კომპანიამ International Data Corporation (IDC) გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც მოცემულია 2012-2016 წლებში მობილური ტელეფონების ბაზრის პერსპექტივების პროგნოზი. კვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წელს მობილური ტელეფონების ბაზარი მხოლოდ 4 პროცენტით გაიზრდება, რაც 2009 წლის შემდეგ დაფიქსირებული ზრდის მინიმალური მაჩვენებლია. ბაზრის ზრდის ტემპის შენელების მიზეზი ზოგადი არასახარბიელი ეკონომიკური სიტუაცია და ე.წ. feature phone-ის (მინიმალური ფუნქციების მქონე, ანუ, უბრალო ტელეფონი) გაყიდვების მკვეთრი კლება იქნება.
IDC-ის პროგნოზის მიხედვით, წელს მსოფლიოში 1,8 მილიარდამდე მობილური ტელეფონი გაიყიდება. შარშან ეს მაჩვენებელი 1,7 მილიარდი გახლდათ. ხოლო 2016 წლისათვის, როგორც კომპანიის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მობილური ტელეფონების წლიური გაყიდვები უკვე 2,3 მილიარდს მიაღწევს.
ე.წ. უბრალო მობილური ტელეფონების გაყიდვების 10 პროცენტით შემცირების მიზეზი ის გახლავთ, რომ მისი კლიენტურა, აგრეთვე უბრალო ადამიანები შეშფოთებულია გლობალურ ეკონომიკაში არსებული პრობლემებით, უმუშევრობის ზრდით და ტელეფონის განახლება დიდად არ ეხალისებათ. თუმცა, გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, უბრალო ტელეფონებზე მიმდინარე წელს მთლიანი ბაზრის უდიდესი წილი, 61,6 პროცენტი მოვა.
სამაგიეროდ, 38,8 პროცენტით, 700 მილიონამდე გაიზრდება წელს სმარტფონების ბაზარი. ამის მიზეზი საშუალო ფასების კლება, ასორტიმენტის ზრდა და მომწოდებელთა მიერ ათასგვარი აქციების შეთავაზება იქნება. რაც მთავარია, სმარტფონების ბაზრის საფუძველი კვლავ იქნება მუდმივად განახლებადი ოპერაციული სისტემა. ამ მხრივ, მთელ ხუთწლიან პერიოდში პირველობას შეინარჩუნებს Android. სხვა ოპერაციული სისტემები კი გააფართოვებენ პარტნიორობას მობილურ ოპერატონებთან (Apple), ან კიდევ ერთგვარ გარდამავალ პერიოდში იქნებიან (BlackBerry და Windows Phone/Windows Mobile). მავანთა მზე კი ჩაესვენება (Simbian). აქვე უნდა ითქვას, რომ ანალიტიკოსები მოუთმენლად ელიან Facebook-ის მიერ სმარტფონის გამოშვებას და მას და Google-ის სმარტფონს უახლოეს ხუთ წელში პოზიციების მნიშვნელოვნად გამყარებას უწინასწარმეტყველებენ.
უნდა ითქვას, რომ IDC-ის ანალიტიკოსთა აზრით, უახლოეს ხუთ წელში სულ უფრო მეტი მობილურის მწარმოებელი კომპანია დანერგავს Google-ის ოპერაციულ სისტემას. მაგრამ წამყვან პოზიციაზე, როგორც აღვნიშვეთ, Android-ის ოპერაციული სისტემა იქნება, რომლიც საბაზრო წილი პიკს მიმდინარე წელს მიაღწევს. IDC-ის ექსპერტთა აზრით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში Android-ის ზრდის დინამიკა სულ უფრო და უფრო იქნება დამოკიდებული Samsung-ის სმარტფონების გაყიდვაზე.
სისტემა iOS კვლავ პოპულარული იქნება ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ევროპასა და ჩინეთში, რაც iPhone 4S-ის წყალობით მოხდება. ანალიტიკოსები ძალიან საინტერესო დაპირისპირებას ელიან Android-ს და iOS-ს შორის იმ ქვეყნების ბაზრებზე, რომლებიც ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და სწორედ უახლოეს ხუთ წელში უნდა ჩამოყალიბდეს.
მართალია, Android-ს და iOS-ს ვერ შეერკინება, მაგრამ Windows Phone 7 და Windows Mobile საკმაოდ ნორმალურ ვითარებაში იქნება, რასაც ამ ოპერაციული სისტემების მთავარი მომხმარებლის, Nokia-ს მყარი პოზიციები განაპირობებს. ამ უკანასკნელს საქმე განსაკუთრებით კარგად განვითარებად ბაზრებზე მისდის, სადაც გამოიყენებენ კიდეც Microsoft-ის საოპერაციო სისტემებს მასიურად.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას Research In Motion (RIM) საქმე არცთუ კარგად მისდის, ბაზარზე მაინც რჩება BlackBerry-ის და მისი საოპერაციო სისტემებისათვის საკმაოდ სოლიდური ადგილი. მაგრამ, ანალიტიკოსთა აზრით, უახლოეს ხუთ წელში BlackBerry-ის საოპერაციო სისტემას მისი მთავარი კონკურენტები თანდათანობით უკან ჩამოიტოვებენ.
Symbian-ის საოპერაციო სისტემის გარდაცვალების დრო რომ მოახლოვდა, ჯერ კიდევ შარშან გახდა ცნობილი, როცა Nokia-მ განაცხადა, რომ მასზე უარს ამბობს და ყველა თავის სმარტფონს Windows Mobile-ს საოპერაციო სისტემით გამოუშვებს. სავარაუდოდ, 2014 წლიდან Symbian-ის საოპერაციო სისტემით აღჭურვილი არც ერთი სმარტფონი ბაზარზე აღარ გამოჩნდება. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ კი Windows Mobile-ს Windows Phone 7 ჩაენაცვლება. ამ განახლების გარეშე Nokia-ს და Microsoft-ს ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.