განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხელისუფლება ძალიან ბევრს ლაპარაკობს ქვეყანაში დამარცხებულ კორუფციაზე და ამ მხრივ წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე. მართალია, პოლიცია ქუჩაში 2 ლარიან ქრთამს აღარ იღებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ბიუჯეტიდან მილიარდობით ლარი იკარგა. ეს კი, ექსპერტთა თქმით, მხოლოდ ელიტარული კორუფციით არის შესაძლებელი.
ამის ძალიან კარგი მაგალითი კი არის ამერიკა-საქართველოს შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მონაცემები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ამერიკას განსხვავებულად აქვს დაფიქსირებული. ქართული მხარე ექსპორტთანაც და იმპორტთანაც დაკავშირებით იმის ნახევარს უჩვენებს, რაც ამერიკის ოფიციალური მონაცემებით არსებობს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა, შალვა მექვაბიშვილმა კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევაში მოცემულია საქართველო-აშშ-ის შორის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში არსებული განსხვავებები, რის შედეგადაც, მექვაბიშვილის ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი „ჩრდილში“ ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს.
კვლევის ავტორის მონაცემებით, 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში, აშშ-ის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%; 2005 წელს - 57,5%; 2006 წელს - 49%; 2007 წელს - 38,8%; 2008 წელს - 42%; 2009 წელს - 38%; 2010 წელს - 27,2%; 2011 წელს - 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში - 46,5%.
მექვაბიშვილის ინფორმაციით, აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდში, ამერიკის მონაცემებით შეადგინა 3008,7 მილიონი დოლარი, იმავე პერიოდში საქართველოს მონაცემებით კი - 1662,4 მლნ დოლარი. საქართველომ დააფიქსირა 1346,3 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 55,3%.
„სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში მარტო გადასახადების სახით დაკარგა მინიმუმ მილიარდი ლარი აშშ-დან შემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის, ანუ კონტრაბანდის ან ნაკლებ ღირებულებად განბაჟების გამო“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.
მისივე ცნობით, 2011 წელს ხორცის (მათ შორის ქათმის) ბიზნესში ჩრდილში იყო მოქცეული აშშ-დან შემოსული პროდუქციის 66,5%, ლეგალიზებული იყო 33,5%; ნავთობპროდუქტების ბიზნესში ჩრდილში იყო მოქცეული 98,6%, ლეგალიზებული იყო 1,4%; ალკოჰოლურ სასმელებში ჩრდილში იყო მოქცეული 89,2%, ლეგალიზებული იყო 10,8%; ბრინჯის ბიზნესში ჩრდილში იყო მოქცეული 87,0%, ლეგალიზებული იყო 13,0%.
მისივე შეფასებით, აღნიშნული მიუთითებს ჩრდილოვანი ეკონომიკისა და ელიტური კორუფციის დიდ მასშტაბებზე, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, პირველ რიგში, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პოლიტიკური ნება; საბიუჯეტო შემოსავლებისა დახარჯების გამჭვირვალობა და მათზე უმკაცრესი კონტროლის დაწესება, განსაკუთრებით, საზოგადოების მხრიდან; სწორი საკადრო პოლიტიკის გატარება (საზოგადოებრივი კონტროლის დაწესებით); სტატისტიკური აღრიცხვისა და საგადასახადო შემოსავლების გამჭვირვალობა და საგადასახადო კოდექსში მონაცემთა საიდუმლოების გაუქმება; ეკონომიკის ყველა სექტორის დემონოპოლიზაცია.
მან წარმოადგინა რევოლუციის შემდგომი პერიოდის მონაცემები და ყოველ წელს ანალოგიური ტენდენციაა, განსხვავების მეტ-ნაკლები რაოდენობით. საერთო ჯამში კი, საქართველო მთლიანი სავაჭრო ბრუნვის იმის ნახევარს აფიქსირებს, რაც ამერიკულ მხარეს აქვს დაფიქსირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში გარკვეული შემოსავლები დაიმალა და ეს თანხა, უხეში გათვლებით, მილიარდ დოლარსაც კი აჭარბებს.
სწორედ ამიტომ, ექსპერტები ამ ფაქტს ელიტურ კორუფციას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ამაზე ხელისუფლებამ განმარტებები უნდა გააკეთოს და აუცილებელია, რომ საქმეში ამერიკული მხარეც ჩაერთოს.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავა შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ
ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მაქინაციები აქვს.
„კვლევა ეხება 2004-2012 წლებს, ანუ იმ სასიქადულო წლებს, როდესაც ქვეყანაში წარმატებით იყო დაძლეული კორუფცია“, - აღნიშნა პაპავამ და განაცხადა, რომ კორუფცია მართლაც იყო წარმატებით დაძლეული წვრილმან მექრთამეობასთან დაკავშირებით, მაგრამ კვლევაში ნაჩვენები სქემები ადასტურებს გარკვეული ელიტარული კორუფციის არსებობას, რომლის დროსაც საგარეო ვაჭრობაში საკმაოდ განსხვავებული მაჩვენებლები ფიქსირდება.
აღნიშნულ ინფორმაციას შემაშფოთებელს უწოდებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც.
მისი თქმით, თუ ეს ყველაფერი რეალობის შესაბამისია, მაშინ ორივე მხარემ თავი ვალდებულად უნდა ჩათვალოს, რომ საკუთარ საზოგადოებას მკაფიო პასუხი გასცენ.
„იმის თქმა შემიძლია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე დამატებითი კვლევები ჩატარდეს, ასევე დგას ორმხრივი კომისიის მუშაობის აუცილებლობაც“, - განაცხადა ექსპერტმა.
ექსპერტ რევაზ საყევარიშვილის თქმით კი, ქართული და ამერიკული მხარეების მიერ წარმოდგენელი ციფრები დამაფიქრებელია, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ასეთი ცდომილება რაიმე მეთოდოლოგიით დათვლის ბრალი იყოს.
„ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელზეც, სავარუდოდ, უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან, საუბარია დიდი რაოდენობით აღურიცხავი საქონლის მოძრაობაზე და ბიუჯეტისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვაზე“, - აღნიშნა მან.
საყევარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რათა პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რატომ არის ამხელა ცდომილება აშშ-სა და საქართველოს მონაცემებს შორის.
ხელისუფლების მხრიდან კი ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება.