფრთხე არსებობს.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც ბანკების მიერ ბინების წართმევის შედეგად ქუჩაში დარჩნენ. ამიტომ ბანკებს იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
"ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ 2 და 3 ოთახიანი ბინები, ბანკებმა წაართვეს და დარჩნენ ქუჩაში. ვიღებთ ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს, რომლებიც თქვენს მიერ არის გაღატაკებული და განადგურების პირას მისული და ნუ ვიტყვით იმას, რომ მათ თავად გააკეთეს ეს არჩევანი. ნუ გააკეთებთ იმას, რომ დამშეული, გაღატაკებული, განადგურებული ადამიანების მთელი კლასი მიიღოთ. გუშინ ოჯახი ვნახე, რომელსაც ბანკმა ბინა ჩამოართვა. ამ ოჯახის 12 წევრი თავშესაფრის უქონლობის გამო 7 ადგილზეა გადანაწილებული. გაფრთხილებთ, იყავით ძალიან ფრთხილად, რადგან მიიღებთ ძალიან სერიოზულ ანტისაბანკო განწყობას საქართველოში. ნუ დახარბდებით ასეთ პატარა შემოსავლებს, რადგან ამას სოციალური უკუეფექტი ექნება. კლასობრივ შუღლს გავაჩენთ, რადგან არ შეიძლება, სხვისი უკიდურესი გაღატაკებით ვინმემ ფული გააკეთოს", - მიმართა პრეზიდენტმა ცენტრის გახსნაზე შეკრებილ ბანკირებს.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბანკებში „ძალიან მაღალი გადასახადებია“ და საჭიროა ერთად მუშაობა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კრედიტები ხელმისაწვდომი იყოს.
იმის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რომ ხელისუფლება ბანკებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობის გამწვავებამ შეაშფოთა, იყო ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის ქობულეთში ჩასვლა, სადაც მოსახლეობა ბანკების მიმართ არსებული დავალიანების გამო გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას.
კურორტის მოსახლეობამ საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობისთვის კრედიტები 2008 წელს აიღო, ომის შედეგად სეზონის ჩავარდნის გამო კი ნაწილმა თანხის დაბრუნება ვერ შეძლო, რის გამოც საცხოვრებლის დაკარგვა ემუქრებათ. პერმანენტული აქციების შემდეგ, პრეზიდენტის დავალებით, ქობულეთში ფინანსთა მინისტრი ჩავიდა და მოსახლეობას პრობლემის გაცნობას დაპირდა. მან ქობულეთიდან ბანკების 300 პრობლემური კლიენტის სია წამოიღო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება ბანკებსა და კლიენტებს შორის არსებულ დავას თავად სწავლობს.
თუმცა ეს ბანკებისადმი კლიენტების უკმაყოფილების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ქობულეთის მსგავსად ბანკებთან პრობლემები კახელ გლეხებსაც შეექმნათ: დედოფლისწყაროს რაიონში გლეხებს მიწების დამუშავების და პროდუქციის მოსაყვანად სესხები ბანკებიდან ჰქონდათ გამოტანილი, რომელთა გადახდასაც ზარალის გამო ვეღარ ახერხებენ და უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.
ქართული საბანკო სისტემისთვის ერთგვარი გამოცდა იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.
გამოცემა „სტრატეგია და ორგანიზაცია“ ქართული ბანკების მოქმედებას ომის პერიოდში ასე აფასებს: „პირველი და ყველაზე დაუნდობელი ნაბიჯი, რომელიც ბანკებმა (გარდა ერთი თუ ორი პატარა ბანკისა) ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყების დღესვე გადადგეს, ოვერდრაფტის ლიმიტების გაუქმება იყო. ასიათასობით ადამიანი, რომელიც იმ დღეს ბანკომატთან მივიდა, დადგა მათთვის მოულოდნელი რეალობის წინაშე, ბანკებმა გაიმეტეს კლიენტები ფულის გარეშე დასატოვებლად მათთვის ერთ-ერთ ყველაზე გაურკვეველ და საშიშ სიტუაციაში.“
თუმცა იმ პირობებში, როდესაც ბანკებიდან ანაბრების გადინება დაიწყო, ექსპერტების ნაწილი ბანკების ამ ნაბიჯს აუცილებლობად მიიჩნევს და ქვეყნის საბანკო სისტემის შენარჩუნებას სწორედ იმ დღეებში მიღებულ მკაცრ გადაწყვეტილებას უკავშირებს, მით უფრო, რომ ხელშეკრულება ფორს მაჟორულ სიტუაციაში მსგავსი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.
ცნობისთვის: აგვისტო-სექტემბერში ბანკებიდან 300 მილიონ ლარზე მეტი თანხა იქნა გატანილი. ექსპერტ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქართველ ბიზნესმენებს ნაკლებად ესმით, რომ მათი წარმატებისათვის მთავარი პარტნიორი საზოგადოებაა. მისი თქმით, აგვისტოს ომის დღეებშიც კი ზოგიერთი კომერციული ბანკის წარმომადგენლები ომში მონაწილე ჯარისკაცებს ურეკავდა და აფრთხილებდა, რომ სესხის ყოველთვიური შესატანი თანხა უნდა დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებოდნენ.
მართალია, ომის შემდეგ ბანკებმა ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს სესხების რესტრუქტურიზაცია გაუკეთეს, მაგრამ ეს ბანკის ინტერესებში უფრო შედიოდა, რადგან სხვა შემთხვევაში ამ ფულის ამოღების შანსი არ ჰქონდათ. ამასთან ბანკები რესტრუქტურიზაციას კლიენტებს ფორსმაჟორის გარეშეც უკეთებენ.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქართული ბიზნესი ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ მას მაგალითად ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება უფრო აღელვებს, ვიდრე სოლიდარობის აქციები. მისი პროგნოზით, პრეზიდენტის მწვავე განცხადებების შემდეგ ბანკები კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებს მცირედით შეამცირებენ, რაც დადებითი მოვლენა იქნება, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, თუმცა, აბაშიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ქართული ბანკები საზოგადოებისადმი სოლიდარობის გამოსაჩენად ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი ხელისუფლების მოწოდებებს ელოდებიან.