საშემოსავლო გადასახადის ვითომდა შემცირების კანონპროექტს პარლამენტში გაურკვევლობა შეაქვს. ყოველი შემდგომი განხილვის დროს სხდომაზე მწვავე დებატები იმართება, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. ეკონომიკაზე და ხალხზე მზურნველი მმართველი პარტია ბოლომდე აწვება პირველ ჩვენებას.
„ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ მთავრობის მიერ ინიცირებულმა საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს და კვლავ ოპოზიციური მწვავე კრიტიკის ფონზე.
ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ინიციატივა გაუაზრებელია.
„ეს ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი კანონია. ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ თქვენ ჯერ გადაწყვეტილებებს იღებთ და მერე ფიქრობთ, ხოლო ჩვენ გთავაზობთ კარგად მოვიფიქროთ და მერე გადავწყვიტოთ. ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვა და თავის რეფორმაზე იტყვის - ვის მოუვიდა თავში ასეთი აზრიო“, - განაცხადა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც თვლის, რომ წარმოდგენილი პროექტი იმპულსური გადაწყვეტილებაა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი“ გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ამ დაზოგვის სისტემას მოსახლეობის დაბალი შემოსავლების პირობებში მოქალაქეებისთვის სოციალური ეფექტი არ ექნება.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, შესაძლებელია ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გამოთავისუფლებული 2% უნდა წარიმართოს როგორც ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ასევე საპენსიო დაგროვებაზე, რისთვისაც ჩახვაძე ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის დაწყებას სთავაზობს.
„დამზოგველი” ინიციატივა გულისხმობს 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საშემოვლო გადასახადი 20-დან 18%-მდე შემცირდება, ფიზიკური პირის შემოსავლის გამოთავისუფლებული 2%-ის დანაზოგის სახით დაგროვებას აქტივების მმართველ კომპანიებში, ან ჯანმრთელობის დაზღევაზე წარმართვას სადაზღვევო კომპანიებში.
იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ფულის გადარიცხვაზე უარს იტყვის, თანხა ბიუჯეტში დარჩება. პროექტში გათვალისწინებულია აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები. კერძოდ, ტენდერში მხოლოდ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიები შეძლებენ მონაწილეობას. ამასთანავე, აქტივების მმართველმა კომპანიამ, რომელიც შესაძლოა საქმიანობდეს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მაქსიმალური თანამონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.
ასეთი გრძელვადიანი დაგროვების სისტემა იმთავითვე ძალიან არ მოსწონს ოპოზიციას, რომელიც მისი ინცირების დღიდან აკრიტიკებს მთავრობის შემოთავაზებას. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ თავის დაზოგილ 2%-ს დამზოგველი 15 წელი ვერ გამოიყენებს. იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება მუდმივად დაძაბულია, რა მოხდება 15 ან თუნდაც 2-3 წლის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია. თანაც სამთავრობო კურსის რადიკალურად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა, „დაზოგილი“ თანხა საერთოდაც აორთქლდეს.
დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას აზრით, მთავრობა ცდილობს „მოატყუოს” ხალხი, რადგან მათ საშემოსავლო გადასახადის სახით რეალურად ისევ 20%-ის გადახდა მოუწევთ. 2%-იან შეღავათს ვერც ერთი დაქირავებული ვერ მიიღებს.
მთავრობის წევრთა განცხადებით კი, ინდივიდუალური დაგროვების სისტემის შექმნის მიზანია გრძელვადიანი კრედიტისთვის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საფონდო ბირჟისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.
ყველაზე მეტად გაურკვეველია სად მიიმართება „დაზოგილი” 2%. სავარაუდოდ, იგი ახლადშექმნილი და გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიების ფონდში გადაინაცვლებს. დამზოგველი კი (იგივე დაქირავებული) თავის დანაზოგს მინიმუმ 15 წელი თვალით ვერ ნახავს, ხოლო რა მოხდება 15 წლის შემდეგ, ამას პროგნოზირება შეუძლებელია.