ლარის გამყარება წლის ბოლოდმე გაგრძელდება

ლარის გამყარება წლის ბოლოდმე გაგრძელდება

ეროვნული ბანკი ინფლაციის შესაჩერებლად ლარის გამყარებას განაგრძობს. ივნისის შემდეგ ლარი 11 პუნქტით გამყარდა და ამჟამად დოლართან მიმართებაში 1,77 ლარს შეადგენს. წლევანდელი გეგმის მიხედვით, წლიური ინფლაცია 6% უნდა ყოფილიყო, მაგრამ სექტემბრის მონაცემებით, ინფლაციამ 9,8% შეადგინა. ეროვნული ბანკი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ ინფლაცია ორნიშნა რიცხვს არ გადასცდეს.

 

ექსპერტებს უჭირთ იმის პროგნოზირება რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი წლის ბოლომდე, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ წლის ბოლომდე ლარი დოლართან მიმართებაში 1,75-1,8 ლარის ფარგლებში იმერყევებს.

 

მიუხედავად ეროვნული ბანკის მცდელობისა, პროდუქტის გაძვირების ბოლომდე შეჩერება მაინც ვერ ხერხდება. წინასწარი მონაცემებით კი, ოქტომბერში ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს უკვე გადააბიჯა.

 

ექსპერტები კურსის გამყარების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.  ერთია, ის რომ მსოფლიოში დოლარი ევროსთან მიმართებაში ეცემა, მეორე კი - ინფლაციის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ გაზარდა - პირველად 16 ივნისს 6,25%-მდე, მეორედ - 21 ივლისს 6,50%-მდე, მესამედ - 15 სექტემბერს 7%-მდე. წლის მეორე ნახევარში ბაზრიდან 41 მილიონი დოლარი ამოიღო, გარდა ამისა ბოლო პერიოდში გახშირებული დაჯარიმებებისა და საპროცესო გარიგებების გამო ლარზე მოთხოვნა გაიზარდა.

 

ეროვნული ბანკში აღნიშნავენ, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გარე ფაქტორების შედეგია და მასზე მონეტარული პოლიტიკის გავლენა შეზღუდულია.

 

„თუმცა საბაზო ინფლაციის დინამიკა ინფლაციური მოლოდინის მატებაზე მიუთითებს, რის გამოც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება“, - აღნიშნავენ ეროვნული ბანკში.

 

სებ-ი კურსის გამყარებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. „საშუალოვადიან პერიოდში კურსი ხან გამყარდება, ხანაც გაუფასურდება. მსგავსი მერყეობები დამახასიათებელია სავალუტო ბაზრისათვის და ამაში უჩვეულო არაფერია. ბოლო დღეებში მუდმივად მყარდებოდა კურსი, რამაც ბაზარზე გამყარების მოლოდინი შექმნა.  შედეგად უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შემცირდა და გამყარებაზე მიმართული წნეხი გაზარდა“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

 

ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ლარის გამყარება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის დაგეგმილ პარამეტრებში უნდა ჩაეტიოს.

 

„ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასების ინდიკატორი ინფლაციის მაჩვენებელია, რომელიც კრიტიკულ ზღვარს გასცდა და წინა წელთან შედარებით, ორნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა. ეროვნულმა ბანკმა კი ყველა ბერკეტი და საშუალება უნდა გამოიყენოს, რომ ფასების ზრდა შეაჩეროს“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

 

ლარის გაუფასურება მაისიდან დაიწყო, თუმცა მასშტაბური ვარდნა არჩევნების შემდეგ განხორციელდა. ლარი ყოველდღე უფასურდებოდა, 22 ივნისს კი რამდენიმეწლიანი რეკორდი მოიხსნა და 1 დოლარის ღირებულებამ 1,89 ლარს მიაღწია. ექსპერტების განცხადებით, კურსის კორექტრება დაიწყო აპრილში, როდესაც კომერციული ბანკების ანგარიშებზე უცხოური ვალუტის ნაშთების შემცირება აღინიშნა.

 

ეროვნული ბანკის, ფინანსთა მინისტრისა და მთელი მთავრობის პოზიცია ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ მსოფლიოში დოლარი ევროსთან მიმართებაში მყარდებოდა. ეს პოზიცია ბევრ ექსპერტს ღიმილსაც კი გვრიდა.

 

ექსპერტის, შოთა მურღულიას განცხადებით, ის რომ სხვა ქვეყანაში გარკვეული ვალუტა დოლართან მიმართებაში მყარდება თუ უფასურდება, ამან ლარის გაუფასურებაზი პირდაპირი გავლენა არ უნდა მოახდინოს, თუმცა შეიძლება ირიბი ეფექტი ჰქონდეს. იგი აღნიშნავს, რომ ლარის გამყარების მიზეზების ძიება საერთაშორისო ბირჟებზე არასწორია, რადგან კურსის კორექტირება მოთხოვნა მიწოდების ფაქტორის გათვალისწინებით ხდება. მურღულიას თქმით, როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო, დოლარიზაციის კოეფიციენტი მაღალი იყო.

 

„კურსი ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე კორექტირდება. ის, რომ რომელიმე ქვეყანაში დოლარი ევროსთან მყარდება ან პირიქით, ეს პროცესი, მით უმეტეს ქართულ ბაზარზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს. ლარის გაუფასურებას პროდუქტის გაძვირება მოჰყვა, თუმცა ამჟამად რამდენად სამართლიანად ეს მეორე საკითხია. ლარი გამყარდა და თუ ადრე გაძვირება სამართლიანად მოხდა, ახლა პროდუქტი უნდა გაიაფებულიყო, თუმცა ეს არ შეგვიმჩნევია“, - ამბობს შოთა მურღულია.

 

ექპერტი ემზარ ჯგერენაია ლარის გამყარების 3 მიზეზს ასახელებს - რეფინანსირების პროცენტის გაზრდას, ამჯარად ევროს გამყარებას და საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას.

 

„ბოლო რამდენიმე კვირაა ევრო დოლართან მიმართებაში მყარდება, ბუნებრივია, ლარის გამყარებაზე ეს პროცესიც მოქმედებს, გარდა ამისა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების პროცენტი გაზარდა და ლარი გააძვირა, მესამე მომენტია ის, რომ საქართველოში გარკვეული ოდენობის ინვესტიცია შემოვიდა“, - ამბობს ჯგერენაია.

 

თუმცა, სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით წელევანდელი წელი შარშანდელს არაფრით ჯობს.

ასე რომ, ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ისე არ მიწევს წინ, რომ რამდენიმე თვეში ლარის კურსის 11 პუნქტით გამყარება გამოიწვიოს. ლარის გამყარების უმთავრესი მიზანია ინფლაციის შეჩერება.